2020 წლის 15 იანვარს Facebook-ანგარიშმა - Ika Chania - საჯარო ჯგუფში, სახელად - „გამარჯვებული ირაკლი ღარიბაშვილი“ - დეზინფორმაციული შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საქართველოს პრეზიდენტს, იუსტიციის მინისტრს, გენერალურ პროკურორსა და პრემიერ-მინისტრს სანქციები დაუწესა. Ika Chania ამტკიცებს, რომ სანქციები უკრაინაში შესვლის აკრძალვას ითვალისწინებს მანამ, სანამ სააკაშვილს პატიმრობიდან არ გაათავისუფლებენ.
აღნიშნული ინფორმაცია ყალბი ამბავია - ზელენსკის მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია. არც უკრაინულ და არც ქართულ წყაროებში ქართველი ოფიციალური პირებისადმი სანქციების დაწესების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.
ერთ-ერთი ბოლო კომენტარი, რაც უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ გააკეთა, 21 დეკემბრით თარიღდება. პრეზიდენტის რეზიდენციაში ელჩებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის საქართველოს ხელისუფლებასთან სააკაშვილის თაობაზე მოლაპარაკებებში პირადადაა ჩართული და თავად სააკაშვილთან ინფორმაციის გაცვლისთვის „პირადი ხაზი“ აქვს.
სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის რეაქციის შესახებ დეზინფორმაცია აქამდეც გავრცელდა, რაზეც „ფაქტ-მეტრიც“ წერდა.
------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.