იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ლევან მურუსიძე, რომელიც საზოგადოების კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა, შესაძლოა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, სამწლიანი გამოსაცდელი ვადის ამოწურვის გარეშე განმწესდეს. მართალია მოქმედი კანონმდებლობა ამის სამართლებრივ საფუძველს არ იძლევა, თუმცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოქმედ შემადგენლობას (რომელიც ივნისის თვეში უნდა შეიცვალოს) ისე მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ლევან მურუსიძის სასამართლოში უვადოდ განმწესება (რაც თამამად შეიძლება ითქვას „ისტორიულ გადაწყვეტილებას“ უტოლდება), რომ ამისთვის ყველა გზას მიმართავს. მათ შორის, არ არის გამორიცხული, საბჭომ საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციებიც კი შეითავსოს და მისი გვერდის ავლით დაადგინოს წესი, რომლითაც მოცემულ შემთხვევაში იხელმძღვანელებს.

სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღის“ ფარგლებში, 2017 წლის თებერვალში, კანონმდებლობაში განხროციელებული ცვლილებებით მოსამართლეთა უვადოდ განმწესების წესი შეიცვალა. რომლის მიხედვითაც, გამონაკლისის სახით, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს ყოფილი და მოქმედი მოსამართლეები, რომელთაც საკონსტიტუციო ან უზენაეს სასამართლოში მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება გააჩნიათ, უვადოდ, სამწლიანი გამოსაცდელი ვადის გარეშე განმწესდებიან. თუმცა, ცვლილებების შესახებ კანონით არ არის განსაზღვრული, თუ როგორ რეგულირდება ცვლილებამდე არსებული მდგომარეობა. კერძოდ, როგორ მოხდება იმ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა, რომლებიც ახალი რედაქციის მიხედვით სამწლიან გამოსაცდელ ვადას არ საჭიროებენ, თუმცა გამოსაცდელი ვადით ჯერ კიდევ ცვლილებებამდე იყვნენ განმწესებულნი. სწორედ ამ პრობლემას აწყდება საბჭო ლევან მურუსიძის შემთხვევაში. მართალია მურუსიძეს უზენაეს სასამართლოში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს, თუმცა სამწლიანი გამოსაცდელი ვადით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ 2016 წლის იანვარში, კანონში განხორციელებულ ცვლილებებამდე დაინიშნა.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, „ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით“. ვინაიდან უკუძალის შესაძლებლობა განხორციელებული ცვლილებებით პირდაპირ არ არის დადგენილი, საგამონაკლისო წესი ლევან მურუსიძეზე, მისი გამოცდილების მიუხედავად, ვერ გავრცელდება და მისი უვადოდ განმწესება მხოლოდ სამწლიანი გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, ცვლილებებამდე არსებული შეფასების სისტემით უნდა მოხდეს. აღნიშნულ მოსაზრებას, როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთადერთი წევრი, ვახტანგ მჭედლიშვილი იზიარებს, მის წინააღმდეგ კი 14 წევრია, რომელთაც მიაჩნიათ, რომ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები მათ უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეებისთვის გამოსაცდელი ვადის გაუქმებას და ყოვლეგვარი დამატებითი მსჯელობის გარეშე, მათ უვადოდ განმწესებას ავალდებულებს.

თავად ლევან მურუსიძე მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საბჭო სამართლებრივი საფუძვლის ნაკლებობას არ განიცდის. „აბსოლუტურად არ მაღელვებს ეგ საკითხი, ვინაიდან ასევე არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც წერია, რომ მოსამართლე, რომელსაც აქვს ზოგადად სამი წლის გამოცდილება, მასზე არ უნდა გავრცელდეს ვადა და ის ითვლება უვადოდ გადანიშნულად. ამ საკითხს ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო“, - განაცხადა

ლევან მურუსიძემ.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ, 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით,

ზედმეტ და დაუსაბუთებელ ბარიერად მიიჩნია გამოსაცდელი ვადის ისეთი პირებისთვის დანიშვნა, რომელთაც უკვე აქვთ 3 წლიანი სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილება და ობიექტურად შესაძლებელია მათი საქიანობის შესწავლა. შესაბამისად, სასამართლომ არაკონსიტუციურად ცნო სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ასეთ შეზღუდვას მხოლოდ საქალაქო (რაიონული) და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს უწესებდა. ამავე გადაწყვეტილებით საქართველოს პარლამენტს 2017 წლის 1 ივლისამდე კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება დაევალა.

