ჩვენ ამ ხელისუფლებას დავუტოვეთ პროექტები, რომლებიც მათ არ გააგრძელეს... შეჩერდა ნაპირსამაგრი სამუშაოები. აზიის განვითარების ბანკთან მოლაპარაკება ფაქტობრივად დასრულებული იყო, მხოლოდ მისი გაგრძელება და ხელმოწერა იყო საჭირო".
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
აჭარაში ნაპირსამაგრი სამუშაოები გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში შეწყდა და 2007 წელს, საქნაპირდაცვის რეკომენდაციითა და აჭარის ხელისუფლების ფინანსური მხარდაჭერით განახლდა. თუმცა, მწირი ბიუჯეტის გამო, სამუშაოები ფრაგმენტული ხასიათის იყო. 2009 წელს მდინარე ჩაქვის ნაპირდაცვითი ბეტონის კედლის ასაშენებლად 130 ათასი ლარი გამოიყო. მომდევნო წელს კი, მდინარე ჭოროხის მარჯვენა ნაპირი 700 მეტრის სიგრძეზე ქვანაყარი დამცავი ნაგებობით გამაგრდა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 1.5 მლნ ლარამდე დაიხარჯა. 2011 წელს აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ ადლიის სანაპიროს გამაგრების მიზნობრივი პროგრამა განახორციელა,რისთვისაც აჭარის რესპულიკური ბიუჯეტიდან 419 ათასი ლარი გამოიყო. პარალელურად, ქობულეთის სანაპირო ზოლიც გამაგრდა.
დროებითი ნაპირსამაგრი სამუშაოები 2012 წელსაც გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ პერიოდში ავტონომიური რესპუბლიკა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ კუთხით ფინანსურ დახმარებას არ იღებდა, სანაპირო ზოლის დროებითი ნაპირსამაგრი სამუშაოების პროექტი 1 მილიონ 525 ათასი ლარით მაინც დააფინანსა. აჭარაში ნაპირსამაგრ სამუშაოებს ფრაგმენტული სახე 2013 წელსაც ჰქონდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2013 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ სატენდერო პროცედურების შემდეგ, ცენტრალური ბიუჯეტის მხარდაჭერით, ნაპირსამაგრი სამუშაოები ბათუმშიც დაიწყებოდა. 2013-2014 წლებში აჭარაში ნაპირსამაგრი სამუშაოები ადლიის 1 კმ და სარფის 1.5 კმ სანაპირო ზოლზე განხორციელდა. რაც შეეხება აზიის განვითარების ბანკს (ADB), საქართველოს მთავრობამ მასთან ჩარჩო-ხელშეკრულება "მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის" განხორციელების მიზნით 2010 წლის 21 ივნისს გააფორმა (300 მლნ დოლარის კრედიტის გამოყოფის თაობაზე). პროგრამის მიზანი საქართველოში ურბანული სატრანსპორტო სისტემის მუშაობის გაუმჯობესება იყო. 2011 წელს ADB-თან "ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის" ჩარჩო-ხელშეკრულება 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხზეგაფორმდა. პროგრამა წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გაუმჯობესებას ითვალისწინებდა. 2015 წლის ოქტომბერში, საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, უკვე სამი ტრანში იყო დამტკიცებული. საქართველოს რეგიონებში ტრანშებით გათვალისწინებული პროექტები აქტიურად ხორციელდებოდა. ბათუმის სანაპირო ზოლზე ნაპირსამაგრი სამუშაოები ამ პროექტებით გათვალისწინებული არ იყო.
მოქმედმა ხელისუფლებამ აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობა ქვეყნის სათავეში მოსვლისთანავე განაგრძო და დაწყებული პროექტების დასრულებასთან ერთად, თანამშრომლობის ახალი გეგმებიც დასახა. 2015 წელს კი, საქართველოსა და ADB-ს შორის ხელი მოეწერა სასესხო ხელშეკრულებას,რომელის მიხედვითაც, აზიის განვითარების ბანკი, მეოთხე ტრანშის ფარგლებში, დათანხმდა 20 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ბათუმში ნაპირსამაგრი სამუშაოების შესასრულებლად. სესხის მიღება და პროექტის დაწყება 2016 წლისთვის გადაწყდა. დასრულების მოსალოდნელ თარიღად 2019 წლის 31 დეკემბერი დადგინდა. ნაპირდაცვის პროექტის დიზაინზე მუშაობა იტალიურმა კომპანია "ტექნიკალმა" დაიწყო.
ბოლო ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის მეოთხე ტრანშით გათვალისწინებული პროგრამების დასაფინანსებლად აზიის განვითარების ბანკისგან სესხი უკვე მიიღო.ტენდერი გამოცხადებულია და სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა მიმდინარე წლის 29 ივლისია. კონტრაქტის განხორციელების პერიოდი 600 დღეს მოიცავს.
დასკვნა
აზიის განვითარების ბანკთან მოლაპარაკებები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო. ძირითადი ფინანსები ბანკმა ტრანსპორტის, წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის განვითარებისკენ მიმართა. ბათუმში ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის საჭირო სასესხო ხელშეკრულება კი 2015 წელს გაფორმდა, რაც ზემოთ მოყვანილ ფაქტებთან ერთად ადასტურებს, რომ მოქმედ ხელისუფლებას ბათუმის სანაპირო ზოლის გასამაგრებელი სამუშაოები არ შეუჩერებია და აზიის განვითარების ბანკთანაც თანამშრომლობს.
აქედან გამომდინარე, ლევან ვარშალომიძის განცხადება არის მცდარი.