ნოემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა: „2012 წელთან შედარებით ელექტროენერგიის გენერაცია გაზრდილია ფაქტურად 20%-ით და ახალი ობიექტებიდან დაახლოებით 2 მლრდ კვ/სთ-ს ვღებულობთ”.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბალანსის შესახებ მონაცემებს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი (ესკო) აქვეყნებს. მოცემული დროისთვის მხოლოდ 2016 წლის 10 თვის მონაცემებია ხელმისაწვდომი. ოქტომბრის ჩათვლით, ჯამურმა გამომუშავებამ 9388.9 მლნ კვტ/სთ შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემს 340 მლნ კვტ/სთ-ით (3.75%) აღემატება. 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში კი, გენერაციის ზრდამ 1316 მლნ კვტ/სთ შეადგინა, რაც 16.3%-იანი ზრდაა.
რაც შეეხება გენერაციის ახალ ობიექტებს, პირველ რიგში, აღსანიშნავია გარდაბნის თბოელექტროსადგური (თესი), რომლის ჯამურმა გამომუშავებამ მიმდინარე წლის ოქტომბრის ჩათვლით 823 მლნ კვტ/სთ-მდე შეადგინა. 2012 წლის შემდეგ ექსპლუატაციაში არცერთი მარეგულირებელი ჰესი არ შესულა, სეზონურ ჰესებს კი ფარავანჰესი და ლარსიჰესი შეემატა, რომელთა ერთობლივმა გამომუშავებამ მიმდინარე წლის 10 თვეში 397.3 მლნ კვტ/სთ შეადგინა. თუმცა, ლარსიჰესის შემთხვევაში, მიმდინარე წლის ივლისიდან მოყოლებული, გენერაცია არ ფიქსირდება. რაც შეეხება დერეგულირებულ ჰესებს, მათი რიცხვი, 2016 წლის ენერგობალანსის თანახმად, 2012 წლის შემდეგ 14 ერთეულით გაიზარდა, ჯამურმა გამომუშავებამ კი 266.9 მლნ კვტ/სთ შეადგინა. შესაბამისად, 2013 წლიდან დღემდე ექსპლუატაციაში შესული გენერაციის ობიექტების ჯამურმა გამომუშავებამ 2016 წლის 10 თვის განმავლობაში 1487.2 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია.
ენერგო ბალანსის ანალიზისას, გენერაციასთან ერთად, მნიშვნელოვანი ასპექტია წმინდა გამომუშავებისა (დანაკარგების გათვალისწინებით) და ჯამური მოხმარების (ტრანსპორტირების ხარჯის ჩათვლით) ურთიერთმიმართება. გრაფიკი 1 სწორედ ბოლო წლების დეფიციტის ცვლილებას ასახავს.
გრაფიკი 1:
წმინდა გამომუშავებისა და ჯამური მოხმარების შესაბამისობა (მლნ კვტ/სთ)
წყარო: სს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი
როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2007-2011 წლებში საქართველოში წარმოებული ელექტროენერგია დანაკარგების გათვალისწინებით ჯამურ ადგილობრივ მოთხოვნას (ტრანსპორტირების ხარჯის გათვალისწინებით) აღემატებოდა, 2012-2015 წლებში კი, ელექტროენერგიის დეფიციტი სახეზეა. აღნიშნული მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი 2014 წელს იყო და დანაკლისმა 248 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია. თუმცა, 2015 წელს ის შემცირდა და მხოლოდ 39 მლნ კვტ/სთ-ს შეადგინა. მიმდინარე წლის 10 თვის მდგომარეობით დეფიციტი არ ფიქსირდება და ნამეტი ელექტროენერგიის მოცულობა 126 მლნ კვტ/სთ-ია. თუმცა, ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში მოხმარება იზრდება, ხოლო საქართველოს ენერგოსისტემის თავისებურებების გათვალისწინებით, გამომუშავება იკლებს. შედეგად, წლის ბოლოსთვის აღნიშნული მაჩვენებლის შემცირებაა მოსალოდნელი.
დასკვნა 2016
წლის 10 თვის მონაცემებით, 2012 წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით ელექტროენერგიის ჯამური გამომუშავება 16.3%-ით გაიზარდა და 9 388.9 მლნ კვტ/სთ შეადგინა. მთლიანი გამომუშავებიდან 1 487.2 მლნ კვტ/სთ ექსპლუატაციაში 2013 წლის შემდგომ შესული ობიექტების მიერ არის გენერირებული. აქვე აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, ადგილობრივი ჯამური მოხმარება საქართველოში გენერირებული ენერგიით სრულად ვერ კმაყოფლდება და დეფიციტი იმპორტის ხარჯზე ბალანსდება.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი გაჩეჩილაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.