რეზიუმე: 29 სექტემბერს მარნეულში დაძაბული პოლიტიკური დღე იყო და რამდენჯერმე ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. დაპირისპირებისას ფიზიკური დაზიანება რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის, ჟურნალისტებმა მიიღეს. დაზარალებულ ჟურნალისტებს შორის პირველი არხისა და „მთავარი არხის“ თანამშრომლები აღმოჩნდნენ. დაზიანდა ტექნიკაც.
საარჩევნო კამპანიაში მომხდარი ძალადობრივი ფაქტები განსაკუთრებული ყურადღების საგანი უნდა იყოს. საარჩევნო კამპანიის მშვიდ გარემოში ჩატარება, აქტივისტებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოება და განსხვავებული აზრის დაფიქსირების უფლება დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების წინაპირობებია. ასეთ დროს, როდესაც ქვეყანაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არჩევნებია, დაუშვებელია, რომ ნებისმიერმა ტელევიზიამ, რომელიც მოსახლეობის დიდი ნაწილის ნდობით სარგებლობს, თავს უფლება მისცეს და მოვლენები ცალსახად წარმოაჩინოს, მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, შეცვალოს მომხდარი ინციდენტების კონტექსტი, დამალოს დაზარალებულთა ვინაობა და ის გარემოებები, რომლებშიც ეს ადამიანები დაშავდნენ.
29 სექტემბერს საღამოს რვასაათიანი საინფორმაციო გამოშვების მიწურულს, მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, „იმედის“ ტელევიზიას პირდაპირ ეთერში კორესპოდენტი ჩაერთო. ეთერში ეს ამბავი დაახლოებით 7 წუთის განმავლობაში შუქდებოდა და არ ჩანდა მარნეულში მომხდარი ინციდენტის სრული სურათი. მეტიც - მანიპულაციური ვიდეომონტაჟის გამოყენებით, იმედმა მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანა. ამავე დღეს მომხდარი სხვა ინციდენტების შესახებ რვასაათიანი საინფორმაციო გამოშვების დასრულების შემდეგაც კი იმედს მაყურებლისთვის (მკითხველისთვის - ონლაინ პლატფორმაზე) სრული ინფორმაცია აღარ მიუწოდებია და ჟურნალისტებისა და აქტივისტის დაშავების ფაქტი „იმედის“ ეთერში საერთოდ ვეღარ მოხვდა.
მეტიც, ეს მასალა Facebook-ზე 21:36 წუთზე აიტვირთა. ამ დროს ლაშა ქველაძე და მისი მამა უკვე მეორედ აღმოჩნდნენ ფიზიკურ დაპირისპირებაში და მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღეს. სოციალურ ქსელში მასალის განთავსებისას იმედს ეს ფაქტი აღარ აღუნიშნავს, რაც, ერთი მხრივ, მანიპულაციას წარმოადგენს, ხოლო, მეორე მხრივ - ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების უხეში დარღვევაა.
ანალიზი
რა ხდებოდა მარნეულში?
მარნეულში წინასაარჩევნო კამპანიამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო. უკვე რამდენიმე დღეა პოლიტიკური კამპანია დაპირისპირებულ მხარეებს შორის ჯერ სიტყვიერ, ხოლო მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ ცესკო-ს თანამშრომელი და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები.
მარნეულში მომხდარი ინციდენტები რამდენიმე ეპიზოდად უნდა დავყოთ. პირველ ეპიზოდში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ცესკო-ს თანამშრომელსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის მოხდა. მოგვიანებით მომხდარი დაპირისპირებისას კი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლაშა ქველაძე და მამამისი დაშავდნენ. დაპირისპირების მესამე ეპიზოდში დაზარალდნენ ჟურნალისტებიც. შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. შსს-ს განცხადების თანახმად, საგამოძიებო ორგანოები შეისწავლიან, როგორც უშუალოდ ძალადობის საქმეს, ასევე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტსაც. ერთ-ერთი დაზარალებული ჯეიჰუნ მუჰამედალი („მთავარი არხის“ ჟურნალისტი) აცხადებს, რომ კადრებში ინციდენტის გამომწვევის ვინაობაც ჩანს.
მარნეულის ინციდენტის ეს ნაწილი მხოლოდ 29 სექტემბერს მომხდარი მოვლენებია. მთელი დღის განმავლობაში რამდენიმე დაპირისპირება და შელაპარაკება მოხდა, მათ შორის დაზიანებულია აქტივისტების ავტომობილები. თუმცა 29 სექტემბერიც, თავის მხრივ, მხოლოდ ერთი ეპიზოდია და დაძაბულობა მანამდე დაიწყო, რა დროსაც დაზარალდა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი მხარდამჭერი, რომელიც კისტის თოფიდან დაჭრეს.
როგორ გააშუქა იმედმა?
„იმედზე“ მარნეულში არსებულ ვითარებაზე ჟურნალისტი ქეთევან გრიგორაშვილი 20:56 წუთზე ერთვება. მისი ჩართვის დაანონსებისას წამყვანი აღნიშნავს, რომ დაპირსპირებისას ცოტნე ბოჭოიძე დაშავდა, ცესკო-ს ტექნიკური თანამშრომელი, რომელმაც მომხდარში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი - ლაშა ქველაძე დაადანაშაულა.
უშუალოდ ჟურნალისტის ჩართვაში ნაჩვენებია ლაშა ქველაძის სინქრონი, რომელიც დღის განმავლობაშია ჩაწერილი. სინქრონში ლაშა ქველაძე აღნიშნავს, რომ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება და დაცვის პოლიციამ მონაწილეები გააშველა. ლაშა ქველაძეს, როგორც თავად აღნიშნავს, მაისური შემოახიეს, თუმცა ვერ ასახელებს ეს დაცვის პოლიციამ გააკეთა თუ ინციდენტში მონაწილე რომელიმე სხვა პირმა.
ამის შემდგომ ეთერში „იმედი“ ცოტნე ბოჭოიძის სინქრონს უშვებს, რომელიც უკვე 29 სექტემბერს ღამით, ზუსტად იმავე ადგილზეა გადაღებული. ცოტნე ბოჭოიძე საუბრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და მეორე პირმა (რომლის პარტიულ კუთვნილებასაც ვერ იხსენებს) მას მაისური შემოახიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ჟურნალისტი კადრსმიღმა ტექსტში აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, ლაშა ქველაძემ თანაპარტიელს დაუდასტურა ის, რომ ცესკო-ს თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (4:20). იმედის Facebook გვერდზე განთავსებულ მასალაში კარგად ისმის, რომ „თანაპარტიელი“ ლაშა ქველაძეს უწონებს საქციელს: „კარგი გიქნია ძალიან.“ თუმცა ვიდეო იმდენად მანიპულაციურადაა მოჭრილი, რომ შეუძლებელია გაირკვეს ამ ფრაზის კონტექსტი და რამდენად სწორად აფასებს მას ჟურნალისტი. კადრებიდან არ ჩანს, რა კონკრეტული საქციელი მოუწონა „თანაპარტიელმა“ ლაშა ქველაძეს. ამგვარი მანიპულაციური მონტაჟი კი იმის ნიშანია, რომ ჟურნალისტი კონტექსტიდან გლეჯს ფრაზას და თავისთვის სასარგებლო ფაქტის დასამოწმებლად იყენებს.
სიუჟეტის დანარჩენი ნაწილი ცესკო-ს ოფიციალურ განცხადებას, მამუკა მდინარაძეს, ირაკლი კობახიძესა და მარნეულის ყოფილ მერსა და ამჟამად პარლამენტარობის კანდიდატ ზაურ დარგალს ეთმობა. ქეთევან გრიგორაშვილის ჩართვაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და მიუკერძოებელი სამოქალაქო/სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების კომენტარის სინქრონები ვერ ხვდება.
ჟურნალისტის ჩართვის მომენტში გიორგი მუმლაძე, მთავარი არხის ჟურნალისტი და პირველი არხის ოპერატორი ჯერ არ იყვნენ დაშავებულნი და ჟურნალისტი ვერ მოახერხებდა საკუთარ მასალაში ამ მოვლენების აღწერას, თუმცა Facebook-ზე ვიდეოს ატვირთვამდე (სათაურით - ცესკო-ს ტექნიკური თანამშრომელი დაშავდა) ლაშა ქველაძე და მისი მამა - გივი ქველაძე მეორედ- საკმაოდ მძიმედ დაშავდნენ. მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდათ. მარნეულის „ავერსის“ კლინიკის მენეჯერი რადიო „მარნეულთან“ საუბარში აცხადებს:
„სტაბილური მდგომარეობაა. ბატონი გივი უფრო საყურადღებოა. ლაშა შედარებით მსუბუქ მდგომარეობაშია. მათ თავის ტვინის შერყევა აქვთ. 60 წლის მამაკაცს ასევე აღენიშნება ცხვირის ძვლების მოტეხილობა, ჰაიმორის ძვლის მოტეხილობა. ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, ხვალ გაეწერება სახლში. ბატონი გივი კიდევ შეფასდება მოგვიანებით და მერე გადავწყვეტთ“.
სახეზეა „იმედის“ ტელევიზიის მხრიდან ფაქტის მიჩქმალვის სურვილიც. ამ რამდენიმე დღის განმავლობაში სხვა ძალადობრივი ფაქტებიც მოხდა, მათ შორის დააზიანეს ოპოზიციის მხარდამჭერთა ავტომობილები, რისი ამსახველი ვიდეომასალაც „მთავარ არხს“ საღამოს ცხრასაათიან გამოშვებაში ჰქონდა. მანამდე, კისტის თოფიდან დაჭრეს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი აქტივისტი, ხოლო ჟურნალისტის ჩართვისას ამ კონტექსტზე საუბარი არაა და იმგვარადაა წარმოჩენილი, თითქოს მხოლოდ ცესკო-ს თანამშრომელი დაშავდა და ეს ერთჯერადი შემთხვევა იყო.
ფაქტის მიჩქმალვის სურვილის ნათელი დადასტურებაა თავად „იმედის“ საიტი და Facebook გვერდიც, რომელზეც მთავარი არხის ჟურნალისტის ცემის ფაქტის შესახებ ინფორმაცია, არ განთავსებულა, თუმცა სოზარ სუბარის მხრიდან წინა ხელისუფლების კრიტიკისკენ მიმართულ ერთიდაიმავე ციტატას 2 სტატია დაეთმო (ბმული 1; ბმული 2). „იმედის“ საინფორმაციო გამოშვება 30 სექტემბერს დილის 9 საათზე კი მარნეულის ინციდენტის შესახებ დაწყებული გამოძიებით გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ „იმედს“ მარნეულში მომხდარი დაპირისპირების შესახებ ჟურნალისტების დაშავების ფაქტზე მასალა არ მოუმზადებია. Facebook გვერდზე განთავსებული მასალების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ 30 სექტემბრის დილამდე “იმედი“ მხოლოდ „ქართული ოცნების“ ოფიციალური განცხადებითა და მისი წევრების კომენტარებით შემოიფარგლებოდა, რომელთაც მარნეულში ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაშავების შესახებ არაფერი უთქვამთ.