მიმდინარე წლის 17 მარტს, საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ლარის გაუფასურების გამო საქართველოში ათობით ათას მასწავლებელს ხელფასი და პენსიონერს პენსია უფრო ნაკლები გამოსდით დოლარში, ვიდრე 2012 წელს.
ფაქტ-მეტრმა ზურაბ ჯაფარიძის განცხადება გადაამოწმა.
2012წლის 31 იანვარს ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1.66 იყო, ხოლო 2015 წლის 31 მარტს 1 აშშ დოლარი 2.23 ლარი ღირდა. ჯამში, ეროვნული ვალუტა 25%-ით გაუფასურდა.
გრაფიკი 1:
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში (2012-2015 წლები)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკირაც შეეხება პენსიას, 2012 წელს იგი 125 ლარი იყო, ხოლო 2015 წლის იანვარში 150 ლარი. მიმდინარე წლის სექტემბრიდან მისი ოდენობა 10 ლარით, 160 ლარამდე გაიზრდება.
გრაფიკი 2:
პენსიის ოდენობა 2012-2015 წლებში
2012
წლის 31 იანვარს 125 ლარი პენსიის ოდენობა დოლარში 74.9-ს უდრიდა, ხოლო 2015 წლის 31 იანვარს პენსიამ 73 აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 31 მარტისთვის ლარი კიდევ უფრო გაუფასურდა და სახელმწიფო პენსიის მაჩვენებელი 67 დოლარამდე ჩამოვიდა. ეს კი, 2012 წელთან შედარებით, 10.6%-იანი შემცირებაა.
რაც შეეხება საჯარო სკოლების მასწავლებლების ხელფასებს, ამაზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა.ჩვენს სტატიაში დეტალურადაა განხილული საჯარო სკოლის პედაგოგების სახელფასო სარგო და მასზე დანამატების გაცემის წესები. 2012 წელს საქართველოში მასწავლებლის საბაზო ხელფასი 245 ლარი იყო, რაც დოლარში 146.8-ია, ხოლო ამჟამად ხელფასი 305 ლარს შეადგენს, რაც 2015 წლის 31 მარტის მდგომარეობით 136.8 დოლარია.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ კონტექსტში, ზურაბ ჯაფარიძის მიერ მონაცემების დოლარში გადაყვანა მიზანშეწონილი არ არის, რადგან მასწავლებლები და პენსიონერები შემოსავალს ლარში იღებენ და ხარჯავენ. როდესაც ხელფასების და პენსიების ზრდაზე ან კლებაზე აქცენტი კეთდება, მნიშვნელოვანი ინფლაციის დონის გათვალისწინებაა. ლარის გაუფასურებამ ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა გამოიწვია. 2015 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 2.6% შეადგინა. მათ შორის, ფასები ჯანდაცვაზე 6%-ით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე 3.7%-ით, ხოლო საოჯახო ნივთებზე 6%-ით გაიზარდა. თუმცა, ფასები შემცირდა ტანსაცმელსა და ტრანსპორტზე - 5.3% და 6.6%-ით. მაგრამ, აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ასიათასობით საქართველოს მოქალაქეს კრედიტი დოლარში აქვს. შესაბამისად, იმ მასწავლებლებს თუ პენსიონერებს, რომლებსაც ბანკში სესხი დოლარში აქვთ, შემოსავალი შეუმცირდათ.
დასკვნა 2012
წლის 31 იანვარს დოლარის კურსი 1.66 ლარი იყო, ხოლო 2015 წლის იგივე პერიოდში ის 2.06 გახდა. მიმდინარე წლის მარტში (როცა დეპუტატმა განცხადება გააკეთა) ლარის კურსი კიდევ უფრო გაუფასურდა და მან 2.23 შეადგინა. 1 მაისის მდგომარეობით, დოლართან მიმართებაში ლარის კურსი 2.33-ია.
2012წელს სახელმწიფო პენსია 125 ლარი იყო, რაც 74.9 დოლარს უდრიდა, ხოლო 2015 წლის 31 მარტისთვის ის 67 დოლარამდე შემცირდა. რაც შეეხება საჯარო სკოლებში მასწავლებლის საბაზისო ხელფასს, 2012 წელს ის 245 ლარს შეადგენდა, რაც 146.8 დოლარის ტოლი იყო, ხოლო 2015 წლისთვის ხელფასი 305 ლარამდე გაიზარდა, თუმცა ლარის კურსის გაუფასურების გამო დოლარში მისი მაჩვენებელი დაეცა და მან 136.8 დოლარი შეადგინა.
კონტექსტი, რის მიხედვითაც ზურაბ ჯაფარიძე რიცხვებს ასახელებს არ არის ზუსტი, რადგან მასწავლებლებს და პენსიონერებს შემოსავალიც და ხარჯიც ძირითადად ლარში აქვთ და კურსის გაუფასურებას მათ კეთილდღეობაზე პირდაპირი გავლენა არ აქვს. თუმცა, ლარის გაუფასურებამ პროდუქციაზე ფასების ზრდა (ინფლაცია) დააჩქარა, რაც რეალურ ხელფასს და პენსიას ამცირებს. 2015 წლის მარტში ინფლაციამ 2.6% შეადგინა. ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, საქართველოში გაცემული სესხების 65% დოლარში გაცემული სესხებია და შესაბამისად, ლარის გაუფასურების გამო, საქართველოს ბევრ მოქალაქეს, მათ შორის მასწავლებლებს და პენსიონერებს სესხზე მომსახურება უძვირდებათ.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.