რეზიუმე: საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილების მიხედვით, წინასაარჩევნო რეკლამაში ანტირეკლამა სარეკლამო რგოლის 25%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთან, პოლიტიკური რეკლამის შინაარსზე პასუხისმგებლობა მაუწყებლებს ეკისრებათ.
მოქმედი კანონმდებლობით, მაუწყებელი ვალდებულია დაიცვას წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების წესები, თუმცა პოლიტიკური რეკლამის შინაარსზე პასუხისმგებელი არ არის. ის რომ წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამა კანონით განსაზღვრულ დეფინიციას უნდა შეესაბამებოდეს, ამის ვალდებულება ეკისრება რეკლამის დამკვეთს/საარჩევნო სუბიექტს და არა მედიას.
მმართველი გუნდის წარმომადგენლების განმარტებით, საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები ეუთოს (ODIHR-ის) 2018 წლის ანგარიშის/რეკომენდაციების ფარგლებში მომზადდა. აღნიშნულ ანგარიშში ანტირეკლამის შეზღუდვაზე საუბარი არ არის. ამასთან, ხაზგასმით წერია, რომ მაუწყებლები პასუხს არ უნდა აგებდნენ მათ მიერ ეთერში გაშვებული პოლიტიკური რეკლამების შინაარსზე.
ანალიზი
საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებათა პროექტი ანტირეკლამაზე შეზღუდვებს აწესებს. კერძოდ, წინასაარჩევნო რეკლამაში სხვა საარჩევნო სუბიექტის ანტირეკლამა სარეკლამო რგოლის 25%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
ამასთან, საარჩევნო პროგრამა ან საარჩევნო სუბიექტის განცხადება/ქმედება, მათ შორის წინასაარჩევნო რეკლამა არ უნდა შეიცავდეს სიძულვილის ენასა და ქსენოფობიურ განცხადებებს.
ინიცირებული ცვლილებებით, რეკლამის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ მაუწყებლებს. კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი და მედია დაჯარიმდება რეკლამის განთავსება/გამოქვეყნება/გადაცემისთვის განსაზღვრული ტარიფის ორმაგი ოდენობით.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ანტირეკლამის შეზღუდვასთან დაკავშირებით შექმნილი აჟიოტაჟი ხელოვნურად ჩამოყალიბდა და მას არანაირი საფუძველი არ აქვს. მისი განცხადებით: „დღესაც ევალება მედიასაშუალებას ამის გადამოწმება, არის თუ არა ეს თავსებადი კანონმდებლობასთან. გაუშვას თუ არ გაუშვას. იქნებ იმ პარტიას პორნოგრაფიის გაშვება უნდა“.
ფაქტ-მეტრმა ირაკლი კობახიძის განცხადება გადაამოწმა.
მოქმედი კანონმდებლობით, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა არის მედიაში გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.
საქართველოს საარჩევნო კოდექსით და მაუწყებლობის შესახებ კანონით პოლიტიკური რეკლამის განთავსების წესები რეგულირდება. რაც შეეხება წინასაარჩევნო რეკლამის შინაარსს, მაუწყებლობის შესახებ კანონში განმარტებულია - „მაუწყებელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსზე. წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსზე პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება შესაბამისი რეკლამის დამკვეთს“.
მმართველი გუნდის განმარტებით, საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები ეუთოს რეკომენდაციების ფარგლებში მომზადდა. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) 2018 წლის ანგარიშში, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მომზადდა, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია საარჩევნო კანონმდებლობის გადახედვას შეეხება. მათ შორის, ერთ-ერთი რეკომენდაცია ეხება, სიძულვილის ენის და ქსენოფობიის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად, წინასაარჩევნო კამპანიის დროს მისაღები ენის ნორმებთან დაკავშირებით რეგულაციების შემუშავებას. თუმცა აღნიშნულ ანგარიშში ანტირეკლამის შეზღუდვაზე, ასევე რეკლამის შინაარსზე მედიისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ საუბარი არ არის. პირიქით, ანგარიშში კრიტიკულად არის შეფასებული, წინასაარჩევნო რეკლამის შინაარსში მედიის, ასევე კომუნიკაციების კომისიის ჩარევის მაგალითები.
