მიმდინარე წლის 24 აპრილს, ფაქტ-მეტრის სერვისის - "შეამოწმე შენი ფაქტის" ფარგლებში, ჩვენმა მკითხველმა ბიძინა ივანიშვილის განცხადების გადამოწმება გვთხოვა.
ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: "იმის ნათელსაყოფად, თუ როგორ კარგად "ვახერხებთ" მთავრობის კონტროლს, საკმარისია გავაანალიზოთ თუნდაც სააკაშვილის მთავრობის ნამოქმედარი: გავსებული ციხეები, 300 ათასი პრობაციონერი".
ფაქტ-მეტრმა მკითხველის თხოვნით გადაამოწმა, თუ რამდენი პრობაციონერი იყო საქართველოში 2004-2012 წლებში.
ტერმინი "პრობაციონერი" არ არის სამართლებრივი ტერმინი, რადგან იგი არცერთ კანონში თუ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში არ გვხვდება. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ტერმინით ხშირად პირობითი მსჯავრითა და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირები მოიხსენიებიან.
პირობითი მსჯავრი კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში ინიშნება. პირობითი მსჯავრის დროს, სასამართლოს შეუძლია პირს დამატებითი მოვალეობები (მაგ. პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეცვალოს მისამართი, არ მოინახულოს კონკრეტული ადგილი, გაიაროს მკურნალობა და სხვა) დააკისროს. ასევე, შესაძლებელია, რომ პირს განესაზღვროს გამოსაცდელი ვადა, რომლის დროსაც, ბუნებრივია, მან არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და მისთვის დაკისრებული მოვალეობა უნდა შეასრულოს. პირობითი მსჯავრდებულის ქცევაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანო პრობაციის ეროვნული სააგენტოა.
მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლება იმ შემთხვევაში ხდება, თუ სასამართლო (განსაკუთრებულ შემთხვევაში, პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო) მიიჩნევს, რომ მისთვის აუცილებელი აღარ არის დანიშნული სასჯელის ბოლომდე მოხდა.
შესაბამისად, პირობითი მსჯავრიც და პირის ვადამდე გათავისუფლებაც არის პირობითი სასჯელის სახეები. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზოგადად ტერმინი "პრობაციონერიც" სწორედ იმ პირებს გულისხმობს, ვისაც სასჯელის სწორედ აღნიშნული ფორმა შეეფარდათ.
იმისთვის, რომ გაგვერკვია, რამდენი პრობაციონერი იყო საქართველოში 2004-2012 წლებში, პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მივმართეთ. სააგენტოს მიერ მოწოდებული სტატისტიკაარ არის აბსოლუტურად ზუსტი, რადგან, როგორც თავად აგვიხსნეს, სტატისტიკაში შესაძლებელია ის ადამიანებიც განმეორდნენ, რომლებიც წინა წელსაც იყვნენ მიჩნეული პრობაციონერებად. მიუხედავად ამისა, ფაქტ-მეტრმა სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაცია მაინც დააჯამა.
წლები | პირობითი მსჯავრის მქონე პირები | პირობით ვადამდე გათავისუფლებულები |
2004 წელი | 6 277 | 1 197 |
2005 წელი | 7 827 | 1 212 |
2006 წელი | 9 558 | 558 |
2007 წელი | 16 073 | 245 |
2008 წელი | 21 387 | 499 |
2009 წელი | 26 628 | 409 |
2010 წელი | 31 986 | 186 |
2011 წელი | 38 681 | 136 |
2012 წელი | 33 109 | 604 |
სულ | 191 526 | 5 046 |
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩავთვლით, რომ არცერთი წლის სტატისტიკაში წინა წელს ჩათვლილი პრობაციონერები არ მეორდებიან, ჯამური რაოდენობა 300 ათასს მაინც არ აღწევს. ასეთ შემთხვევაში, საქართველოში პირობითი მსჯავრის მქონე 191 526 პირი, ხოლო პირობით ვადამდე გათავისუფლებული 5 046 პირი იყო.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს რიცხვიც რეალობასთან შედარებით გადაჭარბებულია, რადგან სხვადასხვა წლის სტატისტიკაში ის პირები მეორდებიან, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში იყვნენ პრობაციონერები. მაგალითად, თუ პირს პირობითი მსჯავრი 2005 წელს 5 წლის ვადით შეუფარდეს, იგი ჩათვლილია როგორც 2005, ისე 2006, 2007, 2008, 2009 წლების სტატისტიკაში. შესაბამისად, 2004-2012 წლებში საქართველოში შესაძლებელია მაქსიმუმ 196 572 პრობაციონერი ყოფილიყო, თუმცა სავარაუდოა, რომ რეალურად პრობაციონერების რაოდენობა გაცილებით ნაკლები იყო.
