ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი უკვედაამტკიცა. დადგენილება ძალაში 1 იანვრიდან შევა.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, როგორ შეიცვლება ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული მომუშავეების რიცხოვნობა და ადმინისტრაციული ხარჯები მომავალ წელს.
2018 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, დაგეგმილია შრომის ანაზღაურებისთვის განკუთვნილი თანხის შემცირება. თუმცა, როგორც ვიცით, ადმინისტრაციულ ხარჯებს, შრომის ანაზღაურების გარდა, საქონელი და მომსახურება მიეკუთვნება. ჩვენ, მეტი თვალსაჩინოებისთვის, მიმდინარე და მომავალი წლის ადმინისტრაციული ხარჯების მოცულობა ერთმანეთს შევადარეთ.
ცხრილი 1: ადმინისტრაციული ხარჯების მოცულობა ბათუმის 2017 წლის ბიუჯეტის გეგმისა და 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ლარი
დასახელება | 2017 წელი (გეგმა) | 2018 წელი (პროექტი) |
მომუშავეთა რიცხოვნობა | 2 614 | 2 657 |
შრომის ანაზღაურება | 19 614 000 | 18 572 800 |
საქონელი და მომსახურება | 32 093 200 | 35 319 000 |
წყარო:ბათუმის მუნიციპალიტეტისსაკრებულო
როგორც ცხრილიდან ჩანს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურების მიმღებთა რიცხვი 43 ერთეულით იზრდება, ხოლო საქონლისა და მომსახურების მუხლის ზრდა, წინა წელთან შედარებით, 3 225 800 ლარითაა დაგეგმილი. მიუხედავად იმისა, რომ შრომის ანაზღაურების მოცულობა 1 041 200 ლარით უნდა შემცირდეს, 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტში დაგეგმილია ადმინისტრაციული ხარჯის (შრომის ანაზღაურებისა და საქონელი და მომსახურების ჯამური მოცულობა) გაზრდა: თუ მიმდინარე წელს აღნიშნული პარამეტრი 51 707 200 ლარს შეადგენდა, მომდევნო წელს ადმინისტრაციული ხარჯი 2 184 600 ლარით უნდა გაიზარდოს და 53 891 800 ლარი უნდა შეადგინოს. ცნობისთვის, 2017 წელს ბიუჯეტის ხარჯი ჯამში 87 921 500 ლარი იყო, ადმინისტრაციული ხარჯი კი ამ თანხის 58.8%-ს შეადგენდა. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში კი ხარჯის ჯამური მოცულობა 85 230 200 ლარს შეადგენს, ხოლო ადმინისტრაციული ხარჯი ამ თანხის 63.2%-ია.
რაც შეეხება კონკრეტულად წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსებას, აქაც შესამჩნევია ადმინისტრაციული ხარჯის ზრდა.
ცხრილი 2: ბათუმის მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯები 2017 წლის ბიუჯეტის გეგმისა და 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ლარი
დასახელება | 2017 | 2018 | ||
სახელისუფლებო ორგანო | მერია | საკრებულო | მერია | საკრებულო |
მომუშავეთა რიცხოვნობა | 217 | 32 | 217 | 32 |
შრომის ანაზღაურება | 4 233 900 | 1 119 800 | 3 861 800 | 1 098 200 |
საქონელი და მომსახურება | 2 151 800 | 407 100 | 2 559 900 | 467 500 |
წყარო:ბათუმის მუნიციპალიტეტისსაკრებულო
სულ, ორივე სახელისუფლებო ორგანოში დასაქმებულთა რაოდენობა 249 ადამიანს შეადგენს როგორც 2017, ისე 2018 წელს. შრომის ანაზღაურება კი, 2017 წელთან შედარებით, შემცირებულია მერიაში 372 100 ლარით, ხოლო საკრებულოში - 21 600 ლარით. თუმცა ადმინისტრაციული ხარჯები გაზრდილია. თუ 2017 წელს ეს პარამეტრი მერიის შემთხვევაში 6 385 700 ლარს შეადგენდა, 2018 წელს მისი 36 000 ლარით გაზრდა იგეგმება. მომავალ წელს ასევე გაზრდილია საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯიც და 1 565 700 ლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 38 800 ლარით აღემატება.
უნდა ითქვას, რომ წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების შრომის ანაზღაურებისთვის განკუთვნილი თანხა, 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ჯამში 393 700 ლარითაა შემცირებული. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ადმინისტრაციული ხარჯი 2017 წელს 7 912 600 ლარს შეადგენდა, ხოლო 2018 წელს მისი 7 987 400 ლარამდე გაზრდა იგეგმება.