„საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 90%, სხვადასხვა გამოკითხვით 85-დან 95%-მდე, მხარს უჭერს საკუთარი პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა.
საქართველოს კონსტიტუციაში მოსალოდნელი ცვლილების შესახებ მმართველი გუნდი ჯერ კიდევ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე ალაპარაკდა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ (მაშინ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე), გია ვოლსკიმ, 8 ოქტომბრის არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ განაცხადა,რომ „საქართველოში საპარლამენტო მმართველობა უნდა გაძლიერდეს, რაც იმაში გამოიხატება, რომ პრეზიდენტს არჩევნების გზით არჩევის ნაცვლად პარლამენტი დანიშნავს“.
საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც კანონპროექტი შეიმუშავა და საზოგადოებას მიმდინარე წლის 10 აპრილს უკვე მზა დოკუმენტი წარუდგინა. წარმოდგენილი პროექტით, ერთ-ერთი ცვლილება სწორედ პრეზიდენტის არჩევის წესს შეეხება. კერძოდ, თუკი საქართველოს დღეს მოქმედი კონსტიტუციით „საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 5 წლის ვადით“, კანონპროექტისდამტკიცების შემთხვევაში, „საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით, დებატების გარეშე, ფარული კენჭისყრით აირჩევს საარჩევნო კოლეგია“. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შედის 300 ხმოსანი. აქედან, 150 საქართველოს პარლამენტის წევრია, 13-13 ხმოსანი აირჩევა აფხაზეთისა და აჭარის წარმომადგენლობითი ორგანოებიდან, 34 ხმოსანს თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თბილისის თვითმმართველობა, ხოლო 90 ხმოსანს შესაბამისი წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან ირჩევენ თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლობითი ორგანოების წევრთა კონფერენციები.
პრეზიდენტის არჩევის წესის შესახებ დისკუსიის გააქტიურების შემდეგ, საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრით რამდენიმე კვლევითი ორგანიზაცია დაინტერესდა.
ერთ-ერთი პირველი იყო ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი (ACT), რომელმაც კვლევათბილისის მასშტაბით ჩაატარა. ორგანიზაციამ დედაქალაქში 400 მოქალაქე გამოკითხა, რომლის 90% პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის მომხრეა, 6%-ს მიაჩნია, რომ პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს, დანარჩენ 4%-ს კი, პასუხის გაცემა უჭირს.
გრაფიკი 1:
ACT-ს კვლევის შედეგები პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით
რაც შეეხება უფრო ფართომასშტაბიან კვლევას, პრეზიდენტის არჩევის წესის მოსალოდნელი ცვლილების შესახებ მთელი ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) მოსახლეობა "საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა - საქართველომ (IRI Georgia)" გამოკითხა. ორგანიზაციამ კვლევის (საშუალო ცდომილება +/- 2.5%) საველე სამუშაოები 2017 წლის 22 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა და მთლიანობაში 1 501 მოქალაქე გამოკითხა, რომელთა 92% პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის მომხრეა, 5% პრეზიდენტის პარლამენტის მიერ არჩევას უჭერს მხარს, დანარჩენ 3%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.
გრაფიკი 2:
IRI-ის მიერ გამოკითხულთა დამოკიდებულება პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით
პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის კვლევა უკანასკნელად "ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI)" ჩაატარა. კვლევის საველე სამუშაოები მიმდინარე წლის 7-8 აპრილს ჩატარდა და სულ 2 493 ადამიანი გამოკითხა, საიდანაც 84% პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის მომხრეა, 9%-ს მიაჩნია, რომ პრეზიდენტი ხალხის მიერ არჩეულმა წარმომადგენელმა (მაგ. საკრებულოს წევრმა, პარლამენტარმა) უნდა აირჩიოს, არცერთს არ ეთანხმება 2%, ხოლო კითხვაზე პასუხი არ აქვს 4%-ს.
გრაფიკი 3:NDI-ის კვლევაში გამოკითხულთა დამოკიდებულება პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით
დასკვნა
პრეზიდენტის არჩევის წესის მოსალოდნელი ცვლილების შესახებ მოსახლეობის აზრით საქართველოში მომუშავე რამდენიმე კვლევითი ორგანიზაცია დაინტერესდა. პირველი იყო ორგანიზაცია ACT, რომელმაც კვლევა თბილისის მასშტაბით ჩაატარა და სულ 400 მოქალაქე გამოკითხა, საიდანაც 90%-მა უპასუხა, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა აირჩეს. რაც შეეხება მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ კვლევებს, პრეზიდენტის არჩევის წესის მოსალოდნელი ცვლილების შესახებ საქართველოს ტერიტორიაზე კვლევა ჩაატარა "საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმ (IRI Georgia)", რომელმაც მთლიანობაში 1 501 მოქალაქე გამოკითხა. გამოკითხულთა 92%-ს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა სურს. "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)" კვლევის შედეგად, გამოკითხული 2 493 ადამიანიდან პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის მომხრე 84% აღმოჩნდა.
ამდენად, ზაზა ბიბილაშვილის განცხადება არის სიმართლე.