რუსთავი 2-ის ეთერში საარჩევნო კომისიის ყოფილმა წევრმა ნენე დალაქიშვილმა განაცხადა: "ქალბატონ თამარ ჟვანიას თავმჯდომარედ დანიშვნის დღიდან ფეხი არ ჩამოუდგამს თვითმფრინავიდან. 42-44 ათასი ლარის დანამატი ოთხ თვეში ნორმალური გგონიათ მაშინ როცა ოლქის თანამშრომლის საშუალო ხელფასი 500 ლარია"?
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გაადამოწმა.
ჩვენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ აღებული პრემიისა და დანამატის ოდენობით დავინტერესდით. ცესკოს ინფორმაციით, 2013წლის ოთხ თვეში თამარ ჟვანიას მიერ პრემიისა და დანამატის სახით აღებულმა შრომის ანაზღაურებამ 45 360 ლარი შეადგინა. 2014 წელს აღებულმა პრემიამ და დანამატმა 77 491 ლარი, 2015 წელს 47 160 ლარი, ხოლო მიმდინარე წლის ორი თვის მონაცემებით კი 7 342 ლარი შეადგინა.
ცხრილი 1:
ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მიერ აღებული პრემია და დანამტი 2013-2016 წლებში
თვეები | 2013 წელი | 2014 წელი | 2015 წელი | 2016 წელი | ||||
პრემია | დანამატი | პრემია | დანამატი | პრემია | დანამატი | პრემია | დანამატი | |
იანვარი | 4 032 | - | 4 032 | - | 5 500 | - | ||
თებერვალი | 5 040 | - | - | - | - | 1 842 | ||
მარტი | - | 3 528 | - | |||||
აპრილი | 5 040 | 5 305 | 3 850 | - | ||||
მაისი | - | 10 080 | - | 2 750 | ||||
ივნისი | - | 10 080 | 5 500 | - | ||||
ივლისი | - | 15 120 | - | - | ||||
აგვისტო | 5 040 | - | 5 500 | - | ||||
სექტემბერი | - | 10 080 | 5 040 | 114 | - | 5 500 | ||
ოქტომბერი | - | 10 080 | - | 2 520 | - | 5 500 | ||
ნოემბერი | - | 15 120 | 5 040 | - | 5 500 | |||
დეკემბერი | 10 080 | - | 5 040 | 5 500 | - | |||
სულ | 10 080 | 35 280 | 34 272 | 43 219 | 27 910 | 19 250 | 5 500 | 1 842 |
როგორც ცხრილშია ნაჩვენები, თამარ ჟვანია პრემიას ან დანამატს თითქმის ყოველთვიურად, ხშირ შემთხვევაში კი ორივეს ერთად იღებდა. რაც შეეხება ოთხ თვეში აღებულ 42-44 ათასი ლარის ოდენობის თანხას, თამარ ჟვანიამ პრემია-დანამატის სახით 2013 წლის სექტემბერ-დეკემბრის მონაკვეთში 45 360 ლარი და 2014 წლის აპრილ-ივლისის მონაკვეთში 45 625 ლარი აიღო.
ჩვენ ცესკოს თავმჯდომარის ყოველთვიური ხელფასითაც დავინტერესდით. როგორც მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, ყოველთვიურად ხელფასის სახით თამარ ჟვანია 5 500 ლარს იღებს. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ორგანული კანონის - "საქართველოს საარჩევნო კოდექსის" მეცხრე მუხლის თანახმად, საარჩევნო/სარეფერენდუმო პერიოდში ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებსა და ხელმძღვანელ პირებს, ასევე ცესკოს აპარატის თანამშრომლებს ხელფასის ორმაგი ოდენობა ეძლევათ. ოლქის თანამშრომლის საშუალო თვიური ხელფასი კი დაახლოებით 817 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება თამარ ჟვანიას წინამორბედის, ზურაბ ხარატიშვილის მიერ აღებულ პრემიასა და დანამატს, ამ თანხამ 2013 წლის რვა თვის მონაცემებით 50 244 ლარი შეადგინა.
ფაქტ-მეტრმა ასევე გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რა ოდენობის თანხები იხარჯებოდა ცესკოს თავმჯდომარის მივლინებისთვის. ცესკოს მონაცემებით, 2014 წელს სამივლინებო ხარჯებმა 28 733 ლარი, 2015 წელს კი 22 751 ლარი შეადგინა. ცესკოს წინა თავმჯდომარის, ზურაბ ხარატიშვილის მივლინების ხარჯები 2013 წელს 37 644 ლარი იყო.
დასკვნა
ცესკოს მონაცემებით, თამარ ჟვანიამ 2013 წლის ოთხ თვეში პრემიისა და დანამატის სახით 45 360 ლარი აიღო, 2014 წელს - 77 491 ლარი, 2015 წელს - 47 160 ლარი, ხოლო მიმდინარე წლის ორ თვის მონაცემებით კი - 7 342 ლარი. აღსანიშნავია, რომ ცესკოს თავმჯდომარის ხელფასი 5 500 ლარს შეადგენს, საარჩევნო პერიოდში კი თანამდებობრივი სარგო ორმაგდება. თამარ ჟვანიამ პრემია-დანამატის სახით 2013 წლის სექტემბერ-დეკემბრის მონაკვეთში 45 360 ლარი და 2014 წლის აპრილ-ივლისის მონაკვეთში 45 625 ლარი აიღო.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნენე დალაქიშვილის განცხადება არის სიმართლე.