22 იანვარს Facebook-ის მომხმარებელმა, ლევან ჯოჯიშვილმა, ირანიდან იმპორტირებული მომწამლავი ვაშლის შესახებ გამოაქვეყნა პოსტი, აღნიშნული პოსტი შემდგომ ფეისბუკის მრავალრიცხოვან ჯგუფებში გაზიარდა და გამოქვეყნდა ინტერნეტგამოცემებში euronews.ge და hotnews.ge. „ფაქტ-მეტრი" გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტით დაინტერესდა და დაასკვნა, რომაღნიშნული განცხადება არის ყალბი ამბავი.

ლევან ჯოჯიშვილი Facebook-პოსტში აღნიშნავს, რომ საქართველოში შემოტანილია 300 ტონა ირანული ვაშლი, რომელიც აშშ-სა და ევროპული ქვეყნების მიერ ირანისთვის სანქციების დაწესების გამო საქართველოსკენ გადმომისამართდა. ავტორის მტკიცებით, ხსენებული საქონელი ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს შეიცავს: „იქიდან გამომდინარე რომ ამერიკამ და ყველა ევროპულმა ქვეყანამ ირანს სანქციები დაუწესა მთლიანი მათი პროდუქცია შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში რომელიც არის სრულიად 100% ით ქიმიური შემადგენლობის და საწამლავი შხამი რაც იწვევს უამრავ დაავადებას!“ აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ირანის ბირთვული შეთანხმების მიღწევის შემდეგ, დასავლური ქვეყნების მერ დაწესებული თითქმის ყველა სანქცია გაუქმდა და ძალაში დარჩა მხოლოდ სამხედრო სფეროსთან დაკავშირებული შეზღუდვები, ხოლო უკანასკნელ პერიოდში ირან-ამერიკას შორის დაძაბულობის ფარგლებში, აშშ-მა ირანელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაუწესა სანქციები, რომლებიც ნავთობპროდუქტების, მშენებლობის, წარმოების, ტექსტილისა და წიაღისეულის სფეროებს ზღუდავს, თუმცა სოფლის მეურნეობის პროდუქტის მწარმოებლებს არ ეხებათ. შესაბამისად, ტექნიკურად ირანული სოფლის მეურნეობის ნაწარმის იმპორტი არც ამერიკაში და არც ევროპულ სახელმწიფოებში აკრძალული არ არის.

რაც შეეხება იმპორტირებული პროდუქტის მომწამვლელობას, „ფაქტ-მეტრი" აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა. როგორც სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, თეა შველიძემ განგვიმარტა, სააგენტოს მიერ ნებისმიერი სახის საკვები პროდუქტის შემოწმება ხორციელდება როგორც საზღვარზე, ასევე პერიოდულად ხდება ბაზრის მონიტორინგი. შესაბამისად, პოსტის ავტორის მტკიცება პროდუქტის მომწამვლელობაზე, აზრსმოკლებულია. „ფაქტ-მეტრი", ასევე დაუკავშირდა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, სადაც წერილობით დაგვიდასტურეს, რომ იმპორტირებული ხილი საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადის სურსათის უვნებლობის კონტროლს, ირანიდან იმპორტირებულ ვაშლზე ხორციელდება ფიტოსანიტარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურები, რაც გულისხმობს დოკუმენტურ შემოწმებას, იდენტურობის შემოწმებასა და მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლს. გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურის ცნობით, ლაბორატორიული ანალიზის შედეგად პროდუქტში გენმოდიფიცირებული ორგანიზმის დადასტურების შემთხვევაში აღნიშნული პროდუქტი უკან დაბრუნებას ან განადგურებას ექვემდებარება. ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ ირანული ვაშლის იმპორტი ჩვეულებრივი მოვლენაა და უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში მისი შემოტანა საქართველოში ყოველწლიურად ხორციელდება.

წყარო: ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

საყურადებოა ისიც, რომ პოსტის ავტორი ნეგატიურ ჭრილში იხსენიებს წვეთოვანი მორწყვის სისტემას და პოსტის ფარგლებში მკითხველს აძლევს რჩევას, თუ: „როგორ განვასხვაოთ ქართული ეკოლოგიურად ხარისხიანი და ირანული ან სხვა წვეთოვანის ქიმიური ვაშლი და პროდუქტი?“ ლევან ჯოჯაშვილის მსჯელობა იმასაც გულისხმობს, რომ ქართული პროდუქტი აუცილებლად ჯანსაღია, ხოლო ირანული არაჯანმრთელი. ასევე შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს, წვეთოვანი მორწყვის სისტემა მავნებელია , მაშინ, როდესაც, მორწყვის ხსენებული მეთოდი უნივერსალურია და აქტიურად გამოიყენება მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც მისი მოხმარება ხშირ შემთვევაში წახალისებულიც კი არის. წვეთოვანი მორწყვა წარმოადგენს მცენარის საკვებით მომარაგების გზას და მისი „მომწამვლელობა“ დამოკიდებულია არა მორწყვის ტიპზე, არამედ იმ ნივთიერებებზე, რასაც მწარმოებელი გამოიყენებს.

ფაქტობრივი უზუსტობების გარდა, ავტორი იმპორტირებულ პროდუქციას წარმოადგენს, როგორც საქართველოს წინააღმდეგ მიზანმიმართულ ბრძოლის ელემენტს: „არ ვიცი ვის რა გეგმები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით მაგრამ ეს არის სრული კატასტროფა ირანმა (სპარსეთმა) და კიდევ სხვა დამპყრობელთა ქვეყანამ ომებით და ძალმომრეობით საუკუნეების განმავლობაში ვერაფერი დაგვაკლო და ახლა სხვა ფორმებით ცდილობენ ჩვენს გაწყვეტას!“ აღსანიშნავია, რომ მოცემული პოსტი ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციისა და ირან-ამერიკის დაძაბულობის ფონზე გამოქვეყნდა, მაშინ, როდესაც, საქართველოს მოქალაქეები ირანთან დაკავშირებულ სიახლეებს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებოდნენ. ამავე პერიოდში, ქართულ ონლაინმედიასივრცეში მრავლად გავრცელდა სხვა ყალბი ამბები, რომლებიც „ფაქტ-მეტრმა" გადაამოწმა.

თეგები: