ლევან დავითაშვილი: იაფი ფულადი რესურსი სოფლის მეურნეობისთვის ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი პირველი დაპირება იყო, რაც შესრულდა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან დავითაშვილის განცხადება არის მცდარი
რეზიუმე: ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი დაპირება უფასო/იაფი ფული იყო, რომლის საპროცენტო განაკვეთი 3%-ზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. ამ მიზნით შექმნილი „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთი, სესხის მოცულობისა და მიზნობრიობის შესაბამისად, 3%-9% შორის მერყეობს, ხოლო ნულოვანი პროცენტი მხოლოდ 5 000 ლარიან სესხს აქვს, რომელიც მოკლევადიანი - ექვსთვიანია და ბიზნესის სტიმულირებისთვის, რაოდენობიდან გამომდინარე, დიდად ვერ გამოდგება. რაც შეეხება საკუთრივ პროექტს, მართალია, მის ფარგლებში სოლიდური რაოდენობის სესხები გაიცა (საანგარიშო პერიოდში 40 124) , თუმცა პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ბენეფიციარების სესხის მომსახურებისთვის სახელმწიფოს მიერ დახარჯული თანხა, მათ მიერ გადახდილი გადასახადების ნამატს (2012 წელთან მიმართებით) 67 332 098 ლარით აღემატება. ე.ი სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯი, საგადასახადო სარგებელს აღემატება. გარდა ამისა, პროექტი ძირითადად ბენეფიციართა გარკვეული კატეგორიისთვის არის ხელმისაწვდომი. პროექტში ჩასართავად პოტენციური ბენეფიციარი განსაზღვრულ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში ძირითადად მოქმედი ბიზნესმენის მიერ წამოწყებული ახალი საქმე ფინანსდება. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან დავითაშვილის განცხადება არის მცდარი.
ანალიზი
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის დარგზე საუბრისას განაცხადა: „იაფი ფულადი რესურსი სოფლის მეურნეობისთვის ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი პირველი დაპირება იყო, რაც შესრულდა. დღემდე არსებობს პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომელიც ფაქტობრივად უპროცენტო ან მინიმალური პროცენტით დაფინანსებას გულისხმობს სოფლის მეურნეობის ყველა მიმართულებით“.
ბიძინა ივანიშვილის, ერთ-ერთი მთავარი დაპირება უფასო ფული იყო. პარტიის მაშინდელი ლიდერი აცხადებდა: „თქვენ გექნებათ საშუალება იაფი და იოლი ფულის, იაფი და უფასო ფულისაც კი. ეს იქნება 10-წლიანი და 20-წლიანი და ვინც იქნება აქ ბიზნესმენი, ვისაც ექნება მიდრეკილება, მას ექნება საშუალება აიღოს იაფი და უფასო ფული და ააშენოს ქარხანა“. ბიძინა ივანიშვილი ასევე ამბობდა, რომ „ფული იქნება უმეტესწილად უფასო, სადაც იქნება პროცენტი იქნება 1, 2 და მაქსიმუმ 3 პროცენტი გადასახდელი“.
აღნიშნული დაპირების განსახორციელებლად 2013 წლის მარტიდან „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამა ამოქმედდა. პროექტის მიზანი აგრომეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი წარმოების, აგროპროდუქციის შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობაა. პროექტის ფარგლებში ფერმერები და საწარმოები საფინანსო ინსტიტუტებისგან აგროკრედიტს და აგროლიზინგს იღებენ. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო კი სესხის/ლიზინგის საპროცენტო განაკვეთის საფასურის თანადაფინანსებას ახორციელებს. სესხის საპროცენტო განაკვეთი მისი მოცულობისა და მიზნობრიობის მიხედვით იცვლება.
აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის (ძირითადი საშუალება არის საწარმოს განკარგულებაში არსებული აქტივები, რომელთა გამოყენებაც ერთ წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში არის გათვალისწინებული. მაგ: მიწა, შენობა-ნაგებობა, მანქანა-დანადგარები, სატრანსპორტო საშუალება და ა.შ) ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში 14-16%-ს შორის მერყეობს, საიდანაც სააგენტო, არაუმეტეს 66 თვის განმავლობაში, საპროცენტო განაკვეთის 11%-ის თანადაფინანსებას უზრუნველყოფს. შესაბამისად, ბენეფიციარი, სესხის ოდენობიდან გამომდინარე, საპროცენტო განაკვეთის 3%, 4% ან 5%-ს ფარავს.
საბრუნავი საშუალებებისთვის (აქტივები, რომლებიც თავიანთი ბუნებით მოკლევადიანია (მიმდინარე), რომლებიც ძირითადად სავაჭრო დანიშნულებით ან სხვა მოკლევადიანი მიზნებისთვის არის განკუთვნილი) კი აგროკრედიტი 12%-16%-ს შორისაა. ამ შემთხვევაში, სააგენტო სესხის თანადაფინანსებას, არსებული სესხის მიზნობრიობიდან გამომდინარე, 12 თვიდან 36 თვის ჩათვლით, 8%-ით უზრუნველყოფს. ბენეფიციარი სესხის ოდენობიდან გამომდინარე, სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%, 5%, 6%. 7% ან 8%- ს იხდის. შეღავათიანი აგროლიზინგის შემთხვევაში, 20 000-1 500 000 ლარის ჩათვლით, არაუმეტეს 21%-ისა, საიდანაც სააგენტო სალიზინგო საზღაურის 12%-იან თანადაფინანსებას ახორციელებს. შესაბამისად, ბენეფიციარი სალიზინგო საზღაურის 9 %-ს იხდის.
