წელს გორისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებაზე პეტიციას ხელს საკრებულოს ის წევრებიც აწერდნენ, რომლებიც ახლა მის გაუქმებას ემხრობიან.
გორისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭების შესახებ ხელმოწერების შეგროვება 2013 წლის გაზაფხულიდან დაიწყო. იმ პერიოდში შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც ამჟამინდელი გორის მერის მრჩეველი შალვა ტლაშაძე უძღვებოდა. მასთან ერთად, ვიდეომასალაში მაშინდელი საკრებულოს თავმჯდომარე, ყოფილი რესპუბლიკელი დავით რაზმაძეც ჩანს, რომელიც გორისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭების მოთხოვნაზე ხელს ჟურნალისტების თანდასწრებით აწერს.მთლიანობაში, მაშინ 12 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა.
2014 წლის 5 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცაცვლილებები „ადგილობრივი თვითმმართველობის“ კოდექსში. განახლებული კოდექსი ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემაში გარკვეული ცვლილებების განხორციელებას გულისხმობდა, მათ შორის - შვიდი ქალაქისათვის თვითმართველის სტატუსის მინიჭებას, რომელთა რიცხვში გორიც შედიოდა.
თითოეულ ქალაქში რეფორმის ამოქმედებამდე მისი საჯარო განხილვა მოეწყო. ამ მიზნით, 2013 წლის ნოემბერში გორის უნივერსიტეტში გამართულ დისკუსიაზეის ადამიანებიც იყვნენ, რომლებმაც 2017 წლის მაისში გორის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმება და მუნიციპალიტეტის გაერთიანების ინიციატივა მოიწონეს.
მწერალი ვანო ჩხიკვაძე, რომელიც ამჟამად „ქართული ოცნების“ დეპუტატია ქალაქ გორის საკრებულოში და მუნიციპალიტეტების გაერთიანებას მხარს უჭერს, თვითმართველობის კოდექსის განხილვისას სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ მაშინდელი ცვლილებებით გორელებს რწმენა, წარსული და საკუთარი თავი დაუბრუნდებოდათ. „დროა გამოვიდეთ ამ ძილქუშიდან“, - განაცხადა 2013წლის ნოემბერში ჩხიკვაძემ.
ამავე პოზიციას იზიარებდა იმ პერიოდში საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და გორისთვის თვითმართველი ერთეულის სტატუსის მინიჭების აუცილებლობაზე ღიად საუბრობდა. „რა თქმა უნდა, იქნება პრობლემები, კაზუსებიც, მაგრამ ეს მაინც გასავლელია, გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს ყველაფერი დალაგდება და მივიღებთ იმ შედეგს, რაც გვჭირდება“, - ამბობდარაზმაძე.
2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე, მმართველმა გუნდმა ახალი ინიციატივა გააჟღერა.კერძოდ, 2014 წლის რეფორმის შედეგად მიღებულ შვიდ თვითმმართველ ქალაქს თვითმმართველის სტატუსი უნდა გაუუქმდეს, ხოლო მათი მუნიციპალიტეტები კვლავ უნდა გაერთიანდეს. აღნიშნული ინიციატივა თვითმმართველ ქალაქებში საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად და განსახილველად გაიგზავნა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გაგზავნილი წერილი, რომელიც ქალაქ გორის საკრებულომ 19 მაისს განიხილა, ცხრა დეპუტატმა მოიწონა (დავით რაზმაძე, ვანო ჩხიკვაძე, დავით წეწვაძე, ზურა როსებაშვილი, გიორგი ამბოკაძე, ილია მეტრეველი, მერაბ მაისურაძე, ზაზა ზაზაშვილი, ლია ჩლაჩიძე), ოთხმა კი, არასაკმარისი არგუმენტების მიზეზით, დაიწუნა. მიუხედავად იმისა, რომ წერილის გასაცნობად დეპუტატებს ცოტა დრო ჰქონდათ, საკრებულოს უმრავლესობამ აღნიშნული ინიციატივა მაინც მოწონებულად დაამტკიცა,თუმცა, დამსწრე მოქალაქეებისა და ოპოზიციის უკმაყოფილებისა და ხმაურის ფონზე.
ახალი ინიციატივის მხარდამჭერ დეპუტატებს შორის დავით რაზმაძე და ვანო ჩხიკვაძეც არიან, რომლებიც სამი წლის წინ გორისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭების პეტიციაზე აწერდნენ ხელს. უფრო მეტიც, ვანო ჩხიკვაძემ საკრებულოს სხდომამდე ერთი კვირით ადრე ხელი მთავრობისთვის გასაგზავნ იმ მიმართვასაც მოაწერა, სადაც დეპუტატები ქალაქისთვის თვითმმართველის სტატუსის შენარჩუნებას ითხოვდნენ. ერთ კვირაში კი, ჩხიკვაძემ პოზიცია შეცვალა, რაც მუნიციპალიტეტების გაერთიანების საჭიროების დასაბუთების სიღრმისეულად გაცნობას დაუკავშირა. „ეს ჩვეულებრივი ამბავია, ერთ საათში შეიძლება შეიცვალოს ადამიანმა აზრი“, - განაცხადაჩხიკვაძემ.
რაც შეეხება ყოფილ „რესპუბლიკელ“ და ამჟამად დამოუკიდებელ დეპუტატს დავით რაზმაძეს, მან სამი წლის წინანდელი პოზიციის შეცვლა ასე ახსნა: „ეს იყო გუნდური და პოლიტიკური გადაწყვეტილება. მართალია უპარტიო ვარ, მაგრამ მხარს ვუჭერ „ქართულ ოცნებას“ და ამიტომაც მე მუნიციპალიტეტების გაერთიანების ინიციატივა გუნდთან ერთად მოვიწონე. მე ამ სამ წელიწადში ვერ დავინახე ამ რეფორმის სიკეთე. მე მაქვს ჩემი აზრი და ამას ვაფიქსირებ, მორჩა!“, - აცხადებსრაზმაძე.
დასკვნა
ფაქტ-მეტრის მიერ მოძიებული მასალებიდან ირკვევა, რომ 2013 წელს გორისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭების მიზნით ხელმოწერები მართლაც გროვდებოდა. 12 ათას ხელმომწერს შორის დღევანდელი საკრებულოს წევრები: თამარ თედლიაშვილი, პაპუნა კობერიძე, დავით რაზმაძე და ვანო ჩხიკვაძეც არიან. ამათგან ბოლო ორი - რაზმაძე და ჩხიკვაძე, ახლა უკვე მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანებისა და გორის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმების მხარდამჭერები არიან.
შესაბამისად, ლიზა ყაზიშვილის განცხადება არის სიმართლე.