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტს რეკომენდაციით მიმართავენ

და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 1 ივლისამდე განსახორციელებელ ცვლილებებში სამწლიანი ვადით უკვე განმწესებული მოსამართლეების საკითხის დარეგულირებისკენაც მოუწოდებენ, რაც ამ ეტაპზე შექმნილ სამართლებრივ ვაკუუმს ამოავსებდა. ასევე, ისინი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პარლამენტის მიერ ახალი რეგულაციების მიღებამდე გამოსაცდელი ვადით დანიშნული უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეების უვადოდ გადანიშვნის საკითხის განხილვის გადადებისკენ მოუწოდებენ.

თუმცა, როგორც ჩანს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შექმნილ ვითარებაში პრობლემას და შესაბამისად ვერც პირველ ივლისამდე მოცდის აუცილებლობას ვერ ხედავს. გახდება თუ არა ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე, გამოსაცდელი ვადის გარეშე, შესაძლოა დღესვე გახდეს ცნობილი.

საინტერესოა, რა დგას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაჟინებული სურვილის უკან, როგორმე დროულად მოხდეს ლევან მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ განმწესება, მაშინ როცა სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, წესით, საბჭოს სხვა პრიორიტეტები უნდა გააჩნდეს. არ არის გამორიცხული, მურუსიძის უვადოდ განმწესება საბჭოსთვის ასევე „კომპრომისული გადაწყვეტილება“ იყოს, როგორც ეს მურუსიძის სამწლიანი გამოსაცდელი ვადით განმწესების შემთხვევაში მოხდა. შეგახსენებთ მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების (ევა გოცირიძე, ვახტანგ თორდია, კახა სოფრომაძე) განცხადებას.

1

2

აღნიშნული განცხადებების შემდეგ, ამავე წევრებმა „დაგვაიმედეს“, რომ ლევან მურუსიძის 3 წლიანი გამოსაცდელი ვადის გასვლის დროისთვის, ისინი აღარ იქნებოდნენ საბჭოს შემადგენლობაში, შესაბამისად მონაწილეობას არ მიიღებდნენ მურუსიძის სამუდამოდ განმწესების პროცედურაში და მათ მაგივირად იქნებიან ისეთი ადამიანები, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღონ მურუსიძის უვადოდ განმწესების საკითხთან დაკავშირებით.

3

როგორც ჩანს, საბჭოს აღნიშნულმა წევრებმა წინასწარ ვერ განჭვრიტეს, რომ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა სწორედ მათ მოუწევდათ. შესაბამისად, მათივე განცხადებებიდან გამომდინარე ჩნდება კითხვა, აქვს თუ არა მოქმედ შემადგენლობას შესაძლებლობა, მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტლება მურუსიძის უვადოდ განმწესებასთან დაკავშირებით? თუ მათ კვლავ კომპრომისზე წასვლა მოუწევთ?

აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საბჭო გეგმავს ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნას, ყოვლეგვარი მსჯელობის გარეშე იმის თაობაზე, იმსახურებს თუ არა ის უვადოდ განმწესებას.

იძლევა თუ არა ლევან მურუსიძის სამოსამართლო საქმიანობა იმის საფუძველს რომ საბჭოს წევრებმა გადაწყვეტილებას არა კომპრომისული, არამედ სამართლიანი და უალტერნატივო უწოდონ? ამ კითხვას საბჭოს წევრებმა ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბერს გამოქვეყნებული განცხადებით გასცეს პასუხი, როცა აღიარეს, რომ ლევან მურუსიძე საზოგადოებაში არასახარბიელო რეპუტაციით სარგებლობს, დაშვებული აქვს სერიოზული შეცდომები, საჭირო დროს ვერ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე და ვერ გამოიჩინა საკმარისი პრინციპულობა და შეუვალობა, რაც წესით მოსამართლისთვის აუცილებელ თვისებებს უნდა წარმოადგენდეს. რაც ყველაზე მთავარია, საბჭოს წევრების შეხედულებას ვერც გამოსაცდელი ვადის ის პერიოდი შეცვლიდა, რომელიც ლევან მურუსიძეს ამ დრომდე აქვს განვლილი, ვინაიდან ამ პერიოდში მას არცერთი საქმე არ განუხილავს. „არცერთი საქმე არ მაწერია, მაგრამ მაქვს განხილული ათასობით საქმე, როდესაც ვიყავი უზენაეს სასამართლოში“, - განაცხადა

ლევან მურუსიძემ.

