„ქართული ოცნების“ მოსვლის დღიდან 42 მლნ დაიხარჯა სახელმძღვანელოების ბეჭდვაზე, აქედან 41 მლნ არის პირდაპირი შესყიდვა“.
ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
სახელმწიფო შესყიდვებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონი არეგულირებს. შესყიდვების კანონის მიზანს სახელმწიფო ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა, ჯანსაღი კონკურენციის განვითარება, სამართლიანი მიდგომა და საჯაროობის ხელშეწყობა წარმოადგენს. ამ ყოველივეს აღსრულების გარანტორი კი ქვეყნის შესყიდვების სისტემა ხდება, რომელიც ტენდერების მეშვეობით გამჭვირვალე მიდგომებს ქმნის.
იგივე კანონი უშვებს და განიხილავს გარკვეულ შემთხვევებს, როდესაც სახელმწიფოს ორგანოებს აქვთ შესაძლებლობა შესყიდვები განახორციელონ გამარტივებული ტენდერის მეშვეობით, რაც გულისხმობს პირდაპირ შესყიდვას, მოლაპარაკებას მხოლოდ ერთ მიმწოდებელთან.
სახელმწიფო პირდაპირ შესყიდვას მიმართავს, როდესაც საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა და არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად, თუმცა ამ შემთხვევაში, საქონელის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 2 მილიონ ლარს, ხოლო მომსახურება 4 მილიონ ლარს, თუ ქვეყნის გარეთ, გონივრულ ტერიტორიულ ფარგლებში, არსებობს პირი, რომელსაც იგივე მომსახურების გაწევა უკეთეს პირობებში შეუძლია. ასევე, გამარტივებულ ტენდერს მიმართავენ, როდესაც დგება ე.წ. გადაუდებელი აუცილებლობა (ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული). ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რაც წერილობით თანხმდება შემსყიდველის ზემდგომ ან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოსთან/თანამდებობის პირთან და ა.შ. როგორც მაგალითებიდან ჩანს, გამარტივებულ ტენდერს აქვს თავისი მიზეზები, თუმცა ბევრი შეზღუდვა.როდესაც კონკრეტული სახელმწიფო ორგანო ხშირად იყენებს გამარტივებულ ტენდერს და საკუთარი ბიუჯეტის უდიდეს ნაწილს პირდაპირი შესყიდვის მეშვეობით ითვისებს, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში გარკვეულ კითხვებს ბადებს. მიმწოდებლები კი გამოთქვავენ პროტესტს, რომ არ ეძლევათ ჯანსაღ კონკურენციაში ჩაბმის საშუალება.
ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის გადასახდელების მონაცემებზე დაყრდნობით, 2013-2016 წლებში ხელისუფლებამ სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭვდაში 46 395 573 ლარი დახარჯა, ხოლო 2017 წელს, ოპერატიული ინფორმაციით (19ივნისის მდგომარეობა) – 2 310 532 ლარი. საერთო ჯამში, 2013-2017 წლებში სახელმძღვანელოების ბეჭვდაში გადახდილი თანხა 48 706 105 ლარს შეადგენს.
ცხრილი 1:
მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა, ლარი
2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017 | |
წლიური ხარჯი | 19 092 535 | 14 348 930 | 5 647 507 | 7 306 601 | 2 310 532 |
ჯამი | 48 706 105 |
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით, ფაქტ-მეტრმა დაითვალა ამ თანხიდან რა ღირებულების პირდაპირი შესყიდვა განახორციელა საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ. სახელმძღვანელოების შესყიდვას სამინსტროსთან არსებული სსიპ "საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო"
ახორციელებს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტომ 46 281 747 ლარის სახელმძღვანელოების პირდაპირი შესყიდვა განახორციელა. განათლების სამინისტრომ სახელმძღვანელოების ბეჭვდაზე ტენდერი მხოლოდ 2 310 532 ლარის საქონელზე გამოაცხადა.
ფაქტ-მეტრმა შესყიდვების სააგენტოს მონაცემებში ასევე შეამოწმა განათლების სამინისტროს მიერ განხორციელებული პირდაპირი შესყიდვების საფუძვლები - მიზეზები, რის გამოც ისინი ტენდერის ნაცვლად პირდაპირ შესყიდვას მიმართავდნენ. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მსხვილმასშტაბიანი შესყიდვები განხორციელდა მთავრობის თანხმობით, მაგალითად, 7 015 828 ლარის შესყიდვა 2014 წელს (სპს "გაერთიანებული ქართული სტამბა - ფავორიტი პრინტი & მვპ"); 9 299 167 ლარი - 2013 წელს იგივე "გაერთიანებულ ქართულ სტამბასთან"; 3 150 200 ლარი - 2013 წელს (შპს "ინგლისური წიგნი საქართველოში") და ა.შ. თანხობრივად, მეორე ადგილზე მოდის ექსკლუზივის საფუძვლით განხორციელებული შესყიდვები, მაგალითად, 3 828 051 ლარი 2017 წელს (შპს "ინგლისური წიგნი საქართველოში"), 2 601 677 ლარი იგივე შპს "ინგლისურ წიგნთან საქართველოში" და ა.შ.
შესყიდვების საფუძვლების გადამოწმებისას გამოიკვეთა კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია, აღმოჩნდა, რომ შესყიდვების უმრავლესობა, თითქმის 80%, განხორციელებულია საფუძვლით „სხვა დანარჩენი“. ამ საფუძვლის განმარტებისთვის ფაქტ-მეტრი შესყიდვების სააგენტოს დაუკავშირდა, მათი პასუხის თანახმად, აღნიშნული საფუძველი გამოიყენება მაშინ, როდესაც შესყიდვა არ ხდება არცერთი იმ საფუძვლით, რომელსაც მოიცავს გამარტივებული შესყიდვის შესახებ ბრძანებულება. მათივე განმარტებით, შემსყიდველი არ არის ვალდებული ატვირთოს დოკუმენტი, რომელშიც „სხვა დანარჩენის“ მიზეზი განხილულია. საყურადღებოა, რომ შესყიდვებზე არც ის დოკუმენტებია განთავსებული, რომელიც ექსკლუზივის საფუძველს ან/და მთავრობის დადგენილებას გაგვაცნობდა.
ფაქტ-მეტრი განათლების სამინისტროს დაუკავშირდა, რათა გაგვერკვია მიზეზები რის გამოც შესყიდვების უმეტესობა არა ღია ტენდერის საფუძველზე, არამედ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით მოხდა, თუმცა სამინისტრომ ინტერვიუზე უარი განაცხადა.
დასკვნა 2013-2017წლებში (2017 წელი - 19 ივნისის მონაცემები) საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ სახელმძღვანელოების ბეჭვდისთვის 48 706 105 ლარი გამოყო. აღნიშნული თანხიდან მხოლოდ 2 310 532 ლარის შესყიდვა განხორციელდა ტენდერის მეშვეობით, ხოლო 46 281 747 ლარის შესყიდვა გამარტივებული ტენდერით - ერთ მიმწოდებელთან მოლაპარაკების გზით გაიხარჯა.
მიუხედავად იმისა, რომ ყოველ პირდაპირ შესყიდვაზე განათლების სამინისტროს წარმოდგენილი აქვს შესყიდვის საფუძველი, თითოეული საფუძვლის განმარტება ბუნდოვანია. ასევე, გაუგებარია რა იგულისხმება საფუძველში - „სხვა დანარჩენი“.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, სერგო რატიანის განცხადება არის სიმართლე.