„2015 წელს მოვითხოვე საჯარო ინფორმაცია ერთ საკითხზე და მივიღე ერთი წლის შემდეგ. მანამდე სამჯერ შევახსენე“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ზაურ ახვლედიანის განცხადების გადასამოწმებლად თავად განცხადების ავტორს დავუკავშირდით, რომელმაც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ 2014 წლის ნოემბერში ქალაქის მერს მიმართა ინფორმაციის მოწოდების თხოვნით ქალაქის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობისთვის დახარჯული თანხების ოდენობის შესახებ. „დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში სამჯერ შევახსენე (ქალაქის მერს) საკრებულოს სხდომებზე, რომ იქნებ დაეჩქარებინა და ეპასუხა ამ წერილზე. ბოლოს მოვითხოვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უფლებამოსილი პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. 2016 წლის დასაწყისში ახალი წერილი დავწერე და უკვე მიპასუხეს“, - აღნშნა ახვლედიანმა.
2016 წლის თებერვალში გაგზავნილიწერილის შინაარსიდან ირკვევა, რომ ზაურ ახვლედიანი მერიას 2014 წლის 24 ნოემბერს გაგზავნილ წერილს ახსენებს და მერისგან ითხოვს, განმცხადებელს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირების ვინაობა აცნობოს.
ზაურ ახვლედიანი ფაქტ-მეტრთან მეორე განცხადებაზეც საუბრობს. მისი თქმით, 2016 წლის 20 ივნისს მან მოითხოვაინფორმაცია, თუ რა კეთდება "რესპუბლიკური პარტიის" იმ ინიციატივის სისრულეში მოსაყვანად, რომელიც მახინჯაურის სტადიონის მერიის საკუთრებაში გადაცემას და სტადიონთან არსებული სკვერისთვის სტატუსის მინიჭების პროცედურებს ეხება. ახვლედიანის თქმთ, პასუხი ამ წერილზე ორ თვეზე მეტხანს ელოდა, რაც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კანონით უზრუნველყოფილი ნორმების უხეში დარღვევაა.
ფაქტ-მეტრმა საკითხთან დაკავშირებით კომენტარის მოპოვება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაშიც სცადა. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი შვებულებაში აღმოჩნდა. მისმა მდივანმა კი მერიის აპარატის უფროსთან დაკავშირება გვირჩია. მერიის აპარატის უფროსმა გვიპასუხა, რომ ეს საკითხი მისი გასარკვევი არ არის და კვლავ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისკენ მიგვითითა. მიუხედავად ფაქტ-მეტრის მცდელობისა, ქალაქ ბათუმის მერიისგან აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ვერ მივიღეთ.
საჯარო დაწესებულება ვალდებულია, გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციაზე პასუხი სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას, ასევე მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას, ან კიდევ სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას მოითხოვს. როცა 10 დღიანი ვადის გამოყენება საჭიროა, ამ შემთხვევაში საჯარო უწყება ვალდებულია, ამის შესახებ განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ ეს მოთხოვნები დაარღვია. მიუხედავად ამისა, ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი ამბობს, რომ მას განცხადებაზე პასუხის ერთწლიანი დაგვიანებით გაცემის ფაქტის არ სჯერა.
დასკვნაფაქტ-მეტრმა გაარკვია, რომ ზაურ ახვლედიანმა მერიას არა 2015 წელს, არამედ 2014 წლის ბოლოს მიმართა და პასუხი ერთი წლის განმავლობაში მართლაც არ მიუღია. პირველ წერილზე პასუხის მოთხოვნით საკრებულოს წევრმა 2016 წლის თებერვალში წერილი კიდევ ერთხელ გაგზავნა და ამ შემთხვევაში პასუხი მიიღო. შესაბამისად, გაირკვა, რომ ზაურ ახვლედიანს განცხადებაზე პასუხი მერიამ მართლაც ერთი წლით, უფრო ზუსტად, ერთი წლითა და სამი თვით დაუგვიანა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზაურ ახვლედიანის განცხადება არის სიმართლე.