რეზიუმე: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპული სამეზობლოს 53 წევრი ქვეყნის კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ისეთი პრობლემები, როგორებიცაა: კარდიოვასკულარული და რესპირატორული დაავადებები, მე-2 ტიპის დიაბეტი და კიბო, ჰაერის დაბინძურებასთან და კლიმატის ცვლილებასთანპირდაპირ კავშირშია.
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სტატისტიკის მიხედვით, სასუნთქი სისტემის ავადმყოფობების რეგისტრირებული ახალი შემთხვევების რაოდენობა 2008 წლიდან მოყოლებული ზრდის დინამიკით ხასიათდება. რეგისტრირებული ახალი შემთხვევების ყველაზე დიდი ოდენობა 2016 წელს დაფიქსირდა (744 673). აღნიშნული რიცხვი 2017 წელს 647 066-მდე შემცირდა.
რაც შეეხება საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებასა და განწყობას გარემოს დაბინძურების საკითხთან მიმართებით, ის NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევების ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხთა ნუსხაში 2015 წლიდან ხვდება. 2015 წლის აგვისტოს კვლევაში, ეროვნული მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 20%-მა გამოყო გარემოს დაბინძურების საკითხის პრობლემურობა, 2016 წლის ივნისის კვლევაში - 18%-მა, 2017 წლის ივნისის გამოკითხვაში - 22%-მა, 2017 წლის დეკემბერში - 23%-მა, ხოლო 2018 წლის დეკემბერში - 22%-მა. გარემოს დაბინძურება განსაკუთრებით პრობლემურად თბილისში მიიჩნევა, რადგან ადგილობრივ დონეზე აქტუალური თემების სიაში ის ყოველწლიურად პირველ ადგილს იკავებს. საკითხი მნიშვნელოვანია სხვა ურბანული ცენტრებისთვისაც (ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი, ფოთი, გორი, ქუთაისი), სადაც პრობლემური საკითხების სიაში მეორე ადგილს იკავებს.
ანალიზი
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ, განაცხადა: „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, ევროკავშირის და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ერთობლივი კვლევის თანახმად, რომელიც 53 ქვეყანაში ჩატარდა, დადასტურებულია, რომ ჰაერის დაბინძურებასა და ფილტვის კიბოს შორის პირდაპირი კორელაცია არსებობს. ასევე არსებობს პირდაპირი კორელაცია ჰაერის დაბინძურებასა და სხვა მძიმე დაავადებებს შორის... დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უშუალოდ ახლა უკვე საქართველოში, 2012-2016 წლებში რესპირაციული დაავადებების ზრდის დინამიკა შეიმჩნევა, რომელიც დაკავშირებულია ჰაერის ხარისხობრივი მაჩვენებლის გაუარესებასთან. ის, რომ ქვეყანაში არსებობს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პრობლემა, ამაზე მეტყველებს არაერთი კვლევა. მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების დაკვეთით ჩატარებული, სადაც ადამიანები ჰაერის დაბინძურებას ასახელებენ, როგორც ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
1989 წლიდან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპული სამეზობლოს 53 წევრი ქვეყანა გარემოსა და ჯანდაცვასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ მინისტერიალს მართავს. 2015 წლის აპრილში გამართული შეხვედრისას ქვეყნებმა იმსჯელეს კვლევის მიგნებებისა და მიზნების შესახებ. კვლევაში აღნიშნულია, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორებიცაა: კარდიოვასკულარული და რესპირატორული დაავადებები, მე-2 ტიპის დიაბეტი და კიბო, ჰაერის დაბინძურებასთან და კლიმატის ცვლილებასთანპირდაპირ კავშირშია. ჰაერის ხარისხი გარემოს დაცვის მნიშვნელოვან დეტერმინანტს წარმოადგენს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2014 წლის კვლევის თანახმად, 2012 წელს ევროპის სამეზობლო რეგიონში 600 ათასი ნაადრევი სიკვდილი სწორედ ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებებით იყო განპირობებული. უმრავლეს შემთხვევაში, სიკვდილი გულის იშემიური დაავადებებით, რესპირატორული ინფექციებით, ქრონიკული ობსტრუქციული პულმონარული დაავადებებითა და ფილტვის კიბოს შედეგად დადგა.
ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული ავადმყოფობის ძირითად მიზეზს თამბაქოს კვამლი წარმოადგენს. სხვა რისკ-ფაქტორებია: შენობის შიდა ჰაერის დაბინძურება, ატმოსფერული დაბინძურება, პროფესიული მტვერი და ქიმიური ნივთიერებები.
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სტატისტიკის მიხედვით, სასუნთქი სისტემის ავადმყოფობების რეგისტრირებული ახალი შემთხვევების რაოდენობა 2008 წლიდან მოყოლებული ზრდის დინამიკით ხასიათდება. რეგისტრირებული ახალი შემთხვევების ყველაზე დიდი ოდენობა 2016 წელს დაფიქსირდა და 744 673 შეადგინა. აღნიშნული რიცხვი 2017 წელს 647 066-მდე შემცირდა. რეგისტრირებული ახალი შემთხვევების რიცხვმა განსაკუთრებით 2014 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში მოიმატა, როდესაც 601 832-დან 703 727-მდე გაიზარდა. თუმცა, ამათგან კონკრეტულად რამდენი იყო გამოწვეული შენობის შიდა ჰაერის ან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებიდან, უცნობია.
ცხრილი 1: სასუნთქი სისტემის ავადმყოფობების ახალი შემთხვევების რეგისტრირებული რაოდენობა საქართველოში, 2008-2017 წლები
წელი |
რეგისტრირებული ახალი შემთხვევები |
2008 |
299 800 |
2009 |
447 518 |
2010 |
439 289 |
2011 |
470 741 |
2012 |
521 947 |
2013 |
557 495 |
2014 |
601 832 |
2015 |
703 727 |
2016 |
744 673 |
2017 |
647 066 |
წყარო: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
გარემოს დაბინძურების თემასთან დაკავშირებით უკანასკნელი წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება. შესაბამისად, იზრდება მათი რიცხვი, ვინც აღნიშნული საკითხის განსაკუთრებულ პრობლემურობას უსვამს ხაზს და დღისწესრიგში დაყენებას მოითხოვს. NDI-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაში გარემოს დაბინძურების პრობლემა ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების ნუსხის პირველ ხუთეულში 2015 წლიდან ხვდება. 2015 წლის აგვისტოს კვლევაში, ეროვნული მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 20%-მა გამოყო გარემოს დაბინძურების საკითხის პრობლემურობა, 2016 წლის ივნისის კვლევაში - 18%-მა, 2017წლის ივნისის გამოკითხვაში - 22%-მა, 2017 წლის დეკემბერში - 23%-მა, ხოლო 2018 წლის დეკემბერში - 22%-მა. გარემოს დაბინძურების საკითხს განსაკუთრებით პრობლემურად თბილისის მოსახლეობა მიიჩნევს, ვინაიდან ადგილობრივ დონეზე აქტუალური თემების სიაში ის ყოველწლიურად პირველ ადგილს იკავებს. საკითხი მნიშვნელოვანია დიდი ქალაქებისთვისაც (ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი, ფოთი, გორი, ქუთაისი) და მეორე ადგილზეა გზებთან დაკავშირებული პრობლემების შემდეგ. უკანასკნელ გამოკითხვაში, რომელიც 2018 წლის დეკემბერში ჩატარდა, გარემოს დაცვის საკითხის პრობლემურობაზე ყურადღება თბილისის მოსახლეობის 48%-მა გაამახვილა. მათი 57% ჰაერის დაბინძურების შესახებ მიუთითებს, 44% საკვების უსაფრთხოებაზე, ხოლო 40% ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებების არსებობაზე (აღნიშნულ კითხვაზე შესაძლებელი იყო მაქსიმუმ 3 სავარაუდო პასუხის არჩევა).
გრაფიკი 1: ჰაერის დაბინძურების პრობლემურობა საქართველოს მოსახლეობის აზრის კვლევებში
წყარო: NDI Public Opinion Polls