ასევე, პრობაციონერთა რიცხვის შეფასებისთვის, აუცილებელია საქართველოს მონაცემები სხვა ქვეყნებს შევადაროთ. ევროპის საბჭო ყოველწლიურად სასჯელების სტატისტიკასაქვეყნებს, სადაც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მონაცემებია შედარებული. სტატისტიკის თანახმად, 2011 წელს საქართველო 100 ათას მოსახლეზე პრობაციონერების რაოდენობით პირველ ადგილზე იყო.
# | ქვეყანა | პრობაციონერების რაოდენობა | 100 ათას მოსახლეზე |
1 | საქართველო | 38 692 | 865.73 |
2 | პოლონეთი | 244 091 | 633.51 |
3 | თურქეთი | 400 494 | 543.24 |
4 | ესტონეთი | 7 235 | 539.84 |
5 | ბელგია | 40 606 | 369.14 |
6 | გაერთიანებული სამეფო (უელსი) | 162 674 | 289.61 |
7 | ლუქსემბურგი | 1 463 | 285.85 |
8 | საფრანგეთი | 184 284 | 283.76 |
9 | გაერთიანებული სამეფო (ირლანდია) | 4 273 | 236.48 |
10 | ლიტვა | 7 136 | 233.77 |
საინტერესოა, როგორ შეიცვალა საქართველოში პრობაციონერთა რაოდენობა 2012 წლის შემდეგ.
წლები | პირობითი მსჯავრის მქონე პირები | პირობით ვადამდე გათავისუფლებულები |
2013 წელი | 11 445 | 474 |
2014 წელი | 15 361 | 356 |
2013-2014 წლებში პრობაციონერთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. თუ 2013 წლის მაჩვენებელს სხვა ქვეყნებს შევადარებთ,
საქართველოს მონაცემები ამ კუთხითაც გაუმჯობესებულია.
# | ქვეყანა | პრობაციონერების რაოდენობა | 100 ათას მოსახლეზე |
1 | თურქეთი | 965 234 | 1276.3 |
2 | ლატვია | 17 383 | 858.92 |
3 | პოლონეთი | 208 139 | 540.15 |
4 | ესტონეთი | 6 409 | 485.47 |
5 | უნგრეთი | 38 195 | 385.47 |
6 | ბელგია | 39 483 | 353.74 |
7 | გაერთიანებული სამეფო (შოტლანდია) | 17 147 | 321.85 |
8 | საფრანგეთი | 187 056 | 285.24 |
9 | მოლდოვა | 9 963 | 279.9 |
10 | ლიტვა | 8 297 | 279.18 |
11 | გაერთიანებული სამეფო (უელსი) | 150 469 | 264.22 |
12 | ნიდერლანდები | 43 010 | 256.32 |
13 | საქართველო | 11 445 | 255.65 |
14 | ლუქსემბურგი | 1 339 | 249.33 |
15 | პორტუგალია | 25 911 | 247.07 |
2013
წელს საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის რიგით მე-13 ადგილზეა. 100 ათას მოსახლეზე პრობაციონერთა რაოდენობაც 865.73-დან 255.65-მდეა შემცირებული.
დასკვნა
პრობაციის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში 2004-დან 2012 წლამდე ჯამში 196 572 პრობაციონერი იყო. სააგენტოდან მიღებული სტატისტიკური მონაცემები გარკვეულწილად გადაჭარბებულია, რადგან სხვადასხვა წლის სტატისტიკაში ის პირები მეორდებიან, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში იყვნენ პრობაციონერები. ნებისმიერ შემთხვევაში, პრობაციონერთა რაოდენობა 2004-2012 წლებში არ აღწევდა ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებულ 300 000 პირს.
მიუხედავად ამისა, ევროპის საბჭოს ყოველწლიური სასჯელების სტატისტიკის თანახმად, 2011 წელს საქართველო ევროპაში პრობაციონერთა რაოდენობით პირველ ადგილზე იყო. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პრობაციონერთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ევროპის მასშტაბითაც, საქართველომ პირველი ადგილიდან მე-13 ადგილზე გადაინაცვლა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში 2004-2012 წელს 300 000 პრობაციონერი იყო, არის ნახევრად სიმართლე.