მიმდინარე წლის ნოემბერში ჩვენი ვებგვერდის მკითხველმა თხოვნით მოგვმართა, გადაგვემოწმებინა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა 2012-2017 წლებში მიიღეს. ბოლო დროის განმავლობაში მოქალაქეობის მიღების ფაქტების გაზრდილ რაოდენობაზე პარტია „დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძეც საუბრობდა. როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ის იუსტიცის სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა. დიმიტრი ლორთქიფანიძემ ფაქტ-მეტრს აღნიშნული სტატისტიკა

მოაწოდა.

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-9 მუხლის მიხედვით,

საქართველოს მოქალაქეობის მიღება დაბადებით ან ნატურალიზაციის გზით არის შესაძლებელი. ნატურალიზაციით მოქალაქეობის მიღების სახეები განსხვავებულია: მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება, გამარტივებული წესით მინიჭება, საგამონაკლისო წესით მინიჭება, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება.

საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 5 წლის განმავლობაში. ასევე, დადგენილ ფარგლებში იცის სახელმწიფო ენა, ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები. ამავდროულად, აქვს უძრავი ქონება, მუშაობს ან სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე.

გამარტივებული წესით მოქალაქეობა შესაძლებელია მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებულ პირს, რომელიც კანონიერ საფუძველზე, უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში (საქართველოს მოქალაქეობოს მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში). ასევე, დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა, საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები.

რაც შეეხება მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებას, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის, მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს, ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარეობს.

საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებასა და წარდგინებას განიხილავს და შესაბამის დასკვნას ამზადებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების სააგენტო. საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევაშიც, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მულის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, ამა თუ იმ პირის მოქალაქეობის საკითხს შინაგანი რწმენის საფუძველზე ადგენს სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა კომისია. დადებითი დასკვნის შემთხვევაში კომისიის გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება, რომელიც მას 1 კვირის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას.

იუსტიციის სამინისტროს ინოფორმაციით, 2012 წლიდან 2017 წლის აპრილის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეობა 32 017 პირმა მიიღო. 2012 წელს საქართველოს მოქალაქე 7 108 პირი გახდა, 2013 წელს 9 626, 2014 წელს 4 957, 2015 წელს 4 408, 2016 წელს 4 643, 2017 წლის 27 აპრილის მდგომარეობით კი, 1 275 პირი. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ იმ პირთა შორის, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღეს, 31 455-ის შემთხვევაში მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭათ. გამარტივებული წესით, 504 პირი გახდა საქართველოს მოქალაქე, ჩვეულებრივი წესით 40, ხოლო სპეციალური წესით - 18.

  ცხრილი 1:

ქვეყნები, რომლის მაცხოვრებლებმაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღეს (2012 წელი - 2017 წელი, აპრილის მდგომარეობით)

ქვეყანა გამარტივებული წესით საგამონაკლისო წესით ჩვეულებრივი წესით ჯამი
რუსეთი 2 19 582 13 19 597
თურქეთი - 3 135 - 3 135
აშშ - 1 686 - 1 686
საბერძნეთი - 1 290 - 1 290
ისრაელი - 1 188 - 1 188
სომხეთი 1 1 121 - 1 122
უკრაინა 2 729 3 734
აზერბაიჯანი 488 4 8 500
დიდი ბრიტანეთი - 255 - 255
საფრანგეთი - 244 - 244

იმის გასარკვევად, რით არის გამოწვეული საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მიღების ფაქტების ასეთი მაღალი მაჩვენებელი, ფაქტ-მეტრი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაუკავშირდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებულ წერილში

 დეტალურად განგვიმარტეს საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მიღების პროცედურები. თუმცა, ჩვენ მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაზე (რა არის მიზეზი საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის გაცემის ხშირი შემთხვევების) პასუხი ვერ მივიღეთ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უწყება ანალიტიკური ინფორმაციის გაცემას და აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე კომენტარის გაკეთების უფლებამოსილებას მოკლებულია. აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად, გვირჩიეს სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მიგვემართა.

აღსანიშნავია, რომ  მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მიღებისას პირი სხვა ქვეყნის მოქალაქეობას ავტომატურად არ კარგავს. ეს ერთადერთი გზაა, რომ პირმა საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან ერთად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც შეინარჩუნოს. სწორედ ამიტომ, შესაძლებელია ჩაითვალოს, რომ საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მიღების მაღალი მაჩვენებელი აღნიშნული გარემოებით არის გამოწვეული.

როგორც ცხრილი 1-დან ჩანს, საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის გაცემის 31 455 შემთხვევიდან, 19 582 რუსეთის მოქალაქეებზე მოდის. მათი დიდი ნაწილი კი შესაძლოა ისევ საქართველოდან წასული ემიგრანტები იყვნენ, რომელთათვისაც ორმაგი მოქალაქეობა დაბრუნების გამარტივებული გზაა. ბოლო პერიოდში ხშირად ხდება აპელირება იმის შესახებ, რომ განსაკუთრებით გაზრდილია ირანის, ინდოეთის, ერაყის, ჩინეთისა და აზიის სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით გაცემა. თუმცა, როგორც სტატისტიკა აჩვენებს, 2012 წლიდან 2017 წლის აპრილის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეობა აღნიშნული ქვეყნებიდან ჯამში 200-ზე ოდნავ მეტ პირს მიენიჭა.