ნათია თურნავა: ეკონომიკური ზრდის მონაცემები გვაძლევს საშუალებას, ვთქვათ, რომ შარშანდელი ჩავარდნა არა მხოლოდ სრულად განულებული იქნება, არამედ პოზიტიურ ტრაექტორიას ვუბრუნდებით
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნათია თურნავას განცხადება არის ნახევრად სიმართლე
ანალიზი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, აგვისტოს თვის ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელთან დაკავშირებით განაცხადა: ეკონომიკური ზრდის მონაცემები გვაძლევს საშუალებას, ვთქვათ, რომ შარშანდელი ჩავარდნა არა მხოლოდ სრულად განულებული იქნება, არამედ პოზიტიურ ტრაექტორიას ვუბრუნდებით
წინასწარი შეფასებით, 2021 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 10.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 12.0 პროცენტია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგებში.
უდავოა, რომ ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი, ნაწილობრივ, საბაზო ეფექტით არის გამოწვეული, რადგან 2020 წლის მარტი-ივნისის განმავლობაში, ძალაში იყო პანდემიასთან დაკავშირებული უპრეცედენტოდ მკაცრი შემზღუდავი ზომები, რამაც, პრაქტიკულად ეკონომიკის დარგების დიდი ნაწილის პარალიზება გამოიწვია. აღნიშნული შეზღუდვების პროპორციულობაზე და მიზანშეწონილობაზე კითხვის ნიშნები დღემდე არსებობს. თუმცა, მეორე მხრივ, მიმდინარე ზრდა 2020 წელს დაფიქსირებულ ზრდას ფარავს და 2019 წელთან შედარებით, იანვარ-აგვისტოში ეკონომიკურმა ზრდამ 5.9% შეადგინა. შესაბამისად, ეკონომიკის მინისტრის მითითება, იმის შესახებ რომ მიმდინარე ტენდენციით, 2020 წლის ეკონომიკის შემცირება აღმოფხვრილი იქნება და ზოგადი ეკონომიკური დინამიკა ზრდის ტრაექტორიას უბრუნდება, სიმართლეს შეესაბამება. ბუნებრივია რომ მიმდინარე ეკონომიკური ზრდა, პანდემიიდან გამომდინარე, მისასალმებელია, თუმცა ის, ისევე როგორც ზრდა, რომელიც 2012-2019 წლებში პანდემიამდე ფიქსირდებოდა, საქართველოს მსგავსი განვითარებადი ქვეყნისთვის მიზერულია და სიღარიბის რეალურად შემცირების მიზნის მისაღწევად არასაკმარისია. აქედან გამომდინარე, შეფასება რომ აღნიშნული ტრაექტორია პოზიტიურია, სიმართლეს არ წარმოადგენს და ნათია თურნავას განცხადება, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, არის ნახევრად სიმართლე.
გრაფიკი 1: ეკონომიკური ზრდის (თვე წინა წლის შესაბამის თვესთან) თვიური დინამიკა (%) და ეკონომიკური შეზღუდვების სიმკაცრის ინდექსი 2020-2021 წლებში
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, Oxford’s CORONAVIRUS GOVERNMENT RESPONSE TRACKER