რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ოფიციალურად წინასაარჩევნო რეჟიმშია გადასული.
პოლიტიკურ პარტიათა უმრავლესობამ საზოგადოებას თბილისის მერობის კანდიდატები ამ თარიღამდე დიდი ხნით ადრე გააცნო. საკუთარი კანდიდატურა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალექსანდრე (ალეკო) ელისაშვილმაც წარადგინა, რომელიც, გამოკითხვების თანახმად, საზოგადოების საკმაოდ დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. თუმცა, თუკი მისი საინიციატივო ჯგუფი ცესკო-ს პირველ სექტემბრამდე 10 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერას არ წარუდგენს, ელისაშვილი არჩევნებს გამოეთიშება. თავად ელისაშვილი მიიჩნევს, რომ ცესკო-ს მიერ მისთვის 10 ათასი ხელმოწერის შესაგროვებლად მიცემული ვადა არაგონივრულია და არჩევნებიდან მის ჩამოშორებას ისახავს მიზნად. მერობის კანდიდატის ამ განცხადებას იმავე დღეს გამოეხმაურა ცენტრალური საარჩევნო კომისია. კომისიის განცხადებით,ვადებს არა ცესკო, არამედ საარჩევნო კოდექსი ადგენს, შესაბამისად, შექმნილ ვითარებაში (ხელმოწერათა შესაგროვებლად მცირე დრო) ცესკო-სთვის ბრალის დადება არასწორია.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული საკითხის გარკვევას შეეცადა.
2017 წლის 22 აგვისტოს, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩვენებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მერობის კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერი ინსტრუქციაგამოქვეყნდა. დადგენილების თანახმად (მუხლი 1), „თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატის წარდგენის მიზნით, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 57-ე დღისა, განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას (თბილისის მერის შემთხვევაში - ცესკოს), რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები“.
ამავე დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად კი, „მერობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღისა შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია, რომელიც მოწმდება საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი წარდგენიდან 3 დღის ვადაში“.
აღსანიშნავია, რომ ცესკო საინიციატივო ჯგუფის მიერ ხელმოწერების შეგროვების შესახებ განცხადებას მხოლოდ არჩევნების თარიღის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ განიხილავს. არჩევნების თარიღი კი კენჭისყრამდე 60 დღით ადრე გამოცხადდა, შესაბამისად, საინიციატივო ჯგუფს (რომელიც ელისაშვილს მერობის კანდიდატად წარადგენს) ცესკო-სთვის მისამართად მხოლოდ 3 დღე და შემდეგ, შესაბამისი ხელმოწერების წარსადგენად 7 დღე, ანუ ჯამში 10 დღე აქვს.
აღსანიშნავია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 22 აგვისტოს განკარგულებით, საინიციატივო ჯგუფის მიერ მერობის კანდიდატის წარსადგენად საჭირო მხარდამჭერთა ხელმოწერების მინიმალურ ოდენობად 9 587 ხელმოწერა განისაზღვრა,რაც თბილისის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (958 729) 0.99%-ს შეადგენს.
მართალია, ალექსანდრე ელისაშვილი საზოგადოებაში მერობის ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად განიხილება, თუმცა ამომრჩეველთა 1%-ის ხელმოწერების სათანადო წესით 7 დღეში შეგროვება, მაშინ როცა დედაქალაქის მაცხოვრებელთა დიდი ნაწილი ქალაქიდანაა გასული, შესაძლოა გადაულახავ პრობლემად იქცეს.
ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ ცესკო პოლიტიკურ დავალებას ასრულებს, რაც მის ცაიტნოტში ჩაგდებას და ამ გზით არჩევნებიდან მის გამოთიშვას ისახავს მიზნად. ცესკო კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მერობის კანდიდატს საარჩევნო კოდექსზე უთითებს და განმარტავს, რომ კანონი ხელმოწერების წარდგენის საბოლოო ვადად კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღეს ადგენს.
"საარჩევნო კოდექსის" 167-ე მუხლის მე-21პუნქტის თანახმად, „კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა მერობის/გამგებლობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ ამ კანონის 142-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრირებულ პარტიას/საარჩევნო ბლოკს, აგრეთვე ამ კანონის 141-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს“.
ფაქტ-მეტრთან საუბრისას "სამართლიანი არჩევნების (ISFED)" იურისტმა განმარტა, რომ მერობის კანდიდატის წარდგენის საბოლოო ვადად კენჭისყრამდე არაუგვიანეს 30-ე დღე განსაზღვრულია მხოლოდ 142-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრირებული პარტიებისთვის/საარჩევნო ბლოკებისთვის, ხოლო რაც შეეხება ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატის წარდგენის ვადებს, მათზე ვრცელდება 141-ე მუხლით დადგენილი წესი (მითითება 116-ე მუხლით დადგენილ წესზე), რომლის მიხედვითაც ხელმოწერების წარდგენა უნდა მოხდეს კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღისა.
"სამართლიანი არჩევნების (ISFED)" იურისტის, ნინო რიჟამაძის მოსაზრებით, თავის მხრივ აღნიშნული ნორმა ხარვეზიანია, რადგან ის დამოუკიდებელ კანდიდატებსა და პარტიებს არათანაბარ პირობებში აყენებს. ეს მით უფრო მძიმე ტვირთია თბილისის მერობისთვის მებრძოლი დამოუკიდებელი კანდიდატისათვის, რადგან თბილისში მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობის მინიმალური ზღვარი გაცილებით მაღალია.
„ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია, რომელიც ამ ფაქტს გამოეხმაურა, კანონის ხარვეზის გამო დამოუკიდებელი კანდიდატის დაჩაგვრას დაუშვებლად მიიჩნევს. აღნიშნული უთანასწორო მდგომარეობის გათვალისწინებით, ალეკო ელისაშვილს მხარდაჭერა „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმაც შესთავაზა და საკუთარი მხარდამჭერების მობიზილებასა და ხელმოწერების შეგოვრებას დაპირდა. თუმცა, ელისაშვილმა აღნიშნულ შეთავაზებაზე უარი განაცხადა. „ამ შემოთავაზებაზე უარს ვიტყვი იმიტომ, რომ პირველ რიგში ხელისუფლებას და მათ შორის ცესკო-ს უნდა დავუმტკიცო, რა ძალა აქვს ხალხს და როგორ შემიძლია ხალხთან ერთად ნებისმიერი მათი საარჩევნო ხრიკი და მავნებლობა ჩავყარო წყალში“, - განაცხადამერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა.
არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის მონაწილეობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ და ამ მიზნით ელისაშვილის მხარდამჭერთა რიგს შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ ალეკო ელისაშვილის საინიციატივო ჯგუფმა ხელმოწერების შეგროვება 24 აგვისტოს დაიწყო (ხელმოწერების შეგროვება მის შტაბსა და მეტროს სადგურებთან მიმდინარეობს), ცესკო-ში წარდგენის ვადა კი პირველ სექტემბერს იწურება. ამ დროისთვის (ბოლო ორი დღის მონაცემებით), როგორც ელისაშვილის ოფიციალურ Facebook გვერდზეა აღნიშნული, მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს მხარდაჭერა, ხელმოწერით, დაახლოებით 4 500-მა ამომრჩეველმა დაუდასტურა.