„არ ვეთანხმები განცხადებებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს აქვს გავლენა ლარის გაუფასურებაზე. მეტსაც გეტყვით, სახაზინო ოპერაციები წლის დასაწყისიდან 260 მილიონი ლარით მეტია ამოღებული ეკონომიკიდან“.
ფაქტ-მეტრმა დიმიტრი ქუმსიშვილის ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
ლარის გაცვლითი კურსი სავალუტო ბაზარზე ვაჭრობის შედეგად ყალიბდება. კურსი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი დოლარი და ლარია ბაზარზე და ამასთან, რომელ ვალუტაზე უფრო მეტი მოთხოვნაა.
სახელმწიფო ბიუჯეტს ლარის კურსზე რამდენიმე კუთხით აქვს გავლენა. ესენია: 1. ბიუჯეტის ხარჯები და დეფიციტი, 2. შიდა მოთხოვნის წახალისება და იმპორტის ზრდა, 3. უცხოური ვალუტის ნაკადები.
ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვას გავლენა აქვს ქვეყანაში არსებულ ლარის მასაზე, ე.წ. სარეზერვო ფულზე. ეროვნულ ბანკში არსებული მთავრობის დეპოზიტები და ეროვნული ბანკის მიმართ არსებული სესხები სარეზერვო ფულის შემადგენელი ნაწილია. წლის განმავლობაში ძირითადად დეპოზიტების მაჩვენებელი იცვლებოდა. მთავრობას რაც მეტი დეპოზიტი აქვს, მით ნაკლებია სარეზერვო ფულის მასა და ლარის კურსზე უარყოფითი გავლენა. 2015 წლის დეკემბრის ბოლოს, მთავრობის დეპოზიტები 853 მლნ ლარი იყო, 2016 წლის ნოემბრის მონაცემებით კი, 681 მლნ ლარამდე შემცირდა (172 მლნ ლარით). ეს ნიშნავს, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული დეფიციტური ხარჯვა ფულის მასას ზრდიდა და ლარის კურსზე ნეგატიური გავლენა ჰქონდა. დიმიტრი ქუმსიშვილმა განცხადება 13 დეკემბერს გააკეთა. წინა დღით, 12 დეკემბერს, სახელმწიფო ბიუჯეტმა აზიის განვითარების ბანკიდან 100 მლნ დოლარის (258 მლნ ლარის) დაფინანსება მიიღო, რაც მთავრობის დეპოზიტების მაჩვენებელს მნიშვნელოვნად შეცვლიდა. თუმცა, ეს არ აბათილებს იმ ნეგატიურ გავლენას, რაც იანვარ-ნოემბერში ბიუჯეტის დეფიციტურ (ნაშთებიდან) ხარჯვას ჰქონდა ლარის კურსზე.
ცალკე პრობლემად რჩება ბიუჯეტის დეფიციტის თვეებზე არათანაბრად გადანაწილება. ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი (ფინანსური აქტივების ცვლილების ჩათვლით) თებერვალში 169 მლნ ლარი იყო, აპრილში 219 მლნ, აგვისტოში 109 მლნ, ოქტომბერში 248 მლნ, მაშინ, როდესაც სხვა თვეებში ბიუჯეტის დეფიციტი გაცილებით დაბალი იყო ან ბიუჯეტი პროფიციტული იყო. როდესაც ბიუჯეტიდან მაღალდეფიციტური ხარჯვაა, ეროვნულ ბანკმა ფულის მასის სწრაფად ზრდა კერძო სექტორისთვის ფულის მიწოდების შეზღუდვით უნდა დაარეგულიროს, რაც უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე და პროდუქტიულობის ზრდაზე. თავის მხრივ, ეკონომიკური განვითარების ტემპის და პროდუქტიულობის შემცირება ლარის კურსზე მოქმედი ნეგატიური ფაქტორია.
ცალკე აღსანიშნავია მთავრობის მიერ საშინაო ვალის აღება. 2015 წელს მთავრობას 500 მლნ ლარის საშინაო ვალი უნდა აეღო, მაგრამ რეალურად მხოლოდ 315 მლნ ისესხა. 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით კი, 200 მლნ ლარის შიდა ვალის აღება იყო გათვალისწინებული. ნაკლები შიდა ვალის აღება ლარის კურსის სტაბილურობის ხელშესაწყობად გადადგმული ნაბიჯი იყო. თუმცა, 2016 წლის განმავლობაში მთავრობამ 200 მლნ ლარის ნაცვლად 380 მლნ ლარის ახალი შიდა ვალი აიღო. ამის მიზეზი საგარეო დაფინანსების დაგეგმილ დროში ვერმიღება გახდა. 21 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის ბიუჯეტის კანონი შეცვალა და 380 მლნ შიდა ვალის აღება დააკანონა.
შიდა სახელმწიფო ვალის აღება მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობას ამცირებს. როდესაც ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს (რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთს ზრდის) რომ ეკონომიკაში ფულის მიწოდება შემცირდეს და ამას მოჰყვეს ფასების და კურსის სტაბილურობა, ამ დროს მთავრობა გარანტირებული მსესხებელია და მაღალ პროცენტშიც იღებს სესხს. 2016 წლის იანვარ-ნოემბერში კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა 630 მლნ ლარით გაიზარდა, აქედან 332 მლნ ლარი მთავრობამ ისესხა.
