მიმდინარე წლის 28 მაისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა: "2006 წლიდან ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს აქვს საერთაშორისო ვალდებულება... ჩვენი ხელისუფლების მოსვლამდე ერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა და ერთი სტრიქონიც კი არ დაწერილა ამ მიმართულებით".
ფაქტ-მეტრი ზურაბ ტყემალაძის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ანალოგური მაუწყებლობიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო. განვითარებული ქვეყნების უმრავლესობა ციფრულ მაუწყებლობაზე უკვე გადასულია. ციფრული ტელევიზია უფრო მეტი პროგრამის გადაცემის საშუალებას (ერთ არხში შეიძლება დაახლოებით 15 სტანდარტული და 4-დან 6-მდე მაღალი გარჩევადობის პროგრამა გადაიცეს) იძლევა. აგრეთვე, ციფრული მაუწყებლობის უპირატესობებია: უკეთესი გამოსახულება, ნათელი ფერები და უკეთესი აუდიო ხარისხი. ამასთან, ციფრული მაუწყებლობა დადებითად აისახება კონკურენციის ზრდაზე და შესაბამისად, ბაზრის განვითარებაზე.
მაუწყებლობის ახალ ფორმატზე საქართველოც გადადის. არსებულ ანალოგურ მიწისზედა მაუწყებლობას ციფრული ჩაანაცვლებს. საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის (ITU) პირველი რეგიონის (საქართველოსთან ერთად შედიან მისი მეზობელი ქვეყნებიც) ქვეყნებმა აღნიშნული საერთაშორისო ვალდებულება 2006 წლის ჟენევის ხელშეკრულების ხელმოწერით აიღეს. აღსანიშნავია, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ბოლო თარიღად 2015 წლის 17 ივნისი განისაზღვრა. პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, კონკრეტული ქვეყნის მაუწყებლობისთვის გამოყოფილი სიხშირეები დაუცველი აღმოჩნდება და ანალოგური სიხშირის სიგნალები მეზობელი ქვეყნების ციფრული სიგნალებით გადაიფარება.
2007 წლის 21 ივნისს საქართველოს პრეზიდენტის N384 ბრძანებულება - "ციფრული მიწისზედა რადიოსამაუწყებლო სამსახურის დაგეგმვის შესახებ რეგიონალური შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე", გამოიცა. 2012 წლის ბოლოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საბჭო შეიქმნა. საბჭო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, სამაუწყებლო კომპანიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტდა. 2013 წელს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ჩართულობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგია შეიმუშავა. პროცესში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ექსპერტებიც მონაწილეობდნენ. 2014 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. განხორციელდა ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებული შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებიც.
2014 წლის 14 თებერვალს სსიპ ციფრული მაუწყებლობის სააგენტო ჩამოყალიბდა. სააგენტო ეკონომიკის სამინისტროში შემავალი სტრუქტურული ერთეულია. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სამუშაოებს კოორდინაციას აღნიშნული სააგენტო უწევს.
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სამუშაოები 2014-2015 წლებში განხორციელდა. ამ ეტაპზე ქსელური ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასრულებულია. ბაზარზე შემოვიდა სეთ-თოფ ბოქსები (ციფრული სიგნალის მისაღებად საჭირო მოწყობილობა). სააგენტოს ინფორმაციით, მათი გათვლებით, ბაზარზე არსებული სეთ-თოფ ბოქსების რაოდენობა საკმარისია. ამასთან, სააგენტომ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 211 ათასამდე სეთ-თოფ ბოქსი შეიძინა. ეს პროცესი საკაბელო, თანამგზავრული და ინტერნეტტელევიზიების მომხმარებლებს არ ეხებათ. სეთ-თოფ ბოქსები ასევე არ დასჭირდება იმ ტელევიზორებს, რომელთაც ციფრული მხარდაჭერა გააჩნიათ.
2015 წლის მარტიდან გარდამავალი ეტაპი, ე.წ. "Simulcast"-ის პერიოდი დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ანალოგური და ციფრული სიგნალები პარალელურ რეჟიმში ვრცელდება.
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ჩვენ ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს დირექტორს ნინო ქუბინიძეს ვესაუბრეთ. "ის ვალდებულებები, რაც ქვეყანამ 2006 წლის ჟენევის ხელშეკრულებით აიღო, ჩვენ მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში შევასრულეთ. მაგალითად, იმისთვის, რომ ქსელური ინფრასტრუქტურის დაგეგმარება მოხდეს, საჭიროა დეტალურად შეისწავლო რა გაქვს ანალოგურ ფორმატში. უნდა გქონდეს ზუსტი ტექნიკური მონაცემები, მაგალითად რა მდგომარეობაშია სადგურები. ამ ყველაფრის ბაზა ჩვენ არ გაგვაჩნდა და დროის უქონლობის გამო ჩვენ თეორიული დაგეგმარება განვახორციელეთ" - აღნიშნა ნინო ქუბინიძემ. ციფრული მაუწყებლობაზე გადასვლის მთავარ გამოწვევად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაშიც შეზღუდულ ვადებზე მიუთითეს.
ჩვენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სტრატეგული განვითარების დეპარტამენტის უფროსს, თიკო ტყეშელაშვილსაც ვესაუბრეთ. მისი თქმით: "მთავრობამ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლაზე მუშაობა რეალურად 2013 წელს დაიწყო. მანამდე კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სიხშირეები დაგეგმა, თუმცა, აღნიშნულის საკანონმდებლო უზრუნველყოფა არ მომხდარა. ასევე არ არსებობდა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგული დოკუმენტი". მისივე განმარტებით, 2012 წლამდე ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით მთავრობის აქტივობა ექსპერტებთან პერიოდულ შეხვედრებსა და კონსულტაციებში გამოიხატებოდა.
ჩვენ, ასევე, ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, ჯემალ ვაშაკიძეს დავუკავშირდით, რომელიც ციფრულ მაუწყებლობზე გადასვლის პროცესში წლების განმავლობაში უშუალოდ იყო ჩართული. მისი განცხადებით, "ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი რეალურად 2012 წლის ბოლოს დაიწყო. მანამდე მომზადების პროცესი მიმდინარეობდა, იყო შეხვედრები ექსპერტებთან, შესწავლილი იქნა უცხოური გამოცდილება და ა.შ."
აქვე აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მეზობელმა ქვეყნებმა აღებული საერთაშორისო ვალდებულება არ შეასრულეს და ციფრულ მაუწყებლობაზე 2015 წლის 17 ივნისიდან არ გადავიდნენ, საქართველო კი, ახალი ტიპის მაუწყებლობაზე მიმდინარე 1 ივლისიდან გადავა.
საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. შესაბამისად, ეტაპობრივად გაითიშება ანალოგური სიგნალებიც. თიკო ტყეშელაშვილის თქმით, "ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ პრობლემები არ არსებობს და ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. თუმცა, იმისთვის, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისას გაუთვალისწინებელი პრობლემის წინაშე არ აღმოვჩნდეთ, ვფიქრობთ, რომ საწყის ეტაპზე ანალოგური სიგნალების გათიშვა ლოკალურ დონეზე, თბილისის, ასევე ცალკეული რეგიონების დონეზე მოხდეს და არა მთელი ქვეყნის მასშტაბით".
მიმდინარე წლის 15 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადსვლის თარიღმა 1 ივლისამდე გადაიწია. ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, "მთელი ინფრასტრუქტურა შექმნილია და ქვეყანა მზად არის ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდეს, თუმცა, მიმდინარე სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ დამატებითი დისკომფორტი არ შეგვექმნა ჩვენი მოსახლეობისთვის, რომელმაც ისედაც უდიდესი სტრესი განიცადა. ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის თარიღად 17 ივნისის ნაცვლად 1 ივლისი ავიღოთ".
დასკვნა
2006 წლის ჟენევის ხელშეკრულების თანახმად, საქართველომ (მეზობელ ქვეყნებთან ერთად) საერთაშორისო ვალდებულება აიღო, რომლის მიხედვითაც, 2015 წლის 17 ივნისიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდოდა. აღნიშნული ვალდებულება გამყარებულია საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 ივნისის N 384 ბრძანებულებით.
2012 წლის ბოლოს, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საბჭო შეიქმნა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანახმად, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთვის პრაქტიკული მუშაობა 2013 წელს დაიწყო. 2014 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. 2014 წლის 14 თებერვალს ციფრული მაუწყებლობის სააგენტო ჩამოყალიბდა, რომელიც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სამუშაოებს უწევს კოორდინაციას. ასევე, განხორციელდა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებიც. 2015 წლის მარტიდან დაიწყო გარდამავალი ეტაპი და ანალოგური და ციფრული სიგნალები პარალელურ რეჟიმში გავრცელდა.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ინფორმაციით, მეზობელი ქვეყნები ჯერჯერობით არ (ვერ) გადადიან ციფრულ მაუწყებლობაზე. საქართველოში ანალოგური სიგნალები ეტაპობრივად გაითიშება და ეს პროცესი თბილისიდან დაიწყება. თბილისში 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურების გამო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის თარიღმა 17 ივნისიდან 1 ივლისამდე გადაიწია.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზურაბ ტყემალაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.