მიმდინარე წლის 27 ნოემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მწვანეთა პარტიის“ ლიდერმა, გიორგი გაჩეჩილაძემ გენმოდიფიცირებული საქონლის კონტროლთან დაკვაშირებულ ქვეყნის იმ ვალდებულებებზე ისაუბრა, რომლებიც მისი თქმით არ სრულდება. „დღეს ოთხი დოკუმენტი, მათ შორის ერთი საერთაშორისო, გვავალდებულებს ამას და ჩვენ მათ ვარღვევთ. ერთი არის კარტახენას ბიოუსაფრთხოების გაეროს ოქმი, რომელიც რატიფიცირებულია 2008 წელს და ვალდებულებას გვაკისრებს, რომ საქართველო გენმოდიფიცირებული პროდუქციისგან დავიცვათ. მეორე გახლავთ 2010 წლის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბრძანება, რომელმაც მოითხოვა, რომ ეტიკეტზე დაიწეროს გენმოდიფიცირებულია თუ არა პროდუქტი, ესეც არ სრულდება. 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მართვის თავში, პირდაპირ წერია, რომ პროგრამების და პრიორიტეტების თვალსაზრისით, გენმოდიფიცირებული თესლებისა და სანერგე მასალების იმპორტი აიკრძალება, სავალდებულო იქნება გენმოდიფიცირებული პროდუქტების მარკირება და ა.შ. ესეც არ შესრულდა. 2013 წლის 30 ივნისს, საქართველოს მთავრობამ მიიღო „გენიალური“ დადგენილება ბიოწარმოების შესახებ, რომელიც გამორიცხავს გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებას“ - განაცხადა „მწვანეთა პარტიის“ ლიდერმა.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, გენმოდიფიცირებული საქონლის კონტროლთან დაკავშირებით, რა საერთაშორისო ვალდებულება და შიდა კანონმდებლობა გააჩნია ქვეყანას და რამდენად ხორციელდება ისინი. ჩვენ გიორგი გაჩეჩილაძის განცხადება გადავამოწმეთ.
საქართველოს პარლამენტმა “ბიომრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენას ოქმის“ რატიფიცირება 2008 წელს მოახდინა. კარტახენას ოქმი2000 წელს ქალაქ მონრეალში მიიღეს, ის ძალაში 2003 წელს შევიდა და ბიოუსაფრთხოების შესახებ საერთაშორისო კონვენციას წარმოადგენს. კარტახენას ოქმი შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავებას, სათანადო ლაბორატორიული ბაზის შექმნას და გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირებას ითვალისწინებს.
კარტახენას ოქმთან მიერთების შემდეგ საქართველოს „გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ შესაბამისი კანონი უნდა მიეღო, მაგრამ პარლამენტს მსგავსი კანონი ჯერ არ მიუღია. ფაქტ-მეტრთან საუბარში გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში მთავრობის სხდომაზე უნდა განიხილონ, რის შემდეგაც ის უკვე პარლამენტს გაეგზავნება.
მეორე დოკუმენტი, რომელზეც გიორგი გაჩეჩილაძე მიუთითებს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 11 დეკემბრის N 2–231ბრძანებაა. აღნიშნული ბრძანების თანახმად, თანამედროვე ბიოტექნოლოგიის გამოყენებით დამზადებული სურსათი, რომლის შემადგენლობაში გენეტიკურად მოდიფიცირებული კომპონენტები სურსათის საერთო მასის 0,9% -ზე მეტია, ეტიკეტზე სავალდებულო აღნიშვნას ექვემდებარება. მიუხედავად არსებული ბრძანებისა, გენმოდიფიცირებული პროდუქტებისთვის სპეციალური ნიშანდების სისტემა არ ხორციელდება. ამის მიზეზი, როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, საქართველოში შესაბამისი ლაბორატორიების არარსებობაა, სადაც სურსათში გენურად მოდიფიცირებული კომპონენტის განსაზღვრა იქნებოდა შესაძლებელი.
ასევე, გიორგი გაჩეჩილაძე „ბიოწარმოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N198 დადგენილებაზესაუბრობს. აღნიშნული დადგენილება ბიომეურნეობის მართვის, ბიოპროდუქტის წარმოების, გადამუშავების, ნიშანდების, ეტიკეტირების, დისტრიბუციის, რეალიზაციის, ასევე ნებაყოფლობითი სერტიფიკაციის წესსა და მასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს განსაზღვრავს. ამ დადგენილების მიხედვით, გარდა ვეტერინარული დანიშნულების სამკურნალო საშუალებებისა, გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ან მათგან მიღებული პროდუქტების გამოყენება იკრძალება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ N198 დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 30 ივნისს მიიღო და ის ძალაში მხოლოდ 2014 წლის 1 იანვრიდან შედის.
