წარმოგიდგენთ ქუთაისის #48 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატთა ინტერვიუებს. ესენი არიან: დიმიტრი მხეიძე („ქართული ოცნება“), აკაკი ბობოხიძე („ნაციონალური მოძრაობა“), სამსონ გუგავა („საქართველოს ლეიბორისტული პარტია“).

ინტერვიუები მომზადდა წინასწარ შედგენილი კითხვარის მიხედვით, რომელიც ყველა კანდიდატისთვის ძირითადად ერთნაირი იყო. მიღებული პასუხები იმგვარადაა დაჯგუფებული, რომ მკითხველს კანდიდატთა პოზიციების შედარება გაუადვილდეს.

კითხვა 1: რატომ იყრით კენჭს ამ კონკრეტულ ოლქში?

დიმიტრი მხეიძე (ქართული ოცნება)

მოგეხსენებათ, ქუთაისელი ვარ. ვცხოვრობ სწორედ იმ ოლქში, სადაც კენჭს ვიყრი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად. თუმცა, საქართველოს პარლამენტის წევრის მისია უფრო მეტია, ვიდრე საცხოვრებელი ადგილის და საარჩევნო ოლქის ინტერესების დაცვა და ლობირება.

აკაკი ბობოხიძე (ნაციონალური მოძრაობა)

კონკრეტულად 48-ე ოლქში არ გადამიწვეტია კენჭისყრა, მაგრამ კონკრეტულად ქუთაისში გადავწყვიტე იმიტომ, რომ ვფიქრობ. რომ ისევ უნდა დავუბრუნდეთ იმ იდეას, რომელსაც ჰქვია ქუთაისი - საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქი. სამწუხაროდ, ეს იდეა, ეს პროექტი, ისე, როგორც უამრავი სხვა რამ, გააჩერა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს და ჯერჯერობით ეს პროექტი არის არშემდგარი პროექტი. მე კიდევ ვფიქრობ, რომ ეს არის ერთადერთი შანსი, გადავარჩინოთ ქუთაისი, გადავარჩინოთ რეგიონი და ამით გადავარჩინოთ მთლიანად ქვეყანა იმიტომ, რომ ძალიან მალე საქართველო შეიძლება აღმოჩნდეს ერთი ქალაქის სახელმწიფო, ქალაქ-სახელმწიფო.

სამსონ გუგავა (ლეიბორისტული პარტია)

ზოგადად, ლეიბორისტული პარტია წინააღმდეგია მაჟორიტარული სისტემის არსებობისა და მით უმეტეს ქუთაისის სამ ნაწილად დახლეჩისა, მაგრამ ჩვენ იძულებული ვართ მივიღოთ მონაწილეობა ამ ტიპის არადემოკრატიულ არჩევნებში და ქუთაისის რომელ ოლქში წარვადგენდით კანდიდატურას, სულ ერთია, რადგანაც ქუთაისს ერთნაირი პრობლემები აქვს ავტოქარხნიდან დაწყებული, საფიჩხიით დამთავრებული, ხოლო ის საკითხები, რომელიც განსხვავებულად აწუხებს ამა თუ იმ უბანს, ეს თვითმმართველობის კომპეტენციის საკითხებია და არა პარლამენტის.

კითხვა 2: ჩამოთვალეთ 3-5 (ან მეტი) მთავარი პრობლემა, რომელიც თქვენი ოლქის ამომრჩევლებს (და არა ზოგადად ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას) განსაკუთრებით აწუხებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?

დიმიტრი მხეიძე (ქართული ოცნება)

ჩვენ ვმონაწილეობთ საქარველოს პარლამენტის არჩევნებში. მიუხედავდ იმისა, რომ ნებისმიერი მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში არის კონკრეტული საარჩევნო ოლქის ხმა, ჩვენი უზენაესი მისია არის ქვეყნის ინტერესების მსახურება. პარლამენტარის როლი კანონშემოქმედებითი საქმიანობა და აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლია. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ვალია იგრძნოს ამომრჩევლის გულისცემა და იხელმძღვანელოს მოსახლეობის მოლოდინებით და ქვეყნის უზენაესი ინტერესებით.

ჩემი საარჩევნო ოლქის მოსახლეობას, ისევე, როგორც მთელი საქართველოს მოსახლეობას, აწუხებს: მიგრაციის მაღალი მაჩვენებელი, უმუშევრობა, ფინანსური რესურსების ნაკლებობა. მათ სურთ, ჰქონდეთ უკეთესი განათლებისა და სამედიცინო სერვისების მიღების შესაძლებლობა. გვაქვს ვიწრო საუბნო და საოლქო პრობლემებიც: გზები, სკვერები, სათამაშო მოედნები, გვესაჭიროება დამატებითი ურბანული სერვისები.

