რეზიუმე
2019 წლის იანვრის დასაწყისში ამერიკა-ირანის დაძაბულობის ფონზე, ქართულ მედიასივრცეში მანიპულაციური და ყალბი ამბები გავრცელდა. ინტერნეტმედიებმა “ambavi.cc”, „თვალსაზრისი“ და “siaxleebi.club” ინფორმაცია სპეკულაციური სათაურით გამოაქვეყნეს. ერთ შემთხვევაში, აღნიშნული მედიები ირანის პრეზიდენტს მიაწერდნენ განცხადებას, თითქოს ის საქართველოს ირანის ტერიტორიად ასახელებს და მის დაბრუნებაზე საუბრობს, ხოლო მეორე შემთხვევაში, ნახევარი მილიონი ირანელის საქართველოში „გადმოსახლების“ თაობაზე გავრცელდა ყალბი ამბავი. დასახელებული ამბებიდან, ორივე ყალბია და სიმართლეს არ შეესაბამება.
ანალიზი
9 იანვარს ინტერნეტმედია „ambavi.cc” გაავრცელა ინფორმაცია (რომელსაც, 13 იანვრის მონაცემებით, 44 ათასი ნახვა აქვს) სათაურით „საქართველო ჩვენი ტერიტორიაა და მალე დავუბრუნებთ..“ - ირანის პრეზიდენტის შოკისმომგვრელი განცხადება.“
ხოლო სტატიაში ვკითხულობთ:
„ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი მიიჩნევს, რომ საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ტერიტორიები ირანს ეკუთვნოდა, რომელიც 205 წლის წინ გამოყოფილი იქნა “მშობლიური მიწისგან” – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ისლამური რევოლუციის 40 წლისადმი მიძღვნილ სიტყვაში განაცხადა. “კაჯარების დინასტიის მმართველობის დროს, 205 წლის წინ, ირანის მშობლიური მიწები გამოყოფილი იქნა ქვეყნისგან, მათ შორის ჩრდილოეთ ირანის და კავკასიის ტერიტორიები. ამ ადგილებში დღეს ფორმირებულია მრავალი სახელმწიფო”, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა".
მსგავსი სახის არასწორი ინფორმაცია ასევე ინტერნეტმედია „თვალსაზრისმა“ (რომელსაც, 13 იანვრის მონაცემებით, 2481 გაზიარება აქვს) გაავრცელა - „ირანის პრეზიდენტი: „საქართველოს ტერიტორია ირანს ეკუთვნოდა“:
ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ ისლამური რევოლუციის 40 წლისადმი მიძღვნილ სიტყვაში განაცხადა:
„საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ტერიტორეიბი ირანს ეკუთვნოდა, რომელიც 205 წლის წინ გამოყოფილი იქნა “მშობლიური მიწისგან.კაჯარების დინასტიის მმართველობის დროს, 205 წლის წინ, ირანის მშობლიური მიწები გამოყოფილი იქნა ქვეყნისგან, მათ შორის ჩრდილოეთ ირანის და კავკასიის ტერიტორიები. ამ ადგილებში დღეს ფორმირებულია მრავალი სახელმწიფო“.
2019 წლის თებერვალში ამ საკითხზე მსგავსი სახის ინფორმაცია გაზეთმა „საქართველო და მსოფლიო“ გაავრცელა (რომელსაც 13 იანვრის მონაცემებით, 37 ათასზე მეტი ნახვა აქვს) სათაურით: „ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველო ირანის ტერიტორიაა“. ხოლო 2019 წლის ივნისში „საქართველოსა და მსოფლიოს“ ტექსტითა და განსხვავებული სათაურით - „ირანის პრეზიდენტის განცხადებით საქართველო ოდითგანვე ირანის ტერიტორიაა“ - სტატია siaxleebi.club-მა (რომელსაც, 13 იანვრის მონაცემებით, 8 ათასზე მეტი ნახვა) გამოაქვეყნა.
გურამ ქართველიშვილმა 8 იანვარს თავის Facebook პოსტში და ვიდეოში დაწერა: „...აკი არც ირანის პრეზიდენტმა დამალა შარშან მაღალი ტრიბუნიდან ის რაც ამ სტატიაში მოგახსენეთ. მან სიტყვა სიტყვით თქვა რომ გურჯისტანი ირანის ნაწილია და ეს განაცხადა მსოფლიო მედიის ყურადსაღებად...“.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთი გამოცემა ინფორმაციის წყაროს არც უთითებს და არც ასახელებს. სავარაუდოდ, აღნიშნული მანიპულაცია ირანის პრეზიდენტის, ჰასან რუჰანის ისლამური რევოლუციის 40 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წარმოთქმული სიტყვიდან გაჩნდა. თუმცა სინამდვილეში, პრეზიდენტი რუჰანი აღნიშნულ გამოსვლაში საქართველოს საერთოდ არ ახსენებს და, შესაბამისად, არც ფრაზა - „საქართველო ჩვენი ტერიტორიაა და მალე დავიბრუნებთ“ - არ წარმოუთქვამს და ეს ყალბი ინფორმაციაა.
