მიმდინარე წლის 19 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში – „პირველი სტუდია,“ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა: „სოციალურად დაუცველებს მცირე, მაგრამ დამატებითი პრივილეგია აქვთ, ის რომ წლის განმავლობაში 50 პროცენტით უფინანსდებათ მედიკამენტები, გარკვეული თანხობრივი ლიმიტის შემთხვევაში, თუმცა ეს ძალიან ცოტაა“.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, თუ ჯანმრთელობის დაზღვევის რა პაკეტით სარგებლობენ სოციალურად დაუცველები და ჯანდაცვის მინისტრის განცხადება გადაამოწმა.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის N218 დადგენილების ფარგლებში ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოსახლეობაზე, კომპაქტურ დასახლებაში მყოფ იძულებით გადაადგილებული პირებზე, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებზე და სახალხო არტისტებზე გავრცელდა.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის მაისის N165 დადგენილების თანახმად, სახელმწიფომ დააზღვია: 0-5 წლამდე ასაკის ბავშვები, ასაკით პენსიონერები, სტუდენტები, შეზღუდული შესაძლებლობის და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები.
აღსანიშნავია, რომ 2014 წელს N218 და N165 დადგენილებებით განსაზღვრული ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევით მოსარგებლე პირები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას შეუერთდნენ. აღნიშნული პროგრამა 2013 წლის 28 თებერვალს ამოქმედდა და საქართველოს ყველა იმ მოქალაქეზე გავრცელდა, ვინც ჯანმრთელობის დაზღვევის რაიმე სხვა პაკეტით არ სარგებლობდა. როგორც სამინისტროში განმარტავენ, N218 და N165 დადგენილებების ბენეფიციარებს ჯანმრთელობს დაზღვევის იგივე პაკეტი შეუნარჩუნდათ, რითაც ისინი მანამდე სარგებლობდნენ.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მედიკამენტებით უზრუნველყოფა არ შედის, ხოლო N165 და N218 დადგენილებები მინიმალური ლიმიტის ფარგლებში სამკურნალო საშუალებების 50%-იან თანადაფინანსებას ითვალისწინებს.
N 218 დადგენილების თანახმად, 2010 წლიდან სოციალურად დაუცველ მოსახლეობას სამკურნალო საშუალებები უნაზღაურდებათ წლიური ლიმიტის 50 ლარის ფარგლებში (50%-იანი თანაგადახდით). 2012 წლის 1 სექტემბრიდან კი სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე საპენსიო ასაკის მოსახლეობას მედიკამენტების დაფინანსების წლიური ლიმიტი 200 ლარამდე გაეზარდათ (50%-იანი თანაგადახდით).
დასკვნა
2014 წელს ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევით მოსარგებლე პირები, მათ შორის სოციალურად დაუცველები, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას შეუერთდნენ, თუმცა, მათ ჯანმრთელობის დაზღვევის ის პაკეტი შეუნარჩუნდათ, რითაც მანამდე სარგებლობდნენ.
სოციალურად დაუცველებს წლიური ლიმიტის ფარგლებში მედიკამენტები 50%-ით უფინანსდებათ. სამკურნალო საშუალებების ხარჯების წლიური ლიმიტი მართლაც ძალიან ცოტაა, როგორც ამას მინისტრი სერგეენკოც აღნიშნავს: სოციალური სტატუსის მქონე პირის შემთხვევაში ეს არის 50 ლარი, ხოლო იგივე სტატუსის მქონე საპენსიო ასაკის პირის შემთხვევაში კი - 200 ლარი. ამასთან, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირები აღნიშნული შეღავათით 2010 წლიდან სარგებლობენ.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, დავით სერგეენკოს განცხადება: „სოციალურად დაუცველებს წლის განმავლობაში გარკვეული თანხობრივი ლიმიტის ფარგლებში50%-ით უფინანსდებათ მედიკამენტები. თუმცა, ეს ძალიან ცოტაა,“ არის სიმართლე.