გარდა აღნიშნულისა, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამას კიდევ ერთი კომპონენტი აქვს, რაც მცირემიწიან ფერმერთა დაფინანსებას გულისხმობს და უპროცენტოა (0 %). სესხის ოდენობა 5 000 ლარამდეა და ხანგრძლივობა 6 თვე.
როგორც ვხედავთ, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა ოდენობის და მიზნობრიობის სესხისთვის, ბენეფიციარის მიერ გადასახდელი სესხის საპროცენტო განაკვეთი 3%-9% შორის მერყეობს. მხოლოდ 5 000 ლარამდე სესხის აღების შემთხვევაში არის ნულოვანი საპროცენტო განაკვეთი, თუმცა დასახელებულ თანხა ბიზნესს რომ დიდად რომ ვერ წაახალისებს, ფაქტია.
ოფიციალური მონაცემებით, შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, 2013-2019 წლებში, 225 ახალი საწარმო გაიხსნა და 1030 გაძლიერდა (გაფართოვდა/გადაიარაღდა). საანგარიშო პერიოდში პროექტის ბიუჯეტმა ჯამში 300 მლნ ლარს გადააჭარბა. 2013-2019 წლებში, 2 260 082 131 ლარის ოდენობის 40 124 ერთეული სესხი და 23 939 004 ლარის 105 ერთეული ლიზინგი გაიცა. აღნიშნულ წლებში ბიუჯეტიდან სესხის პროცენტის თანადაფინანსებას 314 097 121 ლარი მოხმარდა, ხოლო პროექტის ბენეფიციართა მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების ზრდამ, 2012 წელთან შედარებით, ჯამში 246 765 023 ლარი შეადგინა. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯი უფრო მეტია, ვიდრე ბენეფიციარი კომპანიების მიერ აღნიშნულ წლებში გადახდილი გადასახადების ნამატი (პროგრამის ამოქმედებამდე, 2012 წელს გადახდილ გადასახადებთან მიმართებით). უფრო მარტივად, სახელმწიფოს მხრიდან 314 097 121 ლარის დახარჯვის შედეგად სარგებელი, გადასახადის სახით, 246 765 023მივიღეთ, დახარჯულ თანხაზე 67 332 098 ლარით ნაკლები.
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში დაფინანსება ისეთმა მსხვილმა კომპანიებმა მიიღეს, როგორიც არის: „ ბაგრატიონი 1882“, „ქართული ტრადიციული მეღვინეობა“, „ასკანელი ძმები“, „დუგლაძეების ღვინის მარანი“, „თბილღვინო“, „მეღვინეობა ხარება“, „ბადაგონი“, „თელიანი ველი“, „კაპა“ და სხვა (იხ: სტატია). როგორც აღნიშნული მაგალითებიდან გამოიკვეთა, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტი ძირითადად ბენეფიციართა გარკვეული კატეგორიისთვის არის ხელმისაწვდომი. პროექტში ჩასართავად პოტენციური ბენეფიციარი განსაზღვრულ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. სასესხო უზრუნველყოფისთვის მათ მოქმედი ბიზნესი ან შესაბამისი ქონება უნდა ჰქონდეთ. აღნიშნული კრიტერიუმები კი მცირე ბიზნესისთვის პროექტში ჩასართავად ერთგვარ ბარიერს წარმოადგენს.
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში ძირითადად მოქმედი ბიზნესმენის მიერ წამოწყებული ახალი საქმე (რაც ასევე start up-ად მიიჩნევა) ფინანსდება, ან გამოყოფილი კრედიტი მათ უკვე არსებული ბიზნესის გაფართოებას ხმარდება. ასეთი პროექტების წამოსაწყებად ფინანსების მოპოვება მოქმედ ბიზნესმენებს დამოუკიდებლად, სახელმწიფოს ჩარევის გარეშეც შეუძლიათ. აქედან გამომდინარე, პროექტში ჩართული ბენეფიციარების უმრავლესობისთვის სახელმწიფოს მხრიდან მიღებული დახმარება „იაფი ფული“ უფროა, ვიდრე განვითარებისა და ახალი საწარმოს გასახსნელად საჭირო აუცილებელი საშუალება. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში უმეტესად ფინანსურად ისედაც ძლიერი სუბიექტები იღებენ კრედიტს. მათი უპირობო მხარდაჭერა კი კონკურენციას აუარესებს და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელ გარემოს ვერ ქმნის.
ასევე აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სექტორში 2013-2020 წლებში განხორციელებული სილიდური დახმარებების მიუხედავად (მათ შორის „შეეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტი), დარგის საშუალო ზრდის ტემპი 1.5% იყო, 2019 წელს კი სოფლის მეურნეობის რეალურმა ზრდამ 0.65% შეადგინა ( დაწვრილებით იხილეთ აქ).
ზემოთქმულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან დავითაშვილის განცხადება არის მცდარი.