მსგავსი ყალბი და პროვოკაციული სათაურით "ambavi.cc" ცდილობდა, მათ სტატიაზე რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადასულიყო (ეს წარმოადგენს ე.წ. clickbait-ს - ინტერნეტში გავრცელებული კონტენტი, რომლის მიზანი ყურადღების მიპყრობა და ბმულზე გადასასვლელად მნახველთა წახალისებაა). აგრეთვე, ისლამური რევოლუციისადმი მიძღვნილი ღონისძიება 2019 წლის თებერვალში ჩატარდა და მის შესახებ ინფორმაციის ერთი წლის შემდეგ გამოქვეყნება აჩენს ეჭვებს მის მანიპუალციურ და clickbait ხასიათზე. გამოსვლის ის ნაწყვეტი, რომლის გაყალბებულ და დამახინჯებულ ვერსიებსაც ზემოთ დასახელებული ინფორმაციები წარმოადგენენ, შემდეგნაირად ჟღერს:
„პირველ რიგში, ჩვენი ისლამური რევოლუცია ესწრაფვის დაიცვას ისლამური ირანი და ეს იყო რევოლუციის მიზანი. ჩვენმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ 205 წლის წინ ქვეყნის ჩრდილოეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი და კავკასია, ყაჯართა დინასტიის მოღალატე შაჰების დროს, ეს ნაწილები გამოეყო ქვეყანას. 191 წლის წინ ჩრდილოეთ ტერიტორიების კიდევ ერთი ნაწილი გამოეყო სამშობლოს. 172 წლის წინ ირანის ჩრდილო-დასავლეთის უმეტესი ნაწილი გამოეყო ირანს. 163 წლის წინ ქვეყნის აღმოსავლეთის მნიშვნელოვანი ნაწილი გამოეყო და 138 წლის წინ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილი გამოეყო სამშობლოს. 100 წლის წინ ქვეყნის სამხრეთის უმეტესი ნაწილი გამოეყო და დღეს ამ ტერიტორიაზე წარმოდგენილია რამდენიმე ქვეყანა, სპარსეთის ყურის სამხრეთ ნაწილში 47 წლის წინაც კი, მე ვგულისხმობ ისლამური რევოლუციის ტრიუმფამდე 7 წლით ადრე, მოღალატეობრივი რეჟიმის დროს, ქვეყნის სამხრეთის მნიშვნელოვანი ნაწილი გამოეყო, რაც მიიჩნევა როგორც, ვსაუბრობ გეოგრაფიულად, ირანის მე-14 პროვინციად, ის გამოეყო ირანს ფეჰლევის რეჟიმის მიერ. შაჰების დროს ქვეყანას გამოეყო ირანის 2/3. ასე რომ ეს ნიშნავს, რომ წინა რეჟიმები იყვნენ მოღალატეები ხალხის კულტურასთან, რელიგიასა და კეთილდღეობასთან მიმართებაში და ასევე ისინი იყვნენ მოღალატეები ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში.“
რუჰანის გამოსვლაში ნახსენებია, რომ კავკასია ირანს 205 წლის წინ გამოეყო, თუმცა არ დაუსახელებია ცალკეული ქვეყნები და ასევე არ უხსენებია, რომ ირანი გამოყოფილ ტერიტორიებს კვლავ მათ ნაწილად მიიჩნევს და მათ დაბრუნებას აპირებს. ირანი დღეს საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს (საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში). რუჰანი ირანის სამეფოს მიერ ტერიტორიების დაკარგვის პროცესზე საუბრობდა, რაშიც წინა „მოღალატეობრივ“ რეჟიმებს ადანაშაულებდა და ამით ისლამური რევოლუციის მნიშვნელობის ხაზგასმას ცდილობდა. ასევე აღსანიშნავია, რომ კავკასიაში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის გარდა ჩრდილოეთ კავკასიაც იგულისხმებოდა, რომელიც დღეს რუსეთის ნაწილია, თუმცა ეს არც "ambavi.cc-ის" და არც სხვა წყაროების ინფორმაციაში იყო ნახსენები.
ყალბი ამბავი ირანელების საქართველოში „გადმოსახლების“ შესახებ
ყალბი ამბავი ნახევარი მილიონი ირანელის საქართველოში შემოსვლის შესახებ Facebook გვერდ „დედაქალაქის“ დამფუძნებელ ნინული ქავთარაძეს ეკუთვნის. ის ასევე სხვადასხვა ინტერნეტმედიამ გაავრცელა, მათ შორის - "ambavi.cc" სათაურით - “სულ მალე ნახევარი მილიონი ირანელი შემოვა საქართელოში.. ღმერთს ვთხოვ გაგავძლიეროს…” – ახალხანს საგანგებო განცხადება გავრცელდა” (რომელსაც, 13 იანვრის მონაცემებით, 7 ათასი ნახვა აქვს); „თვალსაზრისმა“, სათაურით - „ირანელები თბილისში სტუმრად კი არა, უკვე საკუთარ სახლებში ჩამოდიან“ (რომელსაც, 13 იანვრის მონაცემებით, 8187 გაზიარება), „GEOMEDIAPRESS“-მა, სათაურით - „100 000 ზე მეტი ბინაა გაყიდული ირანიელ მოქალაქეებზე“ (430 ნახვა).
