რეზიუმე:
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბათუმის საკრებულოს #41 დადგენილებაში, 2018 წლის ივნისის ბოლოს ცვლილებები შევიდა და შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 1 420 600 ლარით გაიზარდა. გრანტების მოცულობა - 520 600 ლარით, ხოლო სხვა შემოსავლების - 900 000 ლარითაა გაზრდილი. ნამატი თანხიდან 999 000 ლარი ინფრასტრუქტურისა და კომუნალური სერვისებისთვის გამოყოფილ ხარჯს, ხოლო 250 000 ლარი სარეზერვო ფონდს დაემატება. ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია, ასევე, ახალი სერვისცენტრის მშენებლობისთვის 259 600 ლარის დახარჯვა.
ანალიზი 2018 წლის 28 ივნისს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა 2017 წლის 26 დეკემბრის #41 დადგენილებაში ცვლილებების შეტანას. პროექტის მიხედვით, იცვლება შემოსულობებისა და ნაშთის პარამეტრები. საკრებულოს სხდომის შემდეგ მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა არჩილ ვანაძემ განაცხადა:
„იზრდება ბიუჯეტი 1 მლნ 420 ათასი ლარით. ზრდა ძირითადად განპირობებულია ფინანსური დახმარებითა და ბიუჯეტის საკუთარი შემოსულობების გაზრდით. რაც შეეხება ნამატ თანხას, იგი ძირითადად მიემართება ქალაქის რეაბილიტირებულ უბნებში ეზოების საკანალიზაციო სისტემის ქალაქის ახალ საკანალიზაციო ქსელზე დაერთებისთვის. ასევე, იზრდება ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი. ბიუჯეტში გათვალისწინებულია ასევე მუნიციპალური სერვისცენტრის ოფისების მშენებლობა“.
ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის თავდაპირველ რედაქციაში შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი, საბოლოოსთან შედარებით, 9 934 700 ლარით ნაკლები იყო და 153 503 600 ლარს შეადგენდა. შემოსულობების მოცულობა ჯერ 2018 წლის მაისის ბოლოს, 8 514 100 ლარით გაიზარდა,ხოლო ზუსტად ერთ თვეში - კიდევ 1 420 600 ლარით. ცვლილებები გამოწვეულია შემოსავლების მუხლით გათვალისწინებული პარამეტრების ზრდით. აქედან, ბოლო ცვლილებების მიხედვით, მაისის შემდეგ გრანტების მოცულობა - 520 600 ლარით, ხოლო სხვა შემოსავლები 900 000 ლარითაა გაზრდილი.
ცხრილი 1:
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შემოსავლები
შემოსავლები | 2018 წლის თავდაპირველი მაჩვენებლები, ლარი | 2018 წლის 29 მაისის ცვლილების მიხედვით, ლარი | 2018 წლის ივნისის ცვლილების მიხედვით, ლარი |
გადასახადები | 29 900 000 | 29 900 000 | 29 900 000 |
გრანტები | 72 286 400 | 80 556 500 | 81 077 100 |
სხვა შემოსავლები | 40 417 200 | 40 661 200 | 41 561 200 |
როგორც ცხრილიდან ჩანს, გადასახადების მოცულობა უცვლელი დარჩა, ხოლო გრანტებისა და სხვა შემოსავლების მაჩვენებლები ჯამში 1 420 600 ლარით გაიზარდა.
სხვა შემოსავლების მუხლში ცვლილებები ძირითადად გამოიწვია იმან, რომ გაიზარდა შემოსავლები საკუთრებიდან. კერძოდ, ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მოგებიდან მიღებული დივიდენდების სახით 900 000 ლარი შევა.
გრანტების მოცულობის ცვლილება განპირობებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის“ პროექტისთვის, სპეციალური ტრანსფერის სახით, 520 600 ლარის დამატებით. ეს თანხა პროექტის ფარგლებში შესყიდული საქონლისა და მომსახურების დღგ-ის 50%-ის გადახდას მოხმარდება.გარდა აღნიშნული პროექტისა, ნამატი თანხის ნაწილი წარიმართება სარეზერვო ფონდში, რომლის მოცულობაც ბოლო ცვლილებამდე 950 000 ლარს შეადგენდა, ცვლილების შემდეგ კი 1 200 000 გახდება.
პროექტის მიხედვით, 1 471 900 ლარით იზრდება ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის გადასახდელები, რომლის დაფინანსების წყაროსაც ქალაქ ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტის შემოსულობები და ნაშთი წარმოადგენს.
ცხრილი 2:
ქალაქ ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები, ცვლილებების გათვალისწინებით
დასახელება | 2018 წლის გეგმა, მოქმედი რედაქცია | 2018 წლის გეგმა ივნისის ცვლილების შემდეგ | ცვლილება +/- |
შემოსულობები | 162 017 700 | 163 438 300 | 1 420 600 |
შემოსავლები | 151 117 700 | 152 538 300 | 1420 600 |
არაფინანსური აქტივების კლება | 10 900 000 | 10 900 000 | - |
გადასახდელები | 167 924 500 | 169 396 400 | 1 471 900 |
ხარჯები | 87 396 000 | 87 824 400 | 428 400 |
არაფინანსური აქტივების ზრდა | 62 056 400 | 62 239 600 | 183 200 |
ფინანსური აქტივების ზრდა (ნაშთის გამოკლებით) | 4 677 600 | 5 537 900 | 860 300 |
ვალდებულებების კლება | 13 794 500 | 13 794 500 | - |
ნაშთის ცვლილება | -5 906 800 | -5 958 100 | -51 300 |
მაშინ ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა არჩილ ვანაძემ გვითხრა, რომ აღნიშნული პროექტი, გარდა ერთჯერადად გაღებული თანხისა, რომელიც ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას პროექტის განხორციელებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოებისთვის გადაუხადა, სხვა ხარჯებს არ ითვალისწინებდა. ამ ეტაპზე ბიუჯეტში უკვე განისაზღვრა მომსახურების ცენტრების ასაშენებლად საჭირო თანხის მცირე ნაწილი. სულ 14 ცენტრი უნდა აშენდეს. რა დაუჯდება ადგილობრივ ბიუჯეტს მათი მშენებლობა და რამდენი ადამიანი დასაქმდება ამ პროექტის ფარგლებში, ამის შესახებ ინფორმაციას ფაქტ-მეტრი უმოკლეს ვადებში შემოგთავაზებთ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ცვლილების შემდეგ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მუხლს 385 400 ლარი მოაკლდა, რაც გამოწვეულია რამდენიმე ქუჩის კეთილმოწყობისთვის განკუთვნილი თანხის ბიუჯეტიდან ამოღებით. ასევე, ბიუჯეტიდან ამოიღეს ქალაქის საჭიროებებთან დაკავშირებული სტრატეგიული და სხვა ტიპის კვლევებისთვის გამოყოფილი ხარჯი, ჯამში 435 000 ლარი. ამ ღონისძიებების განხორციელება 2019 წელს იგეგმება. სამაგიეროდ, ახალ რედაქციაში მომუშავეთა რიცხოვნობა - შვიდი ერთეულით, ხოლო შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხის მოცულობა 51 900 ლარით იზრდება, რაც ნიშნავს, რომ 19 711 900 ლარი 2 587 ადამიანზე შრომის ანაზღაურების სახით უნდა გაიცეს. გარდა ამისა, 37 500 ლარით გაზრდილია საქონლისა და მომსახურების საპროგნოზო მაჩვენებელიც და 35 138 500 ლარს შეადგენს.