თალაკვაძემ.
ფაქტ-მეტრი ამ საკითხით დაინტერესდა.
მოქმედი კონსტიტუციის 70-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩევა.
საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, უქმდება პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი და მისი არჩევა არაპირდაპირი გზით, სპეციალურად შექმნილი საარჩევნო კოლეგიის მიერ მოხდება. კერძოდ, ცვლილებების პროექტის 50-ე მუხლის თანახმად, პრეზიდენტი აირჩევა სპეციალური საარჩევნო კოლეგიის მიერ, რომელიც შედგება პარლამენტის წევრებისგან, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების ყველა წევრისგან და პარტიების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნების შედეგების შესაბამისად დასახელებული ხმოსნებისგან (სულ 300 ხმოსანი).
არაპირდაპირ მოდელზე გადასვლის მთავარ არგუმენტად პროექტის განმარტებით ბარათში პრეზიდენტის ლეგიტიმაციასა (პირდაპირი არჩევითობის შემთხვევაში) და უფლებამოსილებას შორის არსებულ დისბალანსს ასახელებენ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო კომისიას აღნიშნული ბალანსის პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდის ხარჯზე აღდგენაზე არც უმსჯელია. მეტიც, ცვლილებებით პრეზიდენტის უფლებები კიდევ უფრო მეტად იკვეცება.
ამასთან, უმრავლესობა ცდილობს ისე წარმოაჩინოს, თითქოს საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლა ავტომატურად მოითხოვს პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევის წესს. ფაქტ-მეტრი შეეცადა გაერკვია, თუ როგორი წესით ირჩევენ პრეზიდენტს იმ საპარლამენტო მმართველობის მოდელის მქონე ევროპულ ქვეყნებში, სადაც პრეზიდენტი შეზღუდული ძალაუფლებით სარგებლობს. აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო და ნახევრადსაპრეზიდენტო მმართველობის მოდელებს შორის ზუსტი გამყოფი არ არსებობს, რის გამოც, ხშირად, სხვადასხვა წყაროებში კონკრეტული ქვეყნის მოდელი შეიძლება სხვადასხვანაირად იყოს მოხსენიებული. კვლევაში ჩვენ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მონაცემებსვეყრდნობით.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ევროპაში მმართველობის საპარლამენტო მოდელის მქონე (და საპარლამენტო მოდელთან მიახლოებული) სახელმწიფოთა დიდ ნაწილში სახელმწიფოს მეთაური პირდაპირი წესით აირჩევა. მაგალითისთვის, ასეთი ქვეყნებია: ბულგარეთი, ხორვატია, ფინეთი, ისლანდია, მონტენეგრო, მაკედონია, სლოვაკეთი, ავსტრია, ჩეხეთი, ირლანდია.აღსანიშნავია, რომ ავსტრიაში, ჩეხეთსა და ირლანდიაში ორპალატინი პარლამენტია, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის შემთხვევაში, დემოკრატიულობის შედარებით მაღალი ხარისხი იქნებოდა შენარჩუნებული, თუმცა, ამის მიუხედავად, ამ ქვეყნებმა პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი აირჩიეს.
არსებობს საპარლამენტო მმართველობის მქონე ქვეყნები, სადაც პრეზიდენტის არჩევა არაპირდაპირი წესით ხდება. თუმცა, ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა გავამახვილოთ, თუ ვის მიერ ხდება პრეზიდენტის არჩევა. ამ მხრივ რამდენიმე შემთხვევა შეიძლება გამოვყოთ:
- პრეზიდენტის არჩევა ხდება საკანონმდებლო ორგანოს მიერ - ამ შემთხვევაშიც უნდა განვასხვავოთ თუ რამდენ პალატიანია პარლამენტი: ერთპალატიანი თუ ორპალატიანი. ერთპალატიანი პარლამენტის პირობებში, პრეზიდენტის მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს მიერ არჩევა ყველაზე ნაკლებ დემოკრატიულ ფორმად ითვლება. რადგან, ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილებაზე უმრავლესობა დომინირებს, შესაბამისად პრეზიდენტიც დიდი ალბათობით უმრავლესობის ინტერესების გამტარებელი იქნება და არა რეალურად მათი მაკონტროლებელი. ორპალატიანი სისტემის პირობებში, რეგიონული წარმომადგენლობების დამოუკიდებელი პალატის არსებობით, საფრთხე შედარებით შემცირებულია. აღნიშნულზე ყურადღება "სამართლიანი არჩევნების (ISFED)" კვლევაშიცაა გამახვილებული. „პალატების უფლებამოსილებების განსხვავებული ვადები და შემადგენლობის პერიოდული განახლება დამატებით უზრუნველყოფს უფრო მეტ წარმომადგენლობითობას, განსხვავებული და შედარებით ფართო დიაპაზონის პოზიციების ასახვას პრეზიდენტის ამრჩევთა მიერ“, - ნათქვამია კვლევაში. ერთპალატიანი პარლამენტის მიერ პრეზიდენტი აირჩევა ალბანეთში და ესტონეთში. აღსანიშნავია, რომ თუკი ესტონეთის პარლამენტის მიერ სამ ტურში ვერ მოხდება პრეზიდენტის არჩევა, ამ შემთხვევაში პრეზიდენტს ამომრჩეველთა კოლეგია შეარჩევს, რომელიც პარლამენტის წევრებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საბჭოს დელეგატებისგან იქნება დაკომპლექტებული.
