და მთავრობას ამ მიმართულებით დამატებითი თანხის გამოყოფა სთხოვა.
2018წლის აპრილში მთავრობამ დაამტკიცა განკარგულების პროექტი, რომლის თანახმადაც გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 39.5 მილიონი ლარით ფინანსდება და 19 მუნიციპალიტეტის 80 სოფელსა და 1 ქალაქში ხორციელდება. მათ შორის მოხვდა გაზიფიცირების გარეშე დარჩენილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლები. დედოფლისწყაროს მერის მოადგილის, სოლომონ ღორაშვილის ინფორმაციით, გაზიფიცირების სამუშაოები სოფელ ჭოეთსა და თავწყაროში უკვე დასრულდა. მისივე თქმით, ამ დროისთვის ქსელის შეყვანა ქვემო ქედში, სამთაწყაროში, ფიროსმანში, არხილოსკალოსა და საბათლოში მიმდინარობს, ხოლო ზემო ქედისა და ცენტრალური ტრასის გაზიფიცირების შესახებ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას უახლოეს დღეებში გამოავლენენ. აღნიშნულ სოფლებში გაზიფიცირების პროექტის მიმდინარეობა ფაქტ-მეტრს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროშიც დაუდასტურეს.
წლის ბოლოს ფაქტ-მეტრი ამ საკითხს კვლავ დაუბრუნდება და მკითხველს განახლებულ ინფორმაციას მიაწვდის.
ანალიზი „ქართული ოცნების“ დედოფლისწყარო-სიღნაღის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
„ისტორიული პროცესი დავიწყეთ. ერთ-ერთი ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ სოფლებს - ზემო ქედს, არხილოსკალოს, ქვემო ქედს, სამთაწყაროს, ფიროსმანს და საბათლოს ექნებოდა გაზი. ამას აბსოლუტურად ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენ ამ პროექტს შევძლებდით და განვახორციელებდით. იმიტომ, რომ რაც ეს სოფლები არსებობს გაზი არასდროს ყოფილა...“ - განაცხადა შიოლაშვილმა.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 იანვრის განკარგულებით,სოფლების გაზიფიცირებისთვის გასულ წელს ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყო. განკარგულების თანახმად, აღნიშნული წლის გეგმაში არ შედიოდა დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტების არცერთი სოფელი.
2017 წლის გაზაფხულზე, ირაკლი შიოლაშვილმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების გაზიფიცირების საკითხი პარლამენტის სხდომაზე დააყენა და მთავრობას ამ მიმართულებით დამატებითი თანხის გამოყოფა სთხოვა. იმავე წლის შემოდგომაზე გაზიფიცირების გარეშე დარჩენილი სოფლების მაცხოვრებლებმა პრობლემის მოგვარება ხელისუფლებას სთხოვეს. 2018 წლის 4 აპრილს მთავრობამ დაამტკიცა განკარგულების პროექტი "საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ". მთავრობის 725-ე განკარგულების თანახმად,გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 39.5 მლნ ლარით დაფინანსდება და 19 მუნიციპალიტეტის 80 სოფელში განხორციელდება. მათ შორის მოხვდა გაზიფიცირების გარეშე დარჩენილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლები.
როგორც ფაქტ-მეტრს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, პროექტი მოიცავს შემდეგ სოფლებს: ზემო ქედს, არხილოსკალოს, ქვემო ქედს, სამთაწყაროს, ფიროსმანს, საბათლოს, თავწყაროს, ჭოეთს. მერიის განცხადებით, გამოყოფილი 40 მილიონიდან 10 357 837 მილიონი ლარი დედოფლისწყაროში განსახორციელებელ სამუშაოებს მოხმარდება.
„პროექტის ფარგლებში, გაზიფიცირების სამუშაოები უკვე დასრულდა სოფელ ჭოეთსა და თავწყაროში. შიდა დაქსელვა ინტენსიურად მიმდინარეობს არხილოსკალოში, ქვემო ქედში, სამთაწყაროში, ფიროსმანში და საბათლოში. აღნიშნულ სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოების შესასრულებლად ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს 90, 120 და 130 დღიანი ვადა აქვთ. სოფელ ზემო ქედისა და ცენტრალური ტრასის გაზიფიცირების შესახებ გამოცხადებული პირველი ტენდერი ჩავარდა და ამ დღეებში ხელმეორე ტენდერში გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას ველოდებით“ - განუცხადა ფაქტ-მეტრს სოლომონ ღორაშვილმა. მისივე თქმით, გაზიფიცირება მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, მათი ვებგვერდის განახლება მიმდინარეობს, რის გამოც, 2018 წლის გაზიფიცირების გეგმა არ არის ატვირთული. თუმცა, სამინისტროში დაადასტურეს (და შესაბამისი დოკუმენტიც მოგვაწოდეს), რომ მიმდინარე წელს გაზიფიცირების სამუშაოები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ზემოთ ჩამოთვლილ სოფლებში ნამდვილად განხორციელდება.