თუ საქალაქო, ვიწრო საოლქო მასშტაბის პრობლემებზე ვსაუბრობთ, ეს ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით უნდა მოგვარდეს. თუმცა კანონშემოქმედებითი საქმიანობისას მხოლოდ საკუთარი ოლქის ინტერესებით ვერ ვიხელმძღვანელებ. კანონი საერთოა ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად საცხოვრებელი ოლქისა.

აკაკი ბობოხიძე (ნაციონალური მოძრაობა)

ეს არის უპერსპექტივობის განცდა, ეს არის უმუშევრობა და ინფრასტრუქტურული პრობლემები.

სამსონ გუგავა (ლეიბორისტული პარტია)

უპირველეს ყოვლისა, ჩვენ რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი და ვაღიაროთ, რომ ჩვენი ქვეყანა და მისი მოსახლეობა იმყოფება უმძიმეს მდგომარეობაში და საჭიროა მისი რეამინირება. მოსახლეობას ერთნაირად აწუხებს როგორც სოციალური სიდუხჭირე, ისე უპერსპექტივობა, რაც საზოგადოების უდიდეს ნაწილს აგდებს აპათიაში და მისი, როგორც სოციალური მოვლენის, დეზორიენტაციას იწვევს – ესაა უპირველესი პრობლემა, ასევე პრობლემაა ჯანდაცვის და განათლების სრულფასოვნად მიღების შეუძლებლობა, დასაქმების ბაზრის არარსებობა, სამევახშეო დაწესებულებებისაგან დაკაბალებული საზოგადოების მაღალი ხვედრითი წილი. ხოლო, რაც შეეხება გზების, წყლისა თუ კანალიზაციის არარსებობას, ან უკეთეს შემთხვევაში, ნაწილობრივ არსებობას, აღნიშნული მომსახურეობის მიღება წმინდად ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაა.

კითხვა 3: რა არის თქვენი მთავარი წინაასარჩევნო დაპირება ამომრჩევლისათვის? რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი.

დიმიტრი მხეიძე (ქართული ოცნება)

მოდით, ვისაუბროთ პირადად ჩემს – დიმიტრი მხეიძის დაპირებებსა და „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებებზე. დიმიტრი მხეიძის დაპირებაა, იყოს ხალხის სამსახურში. „ქართული ოცნების“ გუნდს საკმაოდ ბევრი დაგეგმილი პროექტი აქვს: სახელმწიფოს დახმარებით მოქალაქეებს საკუთარი მცირე თუ საშუალო ბიზნესის განვითარების მეტი შესაძლებლობა მიეცემათ. უკვე წარმატებით მუშაობს პროგრამები: „აწარმოე საქართველოში“, სახელმწიფო საგრანტო პროექტი, საიდანაც მიღებული გრანტებით (5-დან 15 ათას ლარამდე) მოქალაქეებს საკუთარი საქმიანობის გაფართოება შეუძლიათ, „სტარტაპ საქართველო“, „დანერგე მომავალი“, სოფლის მეურნეობის ხელშემწყობი პროექტები, შეღავათიანი აგროკრედიტები და სხვა – ყველა ამ პროგრამის დახმარებით უამრავი ჩვენი მოქალაქე დასაქმდა. ჩვენ ამ სახელმწიფო პროგრამების გაფართოებას და ახალი მიმართულებების გახსნას ვგეგმავთ, რაც კიდევ უფრო მეტ სამუშაო ადგილს შექმნის. ჩაეშვება პენსიონერების დასაქმების პროგრამა „ცხოვრება გრძელდება“, რაც შრომისუნარიან და საკუთარი საქმის პროფესიონალ პენსიონერებს დასაქმებისა და ცხოვრების ღირსეულად გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს. ეს ორმხრივ სასარგებლო პროექტია, რადგან იგი პენსიონერების დამსაქმებელ ბიზნესისთვის გარკვეული შეღავათების დაწესებას გულისხმობს; ქუთაისში აშენდება თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების საუნივერსიტეტო ქალაქი, ეს საქართველოს მომავალში ჩადებული ყველაზე დიდი ინვესტიციაა. მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის საგანმანათლებლო პროექტი ჩვენს ისტორიას სულ რამდენიმე ახსოვს. საუნივერსიტეტო ქალაქი კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრი იქნება. აშენდება 60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქი 140 ჰექტარზე, შენობების საერთო ფართი კი 1 მილიონი კვადრატული მეტრი იქნება. საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის ფარგლებში აშენდება კინოთეატრები, დასასვენებელი კლუბები, კაფეები, სპორტული ინფრასტრუქტურა, ფეხბურთისა და რაგბის მოედნები, ჩოგბურთის კორტები, მინიფეხბურთის მოედნები, კალათბურთის დარბაზი, საცურაო აუზი, სპორტული დარბაზები და შეიქმნება ყველა ის კომფორტი, რაც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებშია. გამოყენებული იქნება მაღალი ეკოლოგიური სტანდარტები, განახლებადი ენერგიების სისტემები, „მწვანე ტექნოლოგიები“. საუნივერსიტეტო ქალაქში უნივერსიტეტის მთავარი პროფილი ტექნოლოგიური და ტექნიკური მეცნიერებები იქნება - აქ ისწავლება სხვადასხვა დარგის ინჟინერია, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, კომპიუტერული ტექნოლოგიები, აგრომიმართულებები, მეცნიერების სხვადასხვა დარგის მიჯნაზე მყოფი ინტერდისციპლინური პროგრამები. ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის პროექტების ერთობლივი ბიუჯეტი 1 მილიარდ ევროს შეადგენს, რომელსაც მთლიანად ფონდი ქართუ და პირადად ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს. ეს იქნება საერთაშორისო მნიშნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრი, რომელიც მთელი მსოფლიოდან მოიზიდავს სტუდენტებსდა უდიდეს როლს შეასრულებს როგორც ჩვენი ქვეყნის მეცნიერებისა და ეკონომიკის განვითარებაში, ასევე ტექნოლოგიებისა და თანამედროვე სამეცნიერო დისციპლინების განვითარებაში მთელი რეგიონის მასშტაბით.

