„აჭარაში დაგეგმილი წლევანდელი 300-ზე მეტი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტიდან 85%-ზე მეტი შესრულებულია, ან დასრულების ეტაპზეა.“
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
აჭარის ა/რ 2017 წლის ბიუჯეტის პროგრამების ჩამონათვალიგვამცნობს, რომ მიმდინარე წელს მთლიანობაში დაგეგმილი იყო 80.924 კმ გზის რეაბილიტაცია, 247 ერთეული ხელოვნური ნაგებობის მოწყობა, 69.903 კმ არხის რეაბილიტაცია, 8 100 კვ.მ გზის ორმული შეკეთება, 1 000 მ წყალგამტარი მილების მოწყობა, 2 000 ცალი საგზაო - საინფორმაციო ნიშნის გაკეთება, 1 000 კმ გზის მოხრეშვა - მოშანდაკება და 4 500 კუბ.მ ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოს განხორციელება. იმავე წყაროს მიხედვით, 2017 წელს 265 ერთეული საგზაო ინფრასტრუქტურული ღონისძიება დაიგეგმა.
ცხრილი 1:აჭარის ა/რ 2017 წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით გათვალისწინებული საგზაო ინფრასტრუქტურული ღონისძიებები
ღონისძიების დასახელება | რაოდენობა |
ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა | 38 |
ახალი საავტომობილო გზის გაყვანა | 1 |
ახალი ხიდის მშენებლობა | 14 |
ხიდის რეაბილიტაცია | 10 |
საყრდენი კედლის მშენებლობა-მოწყობა | 165 |
რკინა-ბეტონის კიუვეტის მოწყობა | 4 |
დამცავი ზღუდარის მოწყობა | 7 |
არხის რეკონსტრუქცია | 25 |
ესტაკადის მშენებლობა | 1 |
ზემოთ ჩამოთვლილ ღონისძიებებს ემატება საგზაო-საინფორმაციო ნიშნების მოწყობა და გზების მოხრეშვა-მოშანდაკება, თუმცა რამდენ ლოკაციაზე უნდა განხორციელებულიყო აღნიშნული ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, ამის შესახებ დაწვრილებითი მონაცემები არც უწყებამ მოგვაწოდა და არც პროგრამების ჩამონათვალშია მითითებული. აღსანიშნავია ისიც, რომ, გარდა ავტონომიური ბიუჯეტიდან დაფინანსებული ღონისძიებებისა, აჭარის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ბათუმი (ანგისა) - ახალციხის გზის მონაკვეთზე საფარის აღდგენა და სახიდე გადასასვლელის მოწყობა, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს და ზომლეთი - ხიხაძირის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია, რისთვისაც თანხა მსოფლიო ბანკმა გამოყო. 2018 წელს უნდა დასრულდეს ქობულეთის შემოვლითი გზის, ხოლო 2020 წელს ბათუმის შემოვლითი გზის მონაკვეთების მშენებლობა. ორივე პროექტი აზიის განვითარების ბანკის დახმარებით ხორციელდება. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად ასევე ირკვევა, 2017 წელს დაგეგმილი პროექტებიდან, 20 სექტემბრის მონაცემებით, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს 69 ობიექტზე, ხელშეკრულების გაფორმების პროცესშია 52, ხოლო უკვე დასრულებულია 230 ობიექტი. გამოდის, რომ აჭარის ა/რ ბიუჯეტის მიხედვით, მთლიანობაში, წელს 351 საგზაო ინფრასტრუქტურული ღონისძიება დაიგეგმა. დასკვნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, 2017 წელს აჭარაში დაგეგმილი იყო 300-ზე მეტი საგზაო ინფრასტრუქტურული ღონისძიება, რომელთაგან 85%-ზე მეტი უკვე შესრულდა ან დასრულების ეტაპზეა. როგორც ირკვევა, მიმდინარე წელს მართლაც დაიგეგმა 351, ხოლო დასრულდა 230 ობიექტი. 69 ლოკაციაზე კი სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ჯამში, გამოდის, რომ შესრულებული და მიმდინარე ობიექტების რაოდენობა 299-ს შეადგენს, რაც დაგეგმილი ღონისძიებების 85.18%-ია.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირკაშვილის განცხადება არის სიმართლე.