დეფიციტის გარდა, მნიშვნელოვანია, თუ რამდენია ბიუჯეტის მთლიანი ხარჯები, ე.წ. სახელმწიფო მოხმარება. როდესაც ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს, ეს ამცირებს შიდა მოთხოვნას და აქედან გამომდინარე იმპორტს, რადგან კერძო მოხმარება მცირდება. თუ სახელმწიფო ხარჯები არ მცირდება, ეკონომიკის იმ ნაწილში (ჩვენთან ეს არის დაახლოებით ეკონომიკის 30%), რომელსაც სახელმწიფო მოხმარება წარმოადგენს, გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას გავლენა არ აქვს და საბოლოოდ, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ლარის კურსზე გავლენის ეფექტიანობა მცირდება. ეს ემპირიული კვლევებითაც დასტურდება, რომელთაგან ერთ-ერთია საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევა,სადაც ფისკალურ პოლიტიკასა და ვალუტის რეალურ ეფექტურ კურსს შორის კავშირია შესწავლილი.
აქვე ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ საქართველოში მოხმარებაზე დახარჯული თანხის 70% იმპორტირებულ საქონელსა და მომსახურებაზე მოდის. როდესაც ქვეყანაში ვალუტის კურსი მნიშვნელოვნად უფასურდება, ამ დროს მთავრობამ ბიუჯეტის ხარჯები (მშპ-თან მიმართებაში) და შესაბამისად იმპორტზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს. 2016 წელს ბიუჯეტის ხარჯები არ შემცირებულა და არც 2017 წელს მცირდება.
კიდევ ერთი არხი, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს ლარის კურსზე გავლენა აქვს, ბიუჯეტთან დაკავშირებული უცხოური ვალუტის ნაკადებია. ერთის მხრივ, ბიუჯეტი უცხოურ ვალუტას გრანტების და სესხების სახით იზიდავს და მეორე მხრივ, წინა წლებში აღებულ საგარეო ვალს იხდის, რაც უცხოური ვალუტის გადინების წყაროა. ამ დროისთვის ცნობილია 2016 წლის 3 კვარტლის შესრულების მაჩვენებლები. ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტების გეგმა 6.2%-ით შესრულდა, დანაკლისი დაახლოებით 50 მლნ დოლარია. ეს თანხა 30 ნოემბრის მდგომარეობითაც არაა ჩამორიცხული. ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების 3 კვარტლის გეგმა (275 მლნ ლარი) 0%-ით შესრულდა. ამ თანხის უმეტესი ნაწილი მთავრობამ 12 დეკემბერს მიიღო. თუმცა, ახლა ამ თანხის მიღება უკვე განვლილი პერიოდის ლარის კურსს არ დაეხმარება. დაახლოებით 190 მლნ დოლარის კრედიტი მიიღო მთავრობამ საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად. წინა წლებში აღებული საგარეო ვალის მომსახურებას რაც შეეხება, იანვარ-ნოემბერში ძირის და პროცენტის მომსახურებაში მთავრობამ დაახლოებით 155 მლნ დოლარი გადაიხადა. რომ შევაჯამოთ, მიუხედავად გეგმისგან ჩამორჩენისა, საგარეო ოპერაციებიდან ბიუჯეტმა დაახლოებით 40 მლნ დოლარით მეტი მიიღო, ვიდრე გადაიხადა.
დასკვნალარის გაუფასურება ძირითადად საგარეო ფაქტორებმა (დოლარის შემომავალი ნაკადების შემცირებამ) განაპირობა, მაგრამ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით მთავრობას საგარეო შოკის ნეგატიური გავლენის შემცირება შეეძლო. ბოლო წლებში საქართველოს ფისკალური (საბიუჯეტო-საგადასახადო) პოლიტიკა გამოწვევების შესაბამისად არ შეცვლილა. არ შემცირდა ბიუჯეტის ხარჯები და დეფიციტი, პიქირით, 2017 წელს ისევ ზრდას განაგრძობს. ეს კი, არ არის ლარის კურსის სტაბილურობაზე მიმართული პოლიტიკა.
რადგან საქართველოს საგარეო ვაჭრობის მაღალი დეფიციტი აქვს, ფისკალური პოლიტიკის გამკაცრება (ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება) საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესების ერთ-ერთი გზაა. ამ დროს გაიზრდება საზოგადოებრივი დანაზოგი და, სხვა თანაბარ პირობებში, ვაჭრობის დეფიციტი შემცირდება. ლარის კურსზე ნეგატიური ზეწოლა შემსუბუქდება. როდესაც იმპორტის შემცირება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით ხდება, ეს ქვეყნის ეკონომიკის ზრდასაც აფერხებს და ფისკალური პოლიტიკის გამკაცრებასთან შედარებით ნაკლებ სასურველია.
იანვარ-ნოემბერში ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა ლარის მასას ზრდიდა და ის, რომ დეკემბერში სიტუაცია შეიცვალა, ეს განვლილი პერიოდის მდგომარეობას არ ცვლის. ამასთან, აღსანიშნავია წლიური დეფიციტის თვეებზე არათანაბრად გადანაწილება და გაზრდილი საშინაო ვალი. ყოველივე ეს ლარის კურსზე უარყოფითად მოქმედებს,
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას ჩამორჩენა ჰქონდა და აქვს ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტების და კრედიტების მიღებაში, ჯამში მაინც 40 მლნ დოლარით ნაკლები გადაიხადა საგარეო ვალის მომსახურებაში, ვიდრე ახალი დაფინანსება მიიღო. ანუ, ამ მხრივ ლარის კურსზე ბიუჯეტს დადებითი გავლენა ჰქონდა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი.