საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საშობაოდ 5 მსჯავრდებული შეიწყალა. რამდენიმეთვიანი მორატორიუმის შემდეგ, რაც აგვისტოს გახმაურებულ შეწყალებას მოჰყვა, პრეზიდენტმა შეწყალების აქტი პირველად გამოსცა. შეწყალებულთა შორის დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის 8 ნოემბერს გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა მიმართა.
საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზების შესახებ პრეზიდენტმა თქვა: „როცა საქართველოს სახელმწიფო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, პატრიარქის ავტორიტეტისა და მისი სიცოცხლის ხელყოფა ნიშნავს საქართველოს ხელყოფას’’. აღსანიშნავია, რომ გიორგი მამალაძეს სასამართლომ ცხრაწლიანი პატიმრობა არა საქართველოს პატრიარქის, არამედ პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის მიუსაჯა.
გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრებამდე (სადაც იმ დროს პატრიარქი მკურნალობდა), თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. პროკურატურის ცნობით, დეკანოზის ბარგის ჩხრეკისას ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება - „ნატრიუმის ციანიდი“ ამოიღეს. ასევე, პროკურატურის ცნობით, ამოიღეს „კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა, რომლებიც მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და თავის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა“.
2017 წლის 8 მარტს მთავარმა პროკურატურამ „ციანიდის საქმეში“ მტკიცებულებების სახით არსებული ვიდეო და აუდიომასალების ნაწილი გამოაქვეყნა, რომელიც დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის, მცდელობას ადასტურებდა, მომწამვლელი ნივთიერება ციანიდი გერმანიაში გამგზავრებამდე მოეპოვებინა. მთავარ პროკურატურაში ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ამ მასალების მოპოვების დროს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფებოდა, თუმცა დაკავებულისთვის წაყენებული ბრალი არა პატრიარქს, არამედ მის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს, უკავშირდებოდა.
გიორგი მამალაძე თავდაპირველად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე (მკვლელობის მომზადება) და 236 (2)-ე მუხლებით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა) იყო ბრალდებული. შემდეგ, პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა და სსკ-ის 18-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა ბრალდება (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც სასჯელის ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
საბოლოოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების კვალიფიკაცია შეცვალა და დეკანოზს ანგარებით მკვლელობის მუხლი მოუხსნა. გიორგი მამალაძეს შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიესაჯა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა. პროკურატურა განაჩენის დამძიმებას მოითხოვდა, ხოლო ბრალდების მხარე - გამამართლებელ განაჩენს. სააპელაციო სასამართლომ არცერთი მხარის მოთხოვნა არ გაითვალისწინა და საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გიორგი მამალაძის საჩივარი წარმოებაშიც არ მიიღო. სასამართლოს განცხადებით, საჩივრები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა. ,,საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განაჩენი კანონიერია და წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებული პირის ბრალეულობა“, - წერია სასამართლოს მიერ 2018 წლის პირველ აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.
ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით
დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების შემდეგ, როგორც პროკურატურა, ასევე მმართველი გუნდის წარმომადგენლები, ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო დანაშაულის მსხვერპლი (იხ. ვრცლად „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში).
„როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, მას [გიორგი მამალაძეს] უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. სწორედ, ამ მიზნით შეიძინა მან შხამიანი ნივთიერება - ციანიდი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც გარდაუვალი იქნებოდა სასიკვდილო შედეგი და სისრულეში იქნებოდა მოყვანილი ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედება“, - ეწერა პროკურატურის განცხადებაში.
ამავე განცხადებაში იმ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის ვინაობა, რომლის მკვლელობაც იგეგმებოდა, დაკონკრეტებული არ იყო, თუმცა ეწერა, რომ „გიორგი მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ, მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე”.
პროკურატურის განცხადების მსგავსად, მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებებიც ირიბ მინიშნებებს შეიცავდა. საქართველოს იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, საქმესთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გაავრცელა: „ჩვენ, ყველამ უდიდესი უბედურება ავიცილეთ თავიდან, აღკვეთილია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაული, ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა. გამომდინარე არაორდინალური ვითარებიდან, რომელიც შეიქმნა, ბერლინში გავაგზავნე ჩემი პირადი დაცვის წევრები, დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსთან ერთად, რათა გაძლიერებულიყო უსაფრთხოების ზომები ადგილზე. მთავარი გახლავთ ის, რომ ექიმების განცხადებით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს“.
საპარლამენტო უმრავლესობის მაშინდელმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ კი აღნიშნა, რომ პროკურატურის მიერ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადება, არ იძლეოდა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ თავდასხმის ობიექტი უშუალოდ პატრიარქი იყო, თუმცა განმარტა, რომ: „როდესაც გამოვლინდა და აღიკვეთა ასეთი დანაშაული, ავტომატურ რეჟიმში პატრიარქის უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა“.
პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის იმჟამინდელი თავმჯდომარის ეკა ბესელიას ოფიციალურ Facebook-გვერდზე შემდეგი განცხადება გამოქვეყნდა: „პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კომენტარს აკეთებს პატრიარქის წინააღმდეგ დაგეგმილ დანაშაულთან დაკავშირებით. ეკა ბესელიას თქმით, ეს დანაშაული სამართალდამცავებმა აღკვეთეს“.
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით: „ჩვენ რეალურად გადავრჩით ტრაგედიას, ტრაგედიას, რომელიც არა მხოლოდ ეკლესიის დესტაბილიზაციას, არამედ ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციასაც გამოიწვევდა და ეს იქნებოდა ეროვნული ტრაგედია თითოეული ჩვენგანისათვის“.
დეკანოზის დაკავებიდან რამდენიმე დღეში მთავარმა პროკურატურამ ციანიდის საქმესთან დაკავშირებით გაზეთ „რეზონანსთან” კიდევ ერთი განმარტება გააკეთა და თქვა, რომ პატრიარქის ან რომელიმე მაღალი იერარქიის პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა.
აღსანიშნავია, რომ პროკურატურის ამ განცხადებას მმართველი გუნდის მხრიდან ერთგვარი თავის მართლების ტალღა მალევე მოჰყვა.
P.S. გიორგი მამალაძეს ბრალი წარედგინა და სასჯელი მიესაჯა პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის, განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის. პრეზიდენტის წინასწარ მომზადებულ სიტყვაში, რასაც პრეზიდენტი კითხულობდა, საქართველოს პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფაზე საუბარი ორ რამეს შეიძლება ნიშნავდეს: ან ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და მანიპულირების მცდელობას პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფაზე მითითებით; ან უკიდურეს არაპროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე, რაც ყველა იმ პირმა გამოამჟღავნა, ვინც პრეზიდენტის სიტყვის შედგენაში მიიღო მონაწილეობა ისე, რომ გიორგი მამალაძის საქმეში არც ჩაუხედავს.