"ავტობუსები, რომლებითაც დღეს რუსთავში საზოგადოებას უწევს გადაადგილება, არის მოძველებული. ქალაქის მესვეურთ დაავიწყდათ, რომ ავტობუსები უნდა შეიცვალოს".
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
რუსთავში მუნიციპალური ავტოპარკის მართვა მუნიციპალურ შპს "რუსთავის მუნიციპალურ ავტოტრანსპორტის საწარმოს" ევალება. შპს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რუსთავის მუნიციპალური ავტოპარკი ავტობუსებით 2007-2009 წლებში შეივსო.ამ დროისთვის ქალაქს 17 ყვითელი ("ბოგდანის" მარკის) ავტობუსი ემსახურება. შპს-ის დირექტორის, ფრიდონ დვალაძის განცხადებით, რუსთავის მუნიციპალიტეტი მომავალი წლიდან ავტოპარკის სრული განახლებისთვის მუშაობს. აღნიშნულს ადასტურებენ რუსთავის მერიაშიც. უწყებაში ამბობენ, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტი მოლაპარაკებებს EBRD-თან აწარმოებს.
კითხვაზე - გაუვიდათ თუ არა რუსთავში მომუშავე მუნიციპალურ ავტობუსებს ექსპლუატაციის ვადა, შპს "რუსთავის მუნიციპალურ ავტოტრანსპორტის საწარმოს" დირექტორი აცხადებს, რომ ავტობუსების მიერ ზუსტი გავლილი მანძილის დადგენა შეუძლებელია, რადგან ყველა მათგანს გავლილი მანძილის მთვლელი (ოდომეტრი) გაუფუჭდა. თუმცა, ინფორმაცია ავტობუსების მიერ გავლილი საშუალო მანძილის შესახებ მოგვაწოდა.
სურათი 1:
ქალაქ რუსთავში მომუშავე ავტობუსების მიერ გავლილი საშუალო მანძილი
მუნიციპალური შპს-ის მიერ მოწოდებული ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად, ამ ტიპის ტრანსპორტს ექსპლუატაციის ვადა პირველ ეტაპზე 600 000 კილომეტრის გავლის შემდეგ გასდის და კაპიტალურ რემონტს საჭიროებს. მეორე და მესამე გეგმიური რემონტის ეტაპები კიდევ 480 000 და 384 000 კმ-ის გავლის შემდეგ დგება.
რუსთავის მუნიციპალური შპს-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რუსთავში მომუშავე ავტობუსების მიერ გავლილი მანძილი საშუალოდ 571 320 კმ-ს არ აღემატება. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ მონაცემი ზუსტი არაა, რადგან როგორც აღვნიშნეთ, ტრანსპორტის მანძილის მთვლელის სისტემა მწყობრიდანაა გამოსული.
მართალია, მუნიციპალური შპს ერთი მხრივ ამტკიცებს, რომ ტრანსპორტის ექსპლუატაციის ვადა გასული არ არის, თუმცა, მეორე მხრივ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აცხადებს, რომ ტრანსპორტი განახლებას საჭიროებს.
ფაქტ-მეტრმა მოქალაქეებიც გამოკითხა, რომლებიც მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობენ. როგორც მათმა ნაწილმა ჩვენთან საუბარში თქვა, მგზავრობისას იმის განცდა აქვთ, რომ ავტობუსი "საცაა დაიშლება". რუსთავის მუნიციპალური ავტობუსებით ფაქტ-მეტრმაც იმგზავრა და ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობაზე მასალაც მოამზადა. აღნიშნულ ავტობუსში როგორც სკამები ასევე იატაკი დაზიანებულია, იატაკის დაზიანებულ მასალას კი ფანერის ნაჭერი ცვლის. დასკვნაროგორც ფაქტ-მეტრმა გაარკვია, ავტობუსების ექსპლუატაციის ამსახველი ზუსტი მონაცემები, თოთოეული მანქანის გარბენის სახით, შპს "რუსთავის მუნიციპალურ ავტოტრანსპორტის საწარმოს" არ გააჩნია, რის მიზეზადაც ოდომეტრების მწყობრიდან გამოსვლას ასახელებს. შპს-ის მიერ მოწოდებული საშუალო გარბენის მონაცემების თანახმად, მუნიციპალური ავტობუსების ექსპლუატაციის ვადა გასული ჯერ არ არის. თუმცა, ავტობუსების დიდი ნაწილი რუსთავში ვიზუალურად ნამდვილად მოძველებულად გამოიყურება.
მუნიციპალური ტრანსპორტის შეცვლის საჭიროებაზე თავად ადგილობრივი ხელისუფლებაც საუბრობს. რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებებს ამის თაობაზე EBRD-თან აწარმოებენ, თუმცა ამ მოლაპარაკებების შედეგების შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი.
შესაბამისად, დავით კირკიტაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.