„რუსთავი 2“-ის ეთერში, დაზიანებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე საუბრისას, ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს უფროსს ბათუმის ბარბარეს ტაძრის გადაკეთების ფაქტი შეახსენა: „ბარბარეს ტაძარი ბათუმში ფაქტობრივად მთლიანად დაინგრა, მაგრამ შედეგი არ გვაქვს“. ამის საპასუხოდ, ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადა: „ბარბარეს ეკლესიაზე საქმე სასამართლოშიც იყო. მე ვერ გამოვდგები სასამართლოს შინაარსობრივი მხარის ამხსნელად, მაგრამ სასამართლომდე მივიყვანეთ ეს საქმე“.
ბარბარეს ეკლესიის დაზიანების ფაქტზე რეაგირებას ბათუმელთა ნაწილი 2014 წლის შემდეგ ელოდება. მას შემდეგ, რაც ტაძრის წინამძღვარმა ძეგლის იერსახის შეცვლა გადაწყვიტა. პირი, რომელმაც ძეგლზე სამუშაოები გააპროტესტა და საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ვარაუდობს, რომ საქმეზე მოკვლევა შეჩერდა.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, მივიდა თუ არა სასამართლომდე ბარბარეს ტაძრის დაზიანების საქმე, როგორც ნიკოლოზ ანთიძე ირწმუნება.
ბარბარეს ტაძრის ფასადის შეცვლა 2014 წლის 11 იანვარს, ტაძრის წინამძღვრის, გიორგი მამალაძის მითითებით დაიწყო. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფის გამო საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელმა შოთა გუჯაბიძემ პოლიცია გამოიძახა, რის შემდეგაც მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.რა ეტაპზეა ძეგლის ხელყოფის გამო სამი წლის წინ დაწყებული გამოძიების შედეგი, ეს შოთა გუჯაბიძისთვის უცნობია.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცხადებდნენ, რომ ძეგლის რეკონსტრუქციისთვის ნებართვა არ გაუციათ, თუმცა, ამის მიუხედავად, მისი ხელყოფისთვის არავინ დაუჯარიმებიათ. ტაძრის წინამძღვარმა გიორგი მამალაძემ განაცხადა,რომ ფასადის რემონტი მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობდა. ბარბარეს ტაძარი ამჟამად მთლიანად სახეშეცვლილია.
ბარბარეს სახელობის ეკლესია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აიგო და ძველი ჰოსპიტლის მართლმადიდებლურ სამლოცველოს წარმოადგენდა. ტაძარს რესტავრაცია 1996 წელს ჩაუტარდა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსის, მირანდა ჩარკვიანის შეფასებით, ბარბარეს სახელობის ტაძარი ქალაქის ისტორიის ნაწილი იყო და ლანდშაფტს მასშტაბით, ფერით და ფორმით ერწყმოდა. ძეგლის სტატუსიც 2011 წელს, ამ ღირებულებების გამო მიენიჭა. სააგენტოს უფროსის თქმით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ბარბარეს ტაძრის დაცვის ბერკეტი არ გააჩნდა, რადგან საკულტო ნაგებობებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო იცავს.საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინსპექციის უფროსი კი, ირწმუნება, რომ ბარბარეს ეკლესიის გადაკეთების ფაქტზე პოლიციაში მან დარეკა. ლევან ჭავჭავაძე ადასტურებს, რომ ძეგლის იერსახის შეცვლა დაზიანებას ნიშნავს. ძეგლის დაზიანება კი, ცალსახად სისხლის სამართლის დანაშაულია. მისი განმარტებით, ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მივიდა, თუმცა მას შემდეგ ამ საქმის შესახებ სააგენტოში არაფერი იციან. ლევან ჭავჭავაძის თქმით, სანამ გამოძიება სააგენტოს დაზარალებულად ან მხარედ არ ცნობს, მანამდე საქმეში ჩართვის უფლება არ აქვთ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ძეგლის დაზიანებაზე რეაგირება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არა მარტო უფლება, არამედ ვალდებულებაცაა. გიორგი ხიმშიაშვილის აზრით, ამ თვალსაზრისით სააგენტომ კომპლექსური ქმედებები უნდა განახორციელოს, მათ შორის სასამართლოსაც უნდა მიმართოს.
რა ეტაპზეა ბარბარეს ტაძრის დაზიანების ფაქტზე აღძრული საქმის გამოძიება? - ფაქტ-მეტრმა ამ კითხვით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, თუმცა უწყებისგან პასუხი ვერ მივიღეთ. გასულ წლებში კი, შსს-ში ირწმუნებოდნენ, რომ მომხდარის შესახებ მოკვლევა მიმდინარეობდა.კითხვით, იყო თუ არა სარჩელი შეტანილი ბარბარეს ტაძრის დაზიანების ფაქტზე, ფაქტ-მეტრმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა. სასამართლოში განაცხადეს, რომ 2014-2016 წლებში ასეთი სარჩელი სასამართლოში არ შესულა.
იერსახის მთლიანად შეცვლის მიუხედავად, ბარბარეს ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ისევ შენარჩუნებული აქვს.
დასკვნა
ბარბარეს ტაძრის დაზიანების ფაქტი პოლიციის ეკიპაჟს საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელმა შოთა გუჯაბიძემ აცნობა. მომხდარის გამო პოლიციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომაც მიმართა. სასამართლოსთვის მიმართვას კი არც სააგენტოს ინსპექციის უფროსი და არც შოთა გუჯაბიძე ადასტურებენ. გამოძიების მსვლელობის შესახებ ინფორმაცია არცერთ მათგანს აქვს. ამ საკითხზე კომენტარს არც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში კი, აცხადებენ, რომ მსგავსი საქმე წარმოებაში არ ჰქონიათ.
აქედან გამომდინარე, ნიკოლოზ ანთიძის განცხადება არის მცდარი.