გთავაზობთ ნაწყვეტს გავრცელებული ინფორმაციიდან:
“100 000 ზე მეტი ბინაა გაყიდული ირანელ მოქალაქეებზე ჩვენს ქვეყანაში ისინი თავიის ქონების კანონიერი მეპატრონეები არიან რა თქმა უნდა დაიწყეს თავის კუთვნის სახლებში ჩამოსვლა. თუ გავითვალისწინებთ ბინების რაოდენობას ნახევარ მილიონამდე ირანის მოქალაქეს სულ მალე ვიხილავთ ჩვენს ქართველებიდან დაცარიელებულ ქვეყანაში..."
აღნიშნული ინფორმაცია შეთქმულების თეორიას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით გაკეთებულ დასკვნას, რადგან ინფორმაციისა და სტატისტიკის დამადასტურებელი წყარო არ არის მოყვანილი. ასევე, მსგავსი სტატისტიკა არც ერთ უწყებას არ აქვს გამოქვეყნებული. ირანიდან მიგრანტების შემოსვლის შესახებ დეზინფორმაცია წარსულშიც გავრცელებულა. 2018 წელს საქართველოში მილიონი ირანელის ჩამოსვლის შესახებ ინფორმაციას „GEOMEDIAPRESS” ავრცელებდა, ხოლო სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი ასეულობით ირანელის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ განცხადება ნიკოლოზ მჟავანაძემ გააკეთა, ორივე ეს განცხადება არასწორი და ყალბი იყო.
წარსულში მსგავსი პანიკის შემქმნელი ინფორმაცია საქართველოში სირიიდან მიგრანტების მასობრივ შემოსვლასთან დაკავშირებითაც ვრცელდებოდა, რაც მცდარი იყო. ირან-ამერიკას შორის დაძაბულობის ფონზე, ზემოთ ჩამოთვლილმა ყალბმა ამბებმა მეტი დამაჯერებლობა შეიძინა და სოციალურ ქსელში მათ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
წყაროების შესახებ
საიტებს "ambavi.cc-სა" და "siaxleebi.club" საკონტაქტო მონაცემები ან ინფორმაცია „ჩვენს შესახებ“ არ აქვს. საიტზე მხოლოდ ერთი ფუნქციაა - Home (siaxleebi.club)/ მთავარი (ambavi.cc). ეს კი არასანდო მედიების ერთ-ერთი მახასიათებელი ნიშანია. ასევე აღსანიშნავია, რომ "siaxleebi.club-ს" 2019 წლის 1 ნოემბრის შემდეგ სიახლე აღარ გამოუქვეყნებია, ხოლო "ambavi.cc-ზე" პირველი ინფორმაცია 2019 წლის 19 ნოემბერს გავრცელდა და მათ იდენტური დიზიანი აქვთ, რაც საერთო მფლობელის არსებობის შესახებ აჩენს ეჭვს, რომელმაც "siaxleebi.club-ის" საქმიანობა უბრალოდ ახალ დომეინზე - "ambavi.cc-ზე" - გადაიტანა.
„თვალსაზრისს“ ყალბი ამბები აქამდეც გაუვრცელებია (იხილეთ აქ). იგივე ითქმის „GEOMEDIAPRESS”-ზეც (იხილეთ აქ). „საქართველო და მსოფლიო“ ყალბი ამბებისა და რუსული პროპაგანდის გავრცელებაში არაერთხელ ყოფილა შემჩნეული (იხილეთ აქ, აქ და აქ).
გურამ ქართველიშვილი კი ქართულ მარშთან დაახლოებულ პიროვნებას წარმოადგენს. ის ქართულ მარშთან ერთად 2018 წელს აქციის ორგანიზებაში იღებდა მონაწილეობას. გურამ ქართველიშვილი იყო ე.წ. „ეროვნულ ძალთა ერთობის წევრი“ სანდრო ბრეგაძესთან, დიმიტრი ლორთქიფანიძესთან, გია კორკოტაშვილთან, ლევან ჩაჩუასთან, ზვიად ტომარაძესთან, ნიკოლოზ მჟავანაძესთან, გურამ ფალავანდიშვილთან, ბესო დანელიასთან, კონსტანტინე მორგოშიასა და ლევან ჩხაიძესთან ერთად.
ის გურამ ფალავანდიშვილთან, ლევან ჩაჩუასთან და დიმიტრი ლორთქიფანიძესთან ერთად ასევე ხშირად ჩნდება გავრცელებულ ვიდეოებში.