ფაქტ-მეტრი დარეჯან ჩხეტიანის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ბოლნისის გამგეობამ, 2004-2014 წლებში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელებული პროექტების ნუსხა მოგვაწოდა. 2014 წელს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, პრიორიტეტულად სასმელი წყლის სისტემების, გზების, ხიდების, განათების სისტემებისა და სარწყავი არხების სარეაბილიტაციო სამუშაოები იქნა მიჩნეული. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი თანხა სარიტუალო სახლებისა და სასაფლაოების რეაბილიტაციაზე დაიხარჯა. საერთო ჯამში, როგორც ბოლნისში, ასევე მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების ტერიტორიაზე მილიონ სამასიათასი ლარის ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა.
2009 წლიდან ბოლნისში სოფლის პროგრამაც მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი ფინანსდება და ხორციელდება. მაგალითისთვის, 2013 წელს სოფლის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხები ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძირითადად სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაციისა და შიდა გზების მოწყობის სამუშაოებზე დაიხარჯა. ქალაქ ბოლნისში კი, ისტორიული ნაწილის რეკონსტრუქციის პირველი ეტაპი განხორციელდა. გარდა ამისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა კორპუსის სახურავებსა და საგზაო მონაკვეთებს. 2004-2014 წლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძირითადად შიდა გზების, წყალმომარაგების სისტემებისა და ადგილობრივი პრობლემების შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდებოდა. გარდა ამისა, 2014 წლის 3 დეკემბერს სავანეთისა და კიდევ 5 სოფლის გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა. საერთო ჯამში, ბუნებრივი აირით 1 213 აბონენტია უზრუნველყოფილი. აღნიშნული სოფლების გაზიფიცირებისთვის 35 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი აშენდა. აღსანიშნავია, რომ 9 დეკემბერს ქალაქ ბოლნისსა და დაბა კაზრეთში საცხოვრებელი კორპუსების გადახურვის პროცესი დაიწყო, საერთო ჯამში აღნიშნულ სამუშაოებზე 91 500 ლარი გამოიყო. 13 დეკემბერს კი ბოლნისის მუნიციპალიტეტს თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი სასწრაფო დახმარების ავტომობილი გადაეცა. ბოლნისის ერთ-ერთ გადაუჭრელ პრობლემად შიდა გზები რჩება. 8 დეკემბერს შიდა გზების მოწყობის სამუშაოები დაიწყო. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის განცხადებით,პროცესი 2015-16 წლებშიც გაგრძელდება.
2014 წლის 15 დეკემბერს ბოლნისის საკრებულომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დაამტკიცა,რომელიც 13 მლნ 960 ათასი ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 2 მილიონი ლარითაა გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის ბიუჯეტი ადგილობრივი შემოსავლებით 13 მლნ 650 ათას ლარს შეადგენს, დარჩენილი თანხა კი ცენტრალური ბიუჯეტიდან გადაირიცხა. 2015 წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე ხარჯები 3 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მთლიანად ადგილობრივი გადასახადებიდან მიღებული შემოსვლების გზით დგება. მაგალითად, 2015 წლის ბიუჯეტს ცენტრალური ბიუჯეტიდან მხოლოდ 305 ათასი ლარი დაემატა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის განცხადებით, ადგილობრივი გადასახადებიდან ბიუჯეტში შესული თანხის დაახლოებით 90% „RMG Gold“ ჯგუფისგან გადასახადის სახით მიღებული შემოსავალია. ასევე აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი ნაწილი აღნიშნული კომპანიის საწარმოშია დასაქმებული და შემოსავლის ერთადერთ წყაროს საწარმოში მიღებული ხელფასი წარმოადგენს.
2014წლის 17 ნოემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტმა 2015-2018 წლების პრიორიტეტების და მოსალოდნელი შედეგების ნუსხა შეადგინა. ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად კვლავ გზების, წყლის მომარაგების სისტემებისა და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია რჩება. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაწეული საქმიანობა და ფინანსები საკმარისი არ არის პრობლემის გადასაჭრელად. სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი.
ბოლნისში, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, ძალიან ბევრი პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელს თვითმმართველობის დეცენტრალიზაციისაკენ პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა, კვლავ პრობლემად რჩება რეგიონული დონის პროექტების დაფინანსება და ეფექტიანი რეალიზაცია.
დასკვნა ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბოლო 10 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები ყოველწლიურად მიმდინარეობდა. რეგიონისათვის ორი ყველაზე პრობლემური მიმართულება შიდა გზები და გაუმართავი წყლის სისტემაა. ამჟამად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების პროცესი მიმდინარეობს, თუმცა პროცესის დასრულების ზუსტი თარიღი უცნობია. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს „RMG Gold“–ის საწარმოდან მიღებული შემოსავალი შეადგენს. მიუხედავად ამისა, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, ბოლნისშიც უფრო მეტი ფინანსური დამოუკიდებლობის, დეცენტრალიზაციის, ხარჯების ეფექტიანად გაწევისა და რეგიონული დონის პროექტების განხორციელების პრობლემა კვლავაც რჩება. ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის, დარეჯან ჩხეტიანის საპარლამენტო გამოსვლაც სწორედ ამ კონტექსტს მოიცავს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში შეუძლებელია დეპუტატის გამოსვლის სიმართლის ან სიცრუის გრადაციის მეთოდით შეფასება. ამიტომ, ამ შემთხვევაში, ფაქტ-მეტრი დარეჯან ჩხეტიანის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.