რუსთავში, როგორც საკრებულოს ასევე მერიის შესაბამის თანამდებობის პირები პრემია-დანამატების აღებისთვის, ხშირად კრიტიკის ობიექტები ხდებოდნენ. დღეს, უკვე ყოფილი გუნდიდან, რუსთავის ადგილობრივ ხელისუფლებაში მხოლოდ ერთეულები შემორჩნენ. ერთ-ერთი მათგანი რუსთავის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძეა. ამჟამად ის ახალი საკრებულოს წევრია. თავისი გუნდის აღებულ პრემია-დანამატებზე და ხელფასებზე, ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიასთან, განაცხადა (13:46

წთ-დან): „შეგიძლიათ მოითხოვოთ  2014 წლის 14 ივლისამდე პრემია-დანამატების და ხელფასების აღების ინფორმაცია. მერე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ 2014 წლიდან ზემოთ, ჩვენი მმართველობის პერიოდში და თქვენვე გააკეთეთ შეფასება“.

ფაქტ-მეტრმა, რუსთავის მუნიციპალიტეტიდან შესაბამისი ინფორმაცია გამოითხოვა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წლის მონაცემებში, მერის და მოადგილეების აღებულ ხელფასებსა და პრემიებში იგულისხმება როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში მოქმედი მერის, ასევე 2013 წელს რუსთავის მერის მოვალეობის შემსრულებლად

დანიშნული „ქართული ოცნების“ კადრის, დავით ჯიქიას  და მისი მოადგლეების ხელფასები და პრემიები. ასევე, 2014 წელს საკრებულოს თავმჯდომარისა და მის მოადგილეებზე გაცემულ ხელფასებსა და პრემიებში გაერთიანებულია 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს, ადგილობრივ ხელისუფლებაში მოსული საკრებულოს თავმჯდომარის და მისი მოადგილეების ხარჯებიც.

ცხრილი 1:

რუსთავის მერზე, მის მოადგილეებზე, საკრებულოს თავმჯდომარეზე და მის მოადგილეებზე გაცემული ხელფასი (ივნისი, 2010 წელი - ნოემბერი, 2017 წელი)

თანამდებობა 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017
მერი 16 007 29 714 28 575 28 487 25 982 33 000 33 000 27 500
    მოადგილეები 14 829 42 492 48 368 74 202 64 047 50 716 52 179 44 500
საკრებულოს თავმჯდომარე 17 360 29 760 30 171 33 065 31 922 33 000 33 000 27 500
   მოადგილეები 9 750 34 505 35 936 50 700 39 202 54 717 54 656 45 095
სულ 57 946 136 471 143 050 186 454 161 153 171 433 172 835 144 595
  ცხრილი 2:

რუსთავის მერზე, მის მოადგილეებზე, საკრებულოს თავმჯდომარეზე და მის მოადგილეებზე გაცემული პრემია (ივნისი, 2010 წელი - ნოემბერი, 2017 წელი)

თანამდებობა 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017
მერი 16 319 29 295 24 315 15 000 27 500 11 000 8 250 2 750
    მოადგილეები 25 000 71 250 67 400 106 325 71 875 13 300 20 000 4 450
საკრებულოს თავმჯდომარე 18 799 31 630 26 795 13 750 24 750 11 000 8 250 2 750
   მოადგილეები 11 500 47 150 46 550 21 751 58 575 18 000 18 000 4 500
სულ 71 618 179 325 165 060 156 826 182 700 53 300 54 500 14 450

ცხრილი 3:

რუსთავის მერზე, მის მოადგილეებზე, საკრებულოს თავმჯდომარეზე და მის მოადგილეებზე გაცემული სახელფასო დანამატი (ივნისი, 2010 წელი - ნოემბერი, 2017 წელი)

თანამდებობა 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017
მერი - - - - - 17 600 26 400 22 000
   მოადგილეები - - - - - 37 617 43 547 34 700
საკრებულოს თავმჯდომარე - - - - - 17 600 26 400 20 625
   მოადგილეები - - - - - 25 650 37 575 34 650
სულ -- - - - - 98 467 133 922 111 975

სახელფასო დანამატების გაცემა 2015 წლიდან დაიწყო, შესაბამისად, გასულ წლებში მსგავსი დანიშნულების ხარჯი ადგილობრივ ბიუჯეტებს არ ჰქონიათ. საერთო ჯამში კი, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის, მოადგილეების, საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების ხელფასები, პრემიები და დანამატები 2010-2017 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით ამგვარია:

  ცხრილი 4:

რუსთავის მერზე, მის მოადგილეებზე, საკრებულოს თავმჯდომარეზე და მის მოადგილეებზე გაცემული შრომის ანაზღაურება (ივნისი, 2010 წელი - ნოემბერი, 2017 წელი)

თანამდებობა 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017
მერი, მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილეები 129 564 315 796 308 110 343 280 343 853 323 200 361 257 271 020

იმის გათვალისწინებით, რომ 2013 წელს და 2014 წელს, რუსთავის ბიუჯეტის განკარგვაში მონაწილეობას იღებდა ორივე გუნდი, კითხვაზე პასუხისთვის - ვისი შენახვა დაუჯდა უფრო ძვირი რუსთავს 2011, 2012, 2015 და 2016 წლების მონაცემებს ვაანალიზებთ (ამასთან, 2010 წლის მონაცამებს არ ვიყენებთ, რადგან გვაქვს ამ წლის ხარჯები, მხოლოდ 1 ივნისიდან. ასევე არ ვადარებთ 2017 წლის მონაცემს, რადგან გვაქვს ინფორმაცია მხოლოდ 10 თვის მდგომარეობით და არა სრული ერთი წლის).

რუსთავის მერიის მოწოდებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2015-2016 წლებში, როდესაც რუსთავს მართავდა „ქართული ოცნების“ გუნდი, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის სახით წარმოადგენდა დავით მაღლაკელიძე (ამჟამად საკრებულოს წევრი), მერის, საკრებულოს თავმჯდომარის და მათი მოადგილეების ხელფასებსა და პრემია-დანამატებში 121 102 ლარით მეტი გაიცა, ვიდრე 2011-2012 წლებში.