რაც შეეხება დაპირებების შესრულების გრაფიკს, ისინი მთავრობის მიერ შემუშავებული ქვეყნის განვითარების მკაფიო 4 პუნქტიანი გეგმას შეესაბამება, რომელიც რეფორმებისა და მსხვილი პროექტების განხორციელებას 4 ძირითადი მიმართულებით მოიცავს: ეკონომიკური რეფორმები, განათლების რეფორმა, სივრცითი მოწყობა (ქვეყნის სწორი ინფრასტრუქტურული განვითარება) და მმართველობის რეფორმა; შესაბამისად, ეს გეგმა მომავალ 4 წელზეა გაწერილი და კონკრეტულ სახელმწიფო სტრუქტურებს მათი შესრულების გრაფიკი კონკრეტული მიმართულებებისა და პროექტების შესაბამისად აქვთ. ამიტომ, ცოტა არასერიოზულია, გრაფიკებზე საუბარი, გეტყვით მხოლოდ ერთს - ამ გეგმის ამუშავების შედეგებს ჩვენი მოქალაქეები ეტაპოვრივად და თანდათან, მათი ყოველდღიურობის უკეთესობისკენ შეცვლით დაინახავენ. ერთ მნიშვნელოვან დეტალზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას: ჩვენი დაპირებები ჰაერზე ნასროლი სიტყვები არ გახლავს, ისინი ჩვენი პარტიის 4 წლიანი სამოქმედო პროგრამის ნაწილია, ოპონენტებისგან განსხვავებით კი, „ქართული ოცნება“, როგორც მმართველი პარტია, უდიდესი პასუხისმგებლობით მოეკიდა საარჩევნო პროგრამის ფორმირების პროცესს ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი თითოეული დაპირება მკაცრი ანალიზის შედეგადაა გაცემული, რაც მათი შესრულების გარანტია.

აკაკი ბობოხიძე (ნაციონალური მოძრაობა)

გაიმარჯვებს ნაციონალური მოძრაობა და ქუთაისი გახდება ნამდვილი დედაქალაქი ჩვენი ქვეყნისა, დედაქალაქს ექნება დედაქალაქის ბიუჯეტი. დედაქალაქის ბიუჯეტი კი ნიშნავს ყველა იმ ყოფითი პრობლემის მოგვარებას, რომელიც ქუთაისელების წინაშე დგას.

სამსონ გუგავა (ლეიბორისტული პარტია)

ლეიბორისტული პარტია და მისი კანდიდატები იღებენ ვალდებულებას, ოლიგარქიული ხელისუფლების დამარცხებისთანავე გაატარონ მთელი რიგი მიმართულებით შემდეგი სახის რეფორმები: საბანკო რეფორმა, საგანმანათლებლო რეფორმა, ჯანდაცვის რეფორმა, საპენსიო რეფორმა, ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების განსაზღვრის რეფორმა, დასაქმების ბაზრის შექმნის რეფორმა, საინვესტიციო ბაზრის რეფორმა. ესაა იმ უპირველეს საკითხთა ჩამონათვალი, რომელიც უნდა განხორციელდეს უსწრაფესად.