- პრეზიდენტის არჩევა ხდება პარლამენტის წევრებისა და რეგიონალური წარმომადგენლების მიერ - ლატვია, იტალია. აღსანიშნავია, რომ იტალიაში ორპალატიანი პარლამენტია, რაც კიდევ უფრო ზრდის ამრჩევთა მეტ წარმომადგენლობითობას და, შესაბამისად, ამ გზით არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაციას.
- სპეციალურად შექმნილი ორგანოს მიერ - ამის მაგალითია გერმანია.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რამდენად მაღალია კოლეგიაში წარმოდგენილი პარლამენტის (150 დეპუტატი) ლეგიტიმაცია. შემოთავაზებული ცვლილებების კომბინაციამ (მანდატების გადანაწილების ახლებური წესი - „გამარჯვებულს ყველაფერი“, 5%-იანი ბარიერის შენარჩუნება) შესაძლოა პარლამენტის ლეგიტიმაცია სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის არჩევა იმ კოლეგიის მიერ, რომლის ძირითად ნაწილს დაბალი ლეგიტიმაციის მქონე უმრავლესობა წარმოადგენს, არ შეიძლება დემოკრატიულობის მაღალ სტანდარტად ჩაითვალოს.
აღსანიშნავია, რომ დღემდე გაურკვეველია, თუ როდიდან შევა ძალაში, პრეზიდენტის ირიბად არჩევის წესი. კერძოდ, მას შემდეგ რაც მმართველმა გუნდმა არჩევითობის წესის ცვლილება დააანონსა, საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ ცვლილებების ძირითადი საფუძველი მოქმედ პრეზიდენტსა და მმართველ ძალას შორის დაპირისპირება გახდა. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, მსგავსი ეჭვების გაფანტვის მიზნით, მმართველი გუნდი მზად არის ახალი წესი არა მორიგი არჩევნებიდან (2018 წელი) არამედ, 2023 წლიდან ამოქმედდეს. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მმართველი გუნდი გააკრიტიკა, ამ უკანასკნელმა პრეზიდენტს შეახსენა,რომ მათ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ და არ გამორიცხავენ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის ძალაში 2018 წლიდან შესვლას.
დასკვნა
ჩვენ მიერ განხილულ საპარლამენტო რეჟიმის მქონე ევროპულ ქვეყნებში პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩევა. ფაქტ-მეტრმა 10 ასეთი ქვეყნის მაგალითი მოიძია. ხოლო, იმ ქვეყნებში სადაც პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა ხდება, მაქსიმალურად უზრუნველყოფილია ამრჩევთა შორის წარმომადგენლობის მაღალი ხარისხი.
საქართველოს შემთხვევაში, მართალია, პრეზიდენტს არაპირდაპირი წესით სპეციალურად შექმნილი კოლეგია აირჩევს და არა ერთპალატიანი პარლამენტი, თუმცა თავად პარლამენტის შემადგენლობა და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისას დაფიქსირებული ის პრაქტიკული პრობლემები, რაც მმართველი გუნდის დომინირებას იწვევს, საბოლოო ჯამში ალბათ მაინც ვერ უზრუნველყოფს ამ წესით არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაციის მაღალ ხარისხს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, არჩილ თალაკვაძის განცხადება არის მცდარი.