„კანონმდებლობა პოლიტიკური რეკლამის შინაარსზე პასუხისმგებლობას არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს და არა მედიას აკისრებს, ამის მიუხედავად, 25 სექტემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ნაციონალურ მაუწყებლებს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის საწინააღმდეგო სამი რეკლამის ეთერიდან მოხსნა მოსთხოვა. კომისიის განცხადებით, რეკლამები მაუწყებლობის შესახებ კანონს ეწინააღმდეგებოდა. მოგვიანებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განმარტა, რომ მის თხოვნას არავითარი იურიდიული ძალა არ გააჩნდა, თუმცა ტელეკომპანიების უმრავლესობამ მაინც დააკმაყოფილა აღნიშნული მოთხოვნა.
6 დეკემბერს გამართულ ღია სხდომაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დაადგინა, რომ მაუწყებლები რომელთა ეთერში გასულ პოლიტიკურ რეკლამებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ან „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატები „მოღალატეებად“ იყვნენ მოხსენიებული, მაუწყებლობის შესახებ კანონით დაცულ ეთიკურ სტანდარტებს არღვევდნენ, თუმცა კომისიას რომელიმე მაუწყებლის სანქცირების გადაწყვეტილება არ მიუღია. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას რეაგირება არ მოუხდენია იმ პოლიტიკურ რეკლამებზე სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მათი კანდიდატი „ნაცისტებად“ იყვნენ მოხსენიებული” -ვკითხულობთ ეუთოს ანგარიშში.
ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ მაუწყებლების უმრავლესობა პოლიტიკური რეკლამების ეთერში გაშვებამდე მათ შინაარსს ამოწმებდა და ზოგიერთ შემთხვევაში შინაარსიდან გამომდინარე მათ გაშვებაზე უარსაც ამბობდა, რაც საერთაშორისო დონეზე მიღებულ პრაქტიკას ეწინააღმდეგება. მაუწყებლების უმრავლესობამ განაცხადა, რომ ისინი ამას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან შესაძლო სანქციების თავიდან ასაცილებლად აკეთებდნენ.
ეუთოს ანგარიშში ხაზგასმულია, რომ „მედიები პასუხს არ უნდა აგებდნენ მათ მიერ ეთერში გაშვებული პოლიტიკური რეკლამების შინაარსზე, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც სასამართლოს მიერ მანამდე მიღებული გადაწყვეტილებით რეკლამის შინაარსი უკანონოდ იქნა მიჩნეული ან სასამართლოს აზრით, კონკრეტულ რეკლამაში შესული განცხადებები შეიცავენ პირდაპირ მოწოდებებს ძალადობისკენ“.
ამრიგად, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები - მაუწყებლისთვის პოლიტიკური რეკლამის შინაარსზე პასუხისმგებლობის დაკისრება და ანტირეკლამის კონტროლი, ეუთოს ანგარიშთან და რეკომენდაციასთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის.
როგორ აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს?
ISFED-ის ხელმძღვანელის, მიხეილ ბენიძის, შეფასებით „საარჩევნო კოდექსის ცვლილებების სულისკვეთება მთლიანობაში არის ცენზურის დამკვიდრების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა. კერძოდ: სიძულვილის ენის რეგულირების შემოტანით (თან ისე, რომ ტერმინი განმარტებულიც კი არ არის), პრაქტიკულად არსებითად იცვლება გამოხატვის თავისუფლების მოწესრიგება ქვეყანაში; ანტირეკლამის რეგულირებით ჩარევა ხდება საარჩევნო კამპანიის დროს საარჩევნო სუბიექტების გამოხატვის თავისუფლებაში; რეკლამის შინაარსზე პასუხისმგებლობის მაუწყებლებისთვის დაკისრებით პრაქტიკულად ხდება მედიის დამორჩილება".
GDI-ის ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე მიიჩნევს, რომ „საარჩევნო კოდექსში შემოთავაზებული ცვლილება, 25 პროცენტამდე შეზღუდონ პოლიტიკური ოპონენტის საწინააღმდეგო რეკლამა, რეალურად ნიშნავს ხელისუფლების კრიტიკის შეზღუდვას და პოზიტივზე ლაპარაკის კანონით დავალდებულებას“.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილის შეფასებით, „შეზღუდვები ანტირეკლამაზე წინააღმდეგობაში მოდის გამოხატვის თავისუფლებასთან. საარჩევნო სუბიექტს უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, თვითონ გადაწყვიტოს, რა ტიპის საარჩევნო კამპანიას აწარმოებს“. ამასთან, მას ძნელად წარმოუდგენია აღნიშნული რეგულაციის აღსრულების მექანიზმი, მისი განცხადებით: „ეს არის შინაარსში ჩარევა. რანაირად უნდა შეფასდეს და როგორ უნდა დაითვალოს ეს 25% მაუწყებელმა - წამზომით უნდა იჯდეს და ითვალოს საიდან სადამდეა ნეგატიური?“