კითხვა 4: გვითხარით ის რეალური გზები, თუ როგორ აპირებთ დაპირებების შესრულებას მაშინ, როდესაც ამ ტიპის საქმიანობა ძირითადად ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმართველობის კომპეტენციაა?

დიმიტრი მხეიძე (ქართული ოცნება)

საზოგადოებასთან შეხვედრებზე ხშირად ვაწყდებით მოცემულობასთან აცდენილ მოლოდინს, მაჟორიტარი დეპუტატებისაგან ხშირად ითხოვენ: გზების დაგებას, სკვერების გაკეთებას და სხვა. რა თქმა უნდა, საჭიროა, მოსახლეობამ გამიჯნოს, რა არის პარლამენტარის კომპეტენცია და რა არის ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენცია. მართალია, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი დეპუტატი პირდაპირ კავშირშია მსგავს საკითხებთან, მაგრამ არც საპარლამენტო მაჟორიტარი დგას ძალიან შორს. საკანომდებლო ორგანოს წარმომადგენელსაც არ ზღუდავს კანონმდებლობა, ითანამშრომლოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან, აქტიურად მოთხოვოს ადგილობრივ ხელისუფლებას საარჩევნო ოლქში არსებული კონკრეტული პრობლემების მოგვარება. გააკონტროლოს ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციაში არსებული საკითხები.

აკაკი ბობოხიძე (ნაციონალური მოძრაობა)

კიდევ ერთხელ ვამბობ, ქუთაისი იქნება დედაქალაქი, მას ექნება დედაქალაქის ბიუჯეტი, ხოლო ბიუჯეტის არსებობის შემთხვევაში და კარგი მმართველობის პირობებში, რომელიც ასევე ქუთაისელების გადასაწყვეტია, თუ ვის ანდობს ქუთაისის ბიუჯეტის მართვას, ბუნებრივია, დაიწყება იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც დღეს ქალაქის წინაშე დგას.

სამსონ გუგავა (ლეიბორისტული პარტია)

ამ კითხვაზე ზემოთ გავეცი პასუხი.

კითხვა 5: რამდენად არსებობს შესაბამისი საკონონმდებლო ბაზა (ანუ, რა უფლებები გაქვთ ან არ გაქვთ როგორც მაჟორიტარს და ამ მხრივ რას შეცვლიდით) და ეკონომიკური რესურსი იმ დაპირებების შესასრულებლად, რასაც თქვენ იძლევით?

დიმიტრი მხეიძე (ქართული ოცნება)

ჩემი დაპირებები ემთხვევა იმ საერთო დაპირებებს, რასაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი ჰპირდება ამომრჩეველს. „ქართულმა ოცნებამ“ გასული 4 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებებით მოახერხა ქვეყნის განვითარების სწორ გზაზე დაყენება. მან დაამტკიცა, რომ ხალხზე მზრუნველი, ადამიანური ძალაა. ჩვენ გვაქვს ქვეყნის მართვის პოზიტიური გამოცდილება! ჩვენი ნებისმიერი დაპირება ზუსტ სიტუაციურ ანალიზსა და შესაძლო რისკების მაქსიმალურ გათვალისწინებას ეფუძნება, ამიტომ ყველა იმ დაპირების შესასრულებლად, რომელიც ჩვენი მხრიდან გაიცა, ყველანაირი რესურსი არსებობს, განსხვავებით ჩვენი ოპონენტებისგან, რომელთაც არც რაიმე ეკონომიკურ რესურსზე მიუწვდება ხელი და არც ქვეყნის სასიკეთო საკანონმდებლო ბაზის შექმნის გამოცდილება აქვთ.

მე გამოვიყენებ ჩემს პოზიციას და რესურსს, რომ საინტერესო შესაძლებლობების შეთავაზებით რეგიონში მოვიზიდო ინვესტორები. ვფიქრობ, რომ ეს რეალურია და მე ამას შევძლებ.

აკაკი ბობოხიძე (ნაციონალური მოძრაობა)

მაჟორიტარს არ აქვს არანაირი განსხვავებული უფლებები იმისგან, რაც აქვს ნებისმიერ პარლამენტარს. ჩვენი უფლებები ეს არის საპარლამენტო ზედამხედველობა ბიუჯეტზე და მის ხარჯვაზე. და თუ, ზოგადად, პარლამენტი თავის მთავარ ფუნქციას განახორციელებს, მე ვფიქრობ, სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ პარლამენტმა შეძლოს, მოახდინოს გავლენა დადებითად იმ პროცესებზე, რომლებიც დღეს ქვეყანაში მიდის და მათ შორის, კონკრეტულად ქუთაისშიც. ბუნებრივია, როგორც მაჟორიტარი, აქტიურად ვიქნები ჩართული ყვველა იმ საკითხის განხილვაში, რომელიც ეხება ქუთაისს და რომელიც შეიძლება სასიკეთოდ გამოადგეს ქალაქს.