2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტისშესახებ კანონში, კერძოდ, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მართვის თავში პრიორიტეტებზე საუბრისას, აღნიშნულია, რომ „აიკრძალება გენმოდიფიცირებული თესლისა და სანერგე მასალის იმპორტი, შემოღებული იქნება გენმოდიფიცირებული მზა პროდუქტების სავალდებულო მარკირება“. აღნიშნული პრიორიტეტების განხორციელება მიმდინარე წელს ვერ/არ მოესწრო.
2012 წლის ბოლოს, საქართველოს მთავრობის ინიციატივით გარემოს დაცვის სამინისტრომ „ცოცხალი მოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონპროექტზემუშაობა დაიწყო, რომელიც საკანონმდებლო დონეზე ბიოუსაფრთხოების დარეგულირებას გულისხმობს. კანონპროექტი კრძალავს საქართველოს ტერიტორიაზე მოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების, თესლებისა და ნერგების შემოტანა/დათესვასა და დანერგვას. კანონპროექტის თანახმად, საბაზრო ქსელში გენმოდიფიცირებული პროდუქტის განთავსება მხოლოდ შესაბამისი ეტიკეტირების შემდეგ იქნება შესაძლებელი. გარემოს დაცვის სამინისტროს განმარტებით, კანონპროექტი მზად არის და მთავრობის სხდომაზე უახლოეს მომავალში გავა და შემდეგ განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება.
აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნული პრიორიტეტები „2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში“გადატანილი.
დასკვნა ზემოთ ჩვენ იმ ოთხ დოკუმენტს შევეხეთ, რომელთა დარღვევაზეც „მწვანეთა პარტიის“ ლიდერი საუბრობს. 2008წელს საქართველო „ბიომრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენას ოქმს“ შეუერთდა. ქართული მხარე ამ საერთაშორისო კონვენციით დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს. კარტახენას ოქმთან მიერთების შემდეგ საქართველოს „გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ შესაბამისი კანონი უნდა მიეღო, მაგრამ საქართველოს პარლამენტს მსგავსი კანონი ჯერ-ჯერობით არ მიუღია. ამასთან, არ გვაქვს შესაბამისი ლაბორატორიული ბაზა და არ ხდება გენმოდიფიცირებული პროდუქტების მარკირება.
სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის N 2–231 ბრძანების თანახმად, თანამედროვე ბიოტექნოლოგიის გამოყენებით დამზადებული სურსათი, რომლის შემადგენლობაში გენმოდიფიცირებული კომპონენტები სურსათის საერთო მასის 0,9% - ზე მეტია, ეტიკეტზე სავალდებულო აღნიშვნას ექვემდებარება. მიუხედავად არსებული ბრძანებისა, გედნმოდიფიცირებული პროდუქტების მარკირება არ ხდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, ამის მიზეზი შესაბამისი ლაბორატორიების არ არსებობაა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა სურსათში გენურად მოდიფიცირებული კომპონენტის განსაზღვრა.
„ბიოწარმოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N198 დადგენილება ვეტერინარული დანიშნულების სამკურნალო საშუალებების გარდა, გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ან გმო-დან მიღებული პროდუქტების გამოყენებას კრძალავს. თუმცა, ეს დადგენილება ძალაში 2014 წლის 1 იანვრიდან შედის. შესაბამისად, აღნიშნული დადგენილების დარღვევა ვერ მოხდება, სანამ ის ძალაში არ შევა.
როგორც „მწვანეთა პარტიის“ ლიდერი მიუთითებდა, 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებში ნამდვილად წერია, რომ „აიკრძალება გენმოდიფიცირებული თესლისა და სანერგე მასალის იმპორტი, შემოღებული იქნება გენმოდიფიცირებული მზა პროდუქტების სავალდებულო მარკირება“. თუმცა მისი განხორციელება მიმდინარე წელს ვერ/არ მოხერხდა. ამ ეტაპზე არსებობს შესაბამისი კანონპროექტი „ცოცხალი მოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“, რომელშიც 2013 წლის ზემოთაღნიშნული პრიორიტეტებია ასახული. თუმცა კანონპროექტი მთავრობისა და პარლამენტისთვის ჯერ არ წარუდგენიათ. ზემოთ აღნიშნული პრიორიტეტები გადატანილია 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში.
შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ გიორგი გაჩეჩილაძის განცხადება: „გენმოდიფიცირებული საქონლისგან მოსახლების დაცვას ოთხი ნორმატიული აქტი გვავალდებულებს, მათ შორის ერთი საერთაშორისო და ჩვენ მათ ვარღვევთ“, არის მეტწილად სიმართლე.