აღნიშნული ცვლილება პროექტის - „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანის“ ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული პროექტის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში დამონტაჟდა ბიოანალიტიკური პროგრამებით აღჭურვილი ე.წ. ჭკვიანი კამერები. მათი რაოდენობა 2017 წლის ბოლოსთვის 3 000 მიაღწევს.
აღნიშნული რეფორმა მიზნად ისახავს დანაშაულის პრევენციას, უკვე მომხდარ დანაშაულზე ოპერატიულ რეაგირებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენას და აღკვეთას, სატრანსპორტო ნაკადების მართვის და უტყუარი მტკიცებულებების მოპოვებას. ვიდეოანალიტიკური პროგრამით მოხდება სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ავტომატურ რეჟიმში დაფიქსირება. მძღოლები კი შემდეგი დარღვევების გამო დაჯარიმდებიან:შუქნიშანზე წითელ ფერზე გავლა, ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა, სიჩქარის გადაჭარბება, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება, მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა. მნიშვნელოვანია, რომ ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ჯარიმებზე ქულათა კლების სისტემა არ ვრცელდება.
ზემოაღნიშნული რეფორმის ერთ-ერთი პირველი ეტაპი მიმდინარე წლის 1 ივლისიდან დაიწყო. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით,სხვადასხვა დარღვევაზე საკანონმდებლო რეგულაციები უფრო გამკაცრდა. ასევე, ამოქმედდა ე.წ. 100 ქულიანი სისტემა, რაც თითოეულ მძღოლს წლის განმავლობაში 100 ქულას ანიჭებს, საგაზაო უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში ჯამურ მაჩვენებელს შესაბამისი ქულა აკლდება. აღნიშნული ქულების ამოწურვის შემდეგ მძღოლს მართვის მოწმობა ჩამოერთმევა.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რა შედეგი გამოიღო 1 ივლისიდან ამოქმედებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და შეამცირა თუ არა აღნიშნულმა რეგულაციებმა ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით (იხ. ბმული 1; ბმული 2),მიმდინარე წლის ცხრა თვეში 4 435 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 11.9%-ით (600) ნაკლებია. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 6 281 ადამიანი დაზარალდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 14%-ით ჩამოუვარდება. ასევე, 6%-ით არის შემცირებული ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვი.
ცხრილი 1:ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 2010-2017 წლებში
წელი | ავტოსაგზაო შემთხვევები | დაზარალებულთა რაოდენობა | დაღუპულთა რაოდენობა | |
2010 | 5 099 | - | 7 560 | 685 |
2011 | 4 486 | -12% | 6 638 | 526 |
2012 | 5 359 | 19% | 7 734 | 605 |
2013 | 5 510 | 3% | 8 045 | 514 |
2014 | 5 992 | 9% | 8 536 | 511 |
2015 | 6 432 | 7% | 9 187 | 602 |
2016 | 6 939 | 8% | 9 951 | 581 |
2017 (ცხრა თვე) | 4 435 | -11.9% | 6 281 | 384 |
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდში 1 641 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 1 898 იყო, 13.5%-ით მეტი ვიდრე წელს. აღნიშნულ სამ თვეში ასევე შემცირებულია ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზარალებულთა რაოდენობა 17.4%-ით. თუმცა, დაღუპულთა რაოდენობა გაზრდილია 4.9%-ით.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მიმდინარე წლის ცხრა თვეში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.9%-ით შემცირდა, 2017 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდში (100 ქულიანი სისტემის შემოღების შემდეგ) კი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13.5%-იანი კლება დაფიქსირდა. ცალსახად იმის თქმა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვის კლება ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შედეგია, რთულია. ამ ეფექტის დასანახად ალბათ უფრო მეტი დროა საჭირო. თუმცა, ფაქტია, რომ ბოლო თვეებში ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი შემცირდა.