სამსონ გუგავა (ლეიბორისტული პარტია)

მაჟორიტარს არავითარი უპირატესობა არ გააჩნია პროპორციული სიით გასული დეპუტატისაგან, ამიტომაც ვთვლით, რომ ესაა ხელისუფლების მიერ მისი შენარჩუნების მანკიერი გზა.

ლეიბორისტული პარტია გეგმავს ამ არჩევნებში გამარჯვებას და შესაბამისად, ეს გუნდი მზადაა, აიღოს ვალდებულება, რომ ის გამოიყვანს ქვეყანას კრიზისიდან.

კითხვა 6: რომელი კანონების ინიცირებას გეგმავთ პარლამენტში თქვენს საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით?

დიმიტრი მხეიძე (ქართული ოცნება)

საოლქო არეალის მქონე კანონებს, ცხადია, ვერ მივიღებთ. კანონი ვერ იქნება მხოლოდ 48-ე საარჩევნო ოლქისთვის. საკანონმდებლო სივრცე საერთოა ქვეყნის ყვველა მოქალაქისათვის. ვაპირებ ისეთი კანონებს ინიცირებას, რომელიც საერთო სატკივარია ყველა მოქალაქისა და მათ შორის – ჩვენს ოლქში მცხოვრებთათვის, მაგალითად: საკვები პროდუქტების სტანდარტებისა და ვარგისიანობის ხარისხის შესახებ, ფარმაცევტული პრეპარატების ხარისხის კონტროლის შესახებ და სხვა.. პრობლებური საკითხია ონლაინ სესხების გაცემის პროცედურები და უჩვეულოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთები, რომელსაც ამჟამად არაფერი არ არეგულირებს.

აკაკი ბობოხიძე (ნაციონალური მოძრაობა)

საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ვერანაირი კანონი ვერ იქნება მიღებული, მაგრამ ჩვენ, და არამარტო მე, არამედ მთლიანად ჩვენი გუნდი, ის სამი კანდიდატი, რომელიც დასახელებული ვართ ქუთაისში: მე, გია თევდორაძე და გიგი წერეთელი, ვგეგმავთ ქუთაისთან დაკავშირებული კანონის ინიცირებას - ქუთაისის, როგორც საპარამენტო დედაქალაქის შესახებ.

სამსონ გუგავა (ლეიბორისტული პარტია)

ჯერ კრიზისული სიტუაციაა დასაძლევი როგორც ქვეყანაში, ისე ქალაქში.

კითხვა 7: რას ფიქრობთ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების იდეაზე? უნდა გაუქმდეს თუ არა და რატომ?

დიმიტრი მხეიძე (ქართული ოცნება)

მაჟორიტარი დეპუტატის ინსტიტუტი მართვის დემოკრატიული სისტემის ნაწილია. თუ ეს ინსტიტუტი არ მოგვწონს, იქნებ, საერთოდ დემოკრატიის პრინციპებზეც ვთქვათ უარი? მართვის ყველა სისტემას აქვს თავისი ნაკლოვანებები, მაგრამ დემოკრატიაზე უფრო ეფექტური მოდელი ჯერ კაცობრიობას არ შეუქმნია.

აკაკი ბობოხიძე (ნაციონალური მოძრაობა)

მაჟორიტარულ სისტემას აქვს ბევრი მინუსი და ბევრი პლუსი ისევე, როგორც წმინდა პროპორციულ სისტემას. ჩვენ უნდა არ უნდა ვიფიქროთ მხოლოდ იმაზე, რომ ხელაღებით გავაუქმოთ მაჟორიტარული სისტემა, არამედ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოხერხდეს ის, რომ მაჟორიტარულმა სისტემამ თვისობრივად და ხარისხობრივად არ შეცვალოს პროპორციული არჩევნების შედეგები. ანუ პროპორციულ სისტემაში დამარცხებული პარტია არ აღმოჩნდეს მაჟორიტარების ხარჯზე გამარჯვებული, ან ცოტათი გამარჯვებული პარტია არ აღმოჩნდეს აბსოლუტურ უმრავლესობაში. ამიტომ ამ მოდერნიზაციაზე უნდა ვიფიქროთ და არა იმაზე, რომ ხელაღებით მაინცდამაინც გავაუქმოთ მაჟორიტარული ნაწილი და დავიდეთ მხოლოდ პროპორციულზე. იმიტომ რომ, ვიმეორებ, ყველა სისტემას აქვს თავისი პლუსი და თავისი მინუსი.

