მანიპულირება: ვაქცინაციის სავალდებულოობა უკვე ჩაწერილია კანონში

ვერდიქტი: მანიპულირება

31 აგვისტოს facebook - მომხმარებელმა ნატო გოგმაჩაძემ (სახელით „ადვოკატი ნატო გოგმაჩაძე“) სოციალურ ქსელში მანიპულაციური შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც სავალდებულო ვაქცინაციას ეხება. კერძოდ, ავტორი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში არსებულ კონკრეტულ ჩანაწერებზე, რომლებიც სავალდებულო ვაქცინაციასა და სხვა შესაბამისი სამედიცინო პროცედურების ჩატარებას ეხება, იმგვარად მიუთითებს, თითქოს ისინი კანონში - კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით, 2020 წლიდან აისახა.

„რამდენიმე დღის წინ გადავხედე სამედიცინო კანონმდებლობას, მასში განხორციელებული სიახლეების გაცნობის მიზნით და მინდა გაცნობოთ რომ: ვაქცინაციის სავალდებულოობა უკვე ჩაწერილია კანონში.

საზოგადოებრივი ჯამრთელობის შესახებ კანონში (რომელშიც პანდემიასთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებული ცვლილებების შეტანა დაიწყო 2020 წელს და ბოლო ცვლილება განხორციელებულია 2021 წლის ივნისს) კერძოდ მე-5 მუხლის 1 ნაწილში წერია, რომ:

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანი ვალდებულია:

ბ) გადამდები დაავადებების აღმოცენებისა და გავრცელების საშიშროების შემთხვევაში, კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნით, ჩაიტაროს ყველა სამედიცინო პროცედურა, რომელიც აუცილებელია სხვა პირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად;

ვ) სამედიცინო უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში ჩაიტაროს ვაქცინაცია გადამდები დაავადებების აფეთქების ან ფართოდ გავრცელების, ანდა ეპიდემიის დაწყების საშიშროებისას;

ზ) ჩაიტაროს პროფილაქტიკური აცრა, თუ მისი საქმიანობა დაკავშირებულია გადამდები დაავადებების გავრცელების მაღალ რისკთან“, - წერს ავტორი პოსტში.

სინამდვილეში, აღნიშნული ჩანაწერები „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის 1-ელ პუნქტში ნამდვილად გვხვდება [1], თუმცა ისინი არა კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით, არამედ 2007 წლიდანაა კანონში ასახული. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ ჩანაწერებზე საუბარი ისე, თითქოს ისინი ბოლო პერიოდში კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით მიღებულ სიახლეს წარმოადგენს, უნდა შეფასდეს, როგორც მანიპულირება.

რაც შეეხება საქართველოში covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სავალდებულოობას, ამ ეტაპზე აცრა ნებაყოფლობითია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ის სამედიცინო პერსონალისთვის სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებაზე რეკომენდაციას გასცემს. თუმცა, გამყრელიძისგან განსხვავებული პოზიცია აქვს ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს, რომელიც საქართველოში სავალდებულო ვაქცინაციის საფუძველს ვერ ხედავს: „სიმართლე გითხრათ, მე ვერ ვხედავ ამის საფუძველს, რომ ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს საქართველოში... მნიშვნელოვანია არა მასობრივი ვაქცინაცია, არამედ, მიზნობრივი ვაქცინაცია იმისთვის, რომ მოხდეს როგორც ჰოსპიტალიზაციის, ასევე, ლეტალობის შემცირება“, - განაცხადა მინისტრმა 7 სექტემბერს.

--------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.