პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენის შემდეგ, დეპუტატებს სიტყვით მიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა განხორციელებულ პროექტებსა და ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა: „ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მოკლე დროში ის, რაც ვერ გააკეთა "ნაციონალურმა მოძრაობამ," ჩვენ გავუზარდეთ ხელფასები ჯარს, ასევე გავზარდეთ სოციალური დახმარება დაღუპული სამხედროების ოჯახების წარმომადგენლებისთვის.“
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა პრემიერ-მინისტრის განცხადებით და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
სამხედრო მოსამსახურეთა სახელფასო ანაზღაურება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ თავდაცვის მინისტრის 2007 წლის ბრძანებითრეგულირდება. მის თანახმად, 2014 წლის 1 სექტემბრიდან თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა ფულადი სარგო შედგება:
ა) სამხედრო მოსამსახურეების წოდებრივი სარგოსაგან;
ბ) სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთათვის - თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოებისაგან.ქვემოთ წარმოდგენილ გრაფიკზე ნაჩვენებია სამხედრო მოსამსახურეების ხელფასების ცვლილება 2004-2014 წლებში.
წარმოდგენილ მონაცემებში ნაჩვენებია 2004, 2007, 2012 და 2014 წლებში სამხედრო მოსამსახურეთათვის თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების და სახელფასო დანამატების ერთობლიობა. ამასთან, გარდა ბრძანებით განსაზღვრული ანაზღაურებისა, წლების განმავლობაში, ის სამხედრო მოსამსახურეები, რომელთა თანამდებობათა ნუსხას თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებდა, მათი ფუნქციების, საპასუხისმგებლო სამუშაოსა და მისი მოცულობის გათვალისწინებით, დანართში N6მითითებულ დანამატსაც იღებდნენ. აღნიშნული დანართი 2013 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა.
როგორც ცხრილიდან ჩანს, 2012 წლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა ხელფასების ზრდა ნამდვილად ხდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ზრდას ადგილი 2005-2012 წლებშიც ჰქონდა. ამ პერიოდში სამხედრო მოსამსახურეების ხელფასები საშუალოდ, დაახლოებით, 490%-ით გაიზარდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2005 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით, სამხედრო მოსამსახურეებს, გარდა წოდებრივი და თანამდებობრივი სარგოსი, სახელფასო დანამატებიცდაენიშნათ.
2012წლის შემდეგ ზრდა შეეხო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა ყოველთვიურ თანამდებობრივ და წოდებრივ სარგოებსაც, რომელიც 2011 წლიდან განისაზღვრა.
2012წლის შემდეგ გაზრდილია სამხედრო თანამდებობაზე დანიშნულ სამოქალაქო პირთა თანამდებობრივი სარგოებიც, თუმცა აქაც უნდა აღინიშნოს, რომ ზრდის ტენდენცია წინა წლებშიც არსებობდა. ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში ნაჩვენებია სამხედრო თანამდებობაზე დანიშნული სამოქალაქო პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობა 2007, 2012 და 2014 წლებში.
სამხედრო მოსამსახურეთა ხელფასების მატებაზე საუბარი თავდაცვის სამინისტროს 2013 წლის ანგარიშშიცგვხვდება. დოკუმენტის თანახმად, 2013 წლის იანვრიდან გაიზარდა სამხედრო მოსამსახურეების ხელფასები. ავღანეთის მისიაში მონაწილე სამხედროებს ხელფასი 300 აშშ დოლარით გაეზარდათ, ხოლო სხვა სამხედრო მოსამსახურეებს - საშუალოდ 25%-ით.
რაც შეეხება დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების სოციალურ უზრუნველყოფას, თავდაცვის სამინისტროს ანგარიშის მიხედვით, განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეები ერთჯერადი დახმარების სახით, 100 000 ლარს მიიღებენ, ხოლო ასეთ მისიებში და ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახები - ყოველთვიურ 500 ლარიან კომპენსაციას. 2015 წლიდან ეს კომპენსაცია 1000 ლარამდე გაიზრდება.
დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისთვის კომპენსაცია აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებამდეც გაიცემოდა და მისი ოდენობა კანონით განსაზღვრული შესაბამისი წესით გამოითვლებოდა. ანგარიშის თანახმად, ასევე, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გარდაცვლილი სამხედროების ოჯახის წევრები უზრუნველყოფილი არიან უფასო სამედიცინო დახმარებით ქ. გორის სამხედრო ჰოსპიტალში.
დასკვნასამხედრო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება, ასევე დაღუპული სამხედროების ოჯახებისთვის გასაცემი სოციალური დახმარების ოდენობა, 2013 წლიდან ნამდვილად გაიზარდა. თავდაცვის სამინისტროს 2013 წლის ანგარიშის თანახმად, ავღანეთის მისიაში მონაწილე სამხედროებს ხელფასი 300 აშშ დოლარით გაეზარდათ, ხოლო სხვა სამხედრო მოსამსახურეებს - საშუალოდ 25 პროცენტით. თუმცა, თუკი აღნიშნულ მაჩვენებელს 2005-2012 წლებში დაფიქსირებული ზრდის საშუალო მაჩვენებელს შევადარებთ, როგორც ამას თავად პრემიერ-მინისტრი აკეთებს მის განცხადებაში, ვნახავთ, რომ აღნიშნულ პერიოდში სამხედრო მოსამსახურეების ხელფასების საშუალო ზრდამ, დაახლოებით 490 პროცენტი შეადგინა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, პრემიერ-მინისტრის განცხადება: „ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მოკლე დროში ის, რაც ვერ გააკეთა "ნაციონალურმა მოძრაობამ," ჩვენ გავუზარდეთ ხელფასები ჯარს, ასევე გავზარდეთ სოციალური დახმარება დაღუპული [სამხედროების] ოჯახების წარმომადგენლებისთვის“, არის მეტწილად მცდარი.