სამსონ გუგავა (ლეიბორისტული პარტია)

ამ კითხვაზე უკვე ვუპასუხე ზემოთ.

კითხვა 8: პარლამენტში თქვენი არჩევის შემთხვევაში, თუკი ოპოზიციაში იქნებით, რა გზებით შეეცდებით თქვენი დაპირებების განხორციელებას?

დიმიტრი მხეიძე (ქართული ოცნება)

ჩემი დაპირებები თანხვედრაშია იმ საერთო დაპირებებთან, რასაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი ჰპირდება ამომრჩეველს. მე წარმოვადგენ მმართველ პარტიას, რომელმაც გასული 4 წლის განმავლობაში სწორედ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებებით მოახერხა ქვეყნის განვითარების სწორ გზაზე დაყენება, ძალას, რომელმაც 4 წლის მანძილზე დაამტკიცა, რომ ხალხზე მზრუნველი, ადამიანური ძალაა და ჩვენ გვაქვს ქვეყნის მართვის პოზიტიური გამოცდილება!

აკაკი ბობოხიძე (ნაციონალური მოძრაობა)

დღეს აბსოლუტურად ყველა პარტიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ არ დაუჭერენ მხარს პარლამენტის ქუთაისიდან გატანას, ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ეს იდეა უნდა გადარჩეს. რაც ყველაზე უფრო მთავარია, შეიცვალოს ის მახინინჯი მდგომარეობა, რომელიც დღეს გვაქვს - ეს არ არის საპარლამენტო დედაქალაქი, რომელიც დღეს გვაქვს. ეს არის შენობა, რომელშიც ორ კვირაში ერთხელ დეპუტატები ატარებენ სხდომას. ჩვენ, ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ეს ქალაქი გახდეს ნამდვილი პოლიტიკური ცენტრი ქვეყნისა.

სამსონ გუგავა (ლეიბორისტული პარტია)

ლეიბორისტული პარტია გამარჯვებას აპირებს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში და ჩვენ პირნათლად განვახორციელებთ ჩვენს მიერ აღებულ ვალდებულებებს.

კითხვა 9: გექნებათ თუ არა კონკრეტული ინიციატივები, რომლებსაც მთავრობას და პარლამენტს შესთავაზებთ სამუშაო ადგილების გაზრდისა და უმუშევრობის შესამცირებლად?

დიმიტრი მხეიძე (ქართული ოცნება)

რა თქმა უნდა, მექნება, მე კარგად ვიცნობ ჩემი რეგიონის შესაძლებლობებს. ვიცი, რა შეიძლება გაკეთდეს აქ და მაქვს კონკრეტული ხედვა და გეგმა, თუ როგორ აღვასრულო ეს ხედვა. მე ვფიქრობ, რომ ჩემს ქალაქს აქვს ის უნიკალური, მისთვის დამახასიათებელი უპირატესობა, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ ის საინტერესო გახდეს არამარტო კერძო ინვესტორებისთვის, არამედ მთავრობამაც განახორციელოს ინვესტოციები.

ჩვენ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ვგეგმავთ საგადასახადო შეღავათების, ბიზნესის ლიბერალიზაციის და მცირე ბიზნესის განვითარების მხარდამჭერი პროგრამების ხარჯზე. ამ კუთხით უკვე გაკეთდა ბევრი რამ: ვგულისხმობ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის მიერ ინიცირებულ არაერთ სახელმწიფო ამ პროექტებით უკვე ისარგებლა რამდენიმე ათასმა ადამიანმა.

აკაკი ბობოხიძე (ნაციონალური მოძრაობა)