ლევან მურუსიძე სასამართლო სისტემაში 2000 წლიდან მუშაობს და მის სახელს არაერთი გახმაურებეული საქმე უკავშირდება. მათ შორის, მის მიერ განხილული საქმეებიდან 4 - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრდა, საიდანაც 3 შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტი დაადგინა, ერთი საქმე კი ამ დრომდე განხილვის სტადიაშია.

4

განსაკუთრებულ ვნებათაღელვას მისი სანდრო გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის საქმეებში მონაწილეობა იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საქმეებზე სტრასბურგის სასამართლომ საერთო სასამართლოების მხრიდან არაერთი დარღვევა დაადგინა, ლევან მურუსიძე მაინც მიიჩნევს,

რომ იმ დროს მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მან კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო.

„იმ საქმეებზე, რომლებზეც გადაწყვეტილება მაქვს მიღებული, მიღებულია აბსოლუტურად სამართლიანი გადაწყვეტილება და სასამართლოს სხვა საშუალება არ ჰქონდა. იმ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რა ფაქტობრივი გარემოებებიც იყო თუნდაც გირგვლიანის საქმეზე, თუ ვინმე მეტყვის, რომ რაიმე სხვა, ალტერნატიული გადაწყვეტილება შესაძლებელი იყო დამდგარიყო უზენაეს სასამართლოში, მე ამოვწურავ ჩემს ვადას და წავალ“, - განაცხადა

 მურუსიძემ 2015 წლის დეკემბერში.

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა და იურისტებმა ლევან მურუსიძეს  არაერთხელ მიუთითეს რომ მოცემულ შემთხვევაში მას სამი ალტერნატივა გააჩნდა: 1. საქმის ქვედა ინსტანციაში დაბრუნება; 2. განსხვავებული აზრის დაწერა; 3. უკანონო ნორმების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება. მურუსიძე არცერთ არგუმენტს არ იზიარებს.

ლევან მურუსიძის სახელი ასევე ე.წ. „ოპოზიციონერი“ მოსამართლეების საქმესაც უკავშირდება. ის 2005 წელს  უზენაესი სასამართლოს ურჩი მოსამართლეების (მერაბ ტურავა, ნინო გვენეტაძე, თამარ ლალაიაშვილი და მურმან ისაევი) წინააღმდეგ დაწყებული დისციპლინური წარმოების და გათავისუფლების პროცესში მონაწილეობდა.

2006 წელს ერთწლიანი სამოსამართლო გამოცდილების მქონე ლევან მურუსიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ განამწესეს. 2013 წელს კი მან ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მოხიბლვაც შესძლო, რომელმაც მურუსიძე საზოგადოებას სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტად წარუდგინა. „ეს ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც არის დემოკრატიული გზით არჩეული, იკისრებს პასუხისმგებლობას სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. მას სურს, რომ მოსამართლეს ჰქონდეს ნდობა და პრესტიჟი, სასამართლო კი იყოს დამოუკიდებელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლების წევრები ვერ გაბედავენ სასამართლოს  მუშაობაში ჩარევას, ამაზე იქნება უმკაცრესი რეაგირება. თუმცა აუცილებელია თითოეული მოსამართლე გათავისუფლდეს წინა ხელისუფლების ვალდებულებისაგანაც. ეს ადამიანი არის ამის გარანტი“, - აღნიშნა

ივანიშვილმა.

2013 წლის ივნისში ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად აირჩიეს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე მხოლოდ მისი კანდიდატურა იყო წარდგენილი, რადგან დანარჩენმა ოთხმა მოსამართლემ, უცნობი მიზეზების გამო საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და გზა ლევან მურუსიძეს დაუთმო. დაკავებულმა თანამდებობამ მას ხელი არც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის კონკურსში მონაწილეობაში შეუშალა, რომელშიც ის ერთდროულად კანდიდატი და ჟიურის წევრი იყო. 2016 წლის იანვარში, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგობის მიუხედავად, ლევან მურუსიძე სამწლიანი გამოსაცდელი ვადით სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ აირჩიეს. დღეს კი, მისი უვადაოდ განმწესების საკითხი განიხილება.