თბილისის მერია გარე განათების სისტემის შესაცვლელად 100.8 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. „თბილსერვის ჯგუფმა“ LED სანათების შესაძენად სამი ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა: MEP21 0000011 - სავარაუდო ღირებულება 33 531 400 ლარი, MEP21000010 - სავარაუდო ღირებულება 32 736 000 ლარი, MEP210000009 - სავარაუდო ღირებულება 34 512 900 ლარი. წინადადების მიღების ბოლო ვადა 1 ივნისია.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, აღნიშნულ თანხად 100 000 LED განათების ნათურის შეძენაა დაგეგმილი. დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ შესყიდვის ობიექტის მიწოდება, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 360 დღეში უნდა უზრუნველყოს.

სატენდერო პირობებით, გამარჯვებულმა სანათები ისეთი კომპანიისგან უნდა შეიძინოს, რომელსაც 2016 წლიდან ევროკავშირის ქვეყნებთან არანაკლებ 200 000 სანათის მიწოდების გამოცდილება ექნება, რაც თანხობრივად 100 მლნ ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს, ასევე შესყიდვის ობიექტის საგარანტიო ვადა არანაკლებ 10 წელს უნდა შეადგენდეს. შესაბამისად, თითოეული LED განათების სიცოცხლის ხანგრძლივობა 100 000 საათს უნდა აღემატებოდეს. დოკუმენტაციის მიხედვით, შემსყიდველის მიერ ანგარიშსწორება ეტაპობრივად, 120 თვის განმავლობაში (10 წლის განმავლობაში) განხორციელდება.

გარე განათების შესყიდვასთან დაკავშირებით თბილისის მერიამ 28 აპრილს განკარგულება გამოსცა. განკარგულების მიხედვით, ქალაქ თბილისის ქუჩების, გამზირების და შიდა კვარტალური გზებისათვის გარე განათების ეფექტურობის მიღწევის, ახალი ტექნოლოგიების ათვისების მიზნით, მიზანშეწონილად ჩაითვალა, გარე განათების მოწყობილობები თანამედროვე LED ეკონომიური სანათებით შეიცვალოს, რომლითაც ეფექტური ეკონომია იქნება მიღწეული. ასევე განკარგულების მიხედვით, LED განათებისთვის საჭირო ფინანსური რესურსი დედაქალაქის ბიუჯეტში ელექტროენერგიის და ექსპლუატაციის ხარჯის შემცირების შედეგად მიღებული ეკონომიით წარმოიქმნება.

მოგვიანებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიამ განცხადება გაავრცელა. განცხადების მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტი გარე განათების მიმართულებით ყოველწლიურად დაახლოებით 22 მლნ ლარს ხარჯავს, საიდანაც 13.5 მლნ ელექტროენერგიის ხარჯია, ხოლო 8.5 მლნ ექსპლუატაციის ხარჯი. ასევე განცხადების თანახმად, სოდიუმის არსებული ნათურები არის მოძველებული, ფაქტობრივად, არსად გამოიყენება მისი არაეკონომიურობისა და მომწამლავი ნახშირორჟანგის (CO2) გამოყოფის გამო. სწორედ ამიტომ გადაწყდა მისი ჩანაცვლება.

მერიის განმარტებით, გარე განათების ჩანაცვლების პროექტი იმდენად ეკონომიურია, რომ დედაქალაქს, წლის განმავლობაში, 10 მლნ ლარით შეუმცირდება ხარჯი. სწორედ ამ დაზოგილი თანხით იგეგმება აღნიშნული პროექტის განხორციელება და დედაქალაქს დამატებით არც ერთი თეთრის გაღება არ მოუწევს.

„აღსანიშნავია, რომ პროექტი ფაქტობრივად წაუგებელია დედაქალაქისათვის, რადგან ამ პროექტის დასრულების შედეგად, დამატებითი თანხის მობილიზების გარეშე, ჩვენი დედაქალაქი მიიღებს მრავალმილიონიან ხარჯვით დანაზოგს, ასევე, სახელმწიფო მიიღებს გამოთავისუფლებულ 8 მგ/სთ ელექტროენერგიის სიმძლავრეს, ეკოლოგიურად უფრო სუფთა ქალაქს და ევროსტანდარტების შესაბამის განათებას თბილისში,"- ნათქვამია მერიის განცხადებაში.

„ფაქტ-მეტრი“ ვერ შევა მსჯელობაში, სოდიუმის ნათურების ჩანაცვლება, რა რაოდენობის ეკონომიას განაპირობებს, მხოლოდ ერთ რამეს დავძენთ, გუგლის საძიებო სისტემაში სოდიუმის ნათურასთან დაკავშირებით შემდეგი ინფორმაციის მოძიება არის შესაძლებელი - სოდიუმის ანუ ნატრიუმის ორთქლის ნათურა, ქუჩის განათებისთვის და სხვა ტიპის განათებისთვის, მისი მაღალეფექტურობის გამო, 1930 წლიდან გამოიყენება. ნატრიუმის ორთქლი ბრწყინვალე ყვითელ შუქს ქმნის, სწორედ ამიტომ მაღალი წნევის ნატრიუმის ნათურა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყველაზე ხშირად ქუჩის განათებისთვის გამოიყენება, ასევე ის განსაკუთრებით ეფექტური ნისლიან ამინდშია. აქ არაფერია ნათქვამი სოდიუმის ნათურის მომწამლავ თვისებასა და არაეკონომიურობაზე (ინფორმაცია 2021 წლის 25 თებერვალს არის განთავსებული).

ასევე, ნებისმიერი ელექტრომოწყობილობების პროფილის მქონე სავაჭრო დაწესებულებაში სოდიუმის ნათურას აუცილებლად იპოვით. სახელმწიფო შესყიდვების გვერდს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მუნიციპალიტეტები, სოდიუმის ნათურას გარე განათებისთვის, მუდმივად ყიდულობენ. თავად „თბილსერვის ჯგუფმა“ მიმდინარე წლის 31 მარტს 44 ათას ლარიანი ტენდერი (NAT210004642) სხვადასხვა ტიპის ნათურების შესაძენად გამოაცხადა და ზემოთ აღნიშნული ნათურების „მომწამვლელობის და არაეკონომიურობის“ მიუხედავად, 1400 ნატრიუმის ორთქლის (სოდიუმის) ნათურა მაინც შეიძინა.