ჩვენ დღესაც გვაქვს ეს ინიციატივები და შეთავაზებები. ოთხი წლის განმავლობაში ქართული ოცნების ხელისუფლებას ვთხოვდით, რომ დავმჯდარიყავით და გველაპარაკა წარსულზე საქმიანად, თუ რას ვაკეთებდით, რატომ ვაკეთებდით, როგორ ვაკეთებდით და წარსულის სწორი ანალიზის საფუძველზე გაგვეგრძელებინა ის, რაც კარგად კეთდებოდა და მაქსიმალურად გამოგვესწორებინა ის, რაც კარგად არ კეთდებოდა. სამწუხაროდ, ქართული ოცნება წავიდა მხოლოდ დაპირისპირებაზე, ყველა კარგი პროექტი, ყველა კარგი შეთავაზება, პრაქტიკულად, არის გაჩერებული, ხოლო მანკიერი მხარე ჩვენი მმართველობისა, პირიქით, არის წახალისებული და გაათმაგებული ქართული ოცნების მიერ. მაგალითად, გეტყვით მსხვილ პროექტებზე _ დღესაც არ არის ანაკლიის, თუ ლაზიკის (როგორც არ უნდა დავარქვათ) პორტი. აქ მთავარი პორტია და არა სახელი. დღესაც არ არის დამთავრებული საქართველო თურქეთის დამაკავშირებელი რკინიგზა, თბილისის შემოვლითი რკინიგზა. უფრო ნაკლებმასშტაბურ პროექტებზეც ვიტყვი, რომლებიც თავისი მნიშვნელობით არც თუ ისე პატარაა: ერთი ნაბჯი არ გადადგმულა ოკაცეს კანიონების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისათვის, დღესაც არ არის დაწყებული მესტია–ლენტეხის დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა, რომელიც რეგიონის განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა და ეს არ არის მხოლოდ ლენტეხისა და მესტიის დამაკავშირებელი გვირაბი, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანისთვის უნდა გაეადვილებინა ურთიერთკავშირი. ეს არის უზარმაზარი ტურისტული მარშრუტი. დღეს ნებისმიერ ტაქსის მძღოლს, ნებისმიერ სასტუმროს მფლობელს შეიძლება ჰკითხოთ ქუთაისში, ჩამოსული ტურისტი პირველად რასაც ითხოვს, ითხოვს მესტიაში აყვანას და იმის მაგივრად, რომ უმოკლესი გზით მიგვყავდეს ტურისტი, ვაკეთებთ ამას შემოვლითი გზით.

უნდა განვითარდეს ქუთაისის აეროპორტის ფუნქცია და ის არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ სამგზავრო, ის უნდა ყოფილიყო ასევე სატვირთო ჰაბი. და უამრავი სხვა პროექტი. სამაგიეროდ, ქართულმა ოცნებამ წაახალისა მავნე დამოკიდებულება. მაგალითად: თუ სააკაშვილის დროს კომფორტი იყო სახელისუფლებო სტრუქტურებში, დღეს სამჯერ უფრო კომფორტია. დღეს ადმინისტრაციაზე სამჯერ და ოთხჯერ უფრო მეტი ფული იხარხება. დღეს ბიუროკრატიული ხარჯები გაზრდილია. დღეს ბიუროკრატიაში გაცილებით მეტი ადამიანია უსაქმოდ გაფორმებული. და ეს არ ეხება მარტო ცენტრალურ ხელისუფლებას. აბსოლუტურად ყველა რაიონში დანიშნულია იმდენი ადამიანი, რომ ოთახებშიც ვერ ეტევიან. მაგალითად: ერთ–ერთ რაიონში ასზე მეტი კაცია დასაქმებული სასაფლაოების მურნეობებში და ოთხია, თუ არ ვცდები, მესაფლავე. დანარჩენი, კაცმა არ იცის, იქ რას აკეთებს, უბრალოდ გაფორმებულები არიან. სანამ გაზაფხულია და ზაფხული, არაფერი უჭირთ. ქუჩაში ატარებენ დროს. ძალიან უჭირთ ზამთარში იმიტომ, რომ შენობაში ადგილი არ მოეძებნებათ, ვერ ეტევიან და გარეთ, სიცივეში დგომა არც ისე კომფორტულია.

სამსონ გუგავა (ლეიბორისტული პარტია)

ამ მიმართულებით რეფორმების გატარებას ვაპირებთ, რაზედაც უკვე მოგახსენეთ.

კითხვა 10: იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გახდებით პარლამენტის წევრი, რა ინტენსივობით და როგორ გააგრძელებთ ამომრჩეველთან კომუნიკაციას?

დიმიტრი მხეიძე (ქართული ოცნება)

საქართველოს პარლამენტის წევრის ამპლუაში, ვიქნები ამომრჩევლის პრობლემებისა და მოსაზრებების კარგი მსმენელი. ვფიქრობ, დღეს ყველზე დიდი პრობლემა ხალხის მსმენელი პოლიტიკოსების დეფიციტია. რაკი მაჟორიტარი დეპუტატი არის ამომრჩეველის ხმა საქართველოს პარლამენტში, ამიტომ ამ პროცესის პირველი ეტაპი ხალხის მოსმენაა. არ მინდა პათეთიკური, ვიყო მაგრამ, გამარჯვების შემთხვევაში მე ვიქნები რიგითი მოქალაქეების სამსახურში. ვფიქრობ, დღეს ხალხს ძალიან აკლია მათი პრობლემების და მოსაზრებების მსმენელი პოლიტიკოსი. მოგეხსენებათ, მე არ ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ, როგორც ექიმს, არ გამიჭირდება, ვიყო მსმენელი. ექიმი პაციენტს ჯერ უსმენს და მკურნალობას მერე უნიშნავს. ვფიქრობ, მაჟორიტარად არჩევის შემდგაც მოსმენის და პრობლემის გადაჭრის რეჟიმში ვიცხოვრებ.

მე, როგორც ექიმი, 24 საათიანი რეჟიმით ვმუშაობ და მუდმივად ხაზზე ვარ. ჩემი კლინიკა 24 საათი მუშაობ . მე მიჩვეული ვარ პაციენტებთან მუდმივ ურთიერთობას, დარწმუნებული ვარ, პარლამეტარის და ამომორჩევლებთან ურთიერთობის როლშიც იგივე გაგრძელდება .

მე ვაპირებ დავამსხვრიო ის სტერეოტიპი, რომელიც დღეს არსებობს - მექნება საფუძვლიანი და ძალიან მჭიდრო კონტაქტი ჩემს ამომრჩეველთან. ვიზრუნებ იმაზე, რომ ჩემს საარჩევნო ოლქში მქონდეს ჩემი, მაჟორიტარის ოფისი, სადაც ადამიანები მოვლენ კონკრეტული პრობლემებით და ჩვენ მათ მოგვარებაზეც ერთად ვიზრუნებთ.

აკაკი ბობოხიძე (ნაციონალური მოძრაობა)

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პარლამენტი არის ქუთაისში, ეს მიღება ძალიან მაღალი ინტენსივობით იქნება. ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი პარლამენტარი არამარტო ქუთაისელისთვის, არამედ ნებისმიერი მოქალაქისათვის.

სამსონ გუგავა (ლეიბორისტული პარტია)

ლეიბორისტული პარტია გეგმავს, გააუქმოს საშვთა სისტემა პარლამენტსა და ყველა არჩევით ორგანოში, რათა საზოგადოებამ (ამომრჩეველმა) შეუფერხებლად შეეძლოს ნებისმიერი დეპუტატისა და თანამდებობის პირთან შეხვედრა და ანგარიშის მოთხოვნა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.

კითხვა 11: არჩევის შემთხევევაში მომდევნო წლები იქნებით დეპუტატი, თუ შეიძლება აღმასრულებელ ხელისუფლებაში გიხილოთ?

დიმიტრი მხეიძე (ქართული ოცნება)

ვფიქრობ, ნაადევია ამაზე საუბარი.

აკაკი ბობოხიძე (ნაციონალური მოძრაობა)

ერთადერთი, რაზეც დიდი სიამოვნების დავთანხმდებოდი, ეს იმერეთის გუბერნეტორობაა, იმიტომ, რომ ძალიან საინტერესო პროექტები დავიწყეთ თავის დროზე და ვარ ბედნიერი, რომ ვიყავი იმ ჯგუფში, ვინც ამუშავებდა და ახორციელებდა ამ პროექტებს. თუმცა ჩემი თავი უფრო წარმოდგენილი მყავს პარლამენტში, მაგრამ ვიმეორებ, ეს არის ძალიან საპატივცემულო, ძალიან ღირსეული ადგილი, თუ ადამიანს გინდა რაიმეს გაკეთება შენი კუთხისთვის და შენი ქვეყნისთვის.

სამსონ გუგავა (ლეიბორისტული პარტია)

ვიქნები დეპუტატი.

კითხვა 12: რა წინადადებები გექნებათ ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად?

დიმიტრი მხეიძე (ქართული ოცნება)

რაც მეტია თვითმმართველობის ხარისხი ქვეყანაში, მით უფრო მაღალია მოქალაქეების თანამონაწილეობა ქვეყნის მართვაში, მით უფრო ადვილია ახალი ლიდერების გენერირება საზოგადოებაში. თვითმმართველობის ხარისხის გაუმჯობესება აუცილებელია. ეს ჩვენი ხვალინდელი დღის გამოწვევაა. მე შევისწავლე 48-ე ოლქში არსებული საკითხები, ვფიქრობ, რომ ბევრი რამის გაუმჯობესება შეიძლება, მე ვითანამშრომლებ ქუთაისის თვითმმართველობასთან და იმედი მაქვს, რომ არსებული რესურსების გათვალისწინებით, ჩვენ ყველა ერთად კიდევ უფრო ეფექტიანად ვიმუშავებთ. საქართველოს პარლამენტში მე არა მხოლოდ ჩემი ამომრჩევლის ინტერესების დაცვას, არამდე ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერასაც ვაპირებ, ანუ იმ კონკრეტული საკითხების დაყენებასა და მათ ბოლომდე მოსაგვარებლად ბრძოლას ვაპირებ, რომელთა გადაწყვეტასაც მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს ჩარევა სჭირდება; თუმცა ეს შრომა წარმოუდგენელია მოქალაქეების ჩართულობის გარეშე, რალური თვითმმართველობის განსავითარებლად ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

აკაკი ბობოხიძე (ნაც

თეგები: