თორნიკე რიჟვაძე: „[2021] წელს უკვე ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია შესაბამისი რესურსი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ გომარდულმა შეიძინოს ახალი სიცოცხლე. ეს არის კონკრეტული რეალური პროექტი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ პირველ ეტაპზე მოეწყოს საბაგირო და შემდეგ უკვე ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩვენ იქ გვჭირდება, მათ შორის, ზამთრის და სპორტული ტურიზმის განვითარების კუთხით, იქნას აშენებული“.
ვერდიქტი: თორნიკე რიჟვაძის დაპირება არ შესრულდა.
რეზიუმე: აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, სოფელ გომარდულში ფიქსირებული ოთხადგილიანი ლიფტის საბაგირო პროექტის შედგენასა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, 2021 წლის 28 სექტემბერს 10 614 000 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. მასში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა - შპს „ანადოლუ ტელეფერიქ“. სატენდერო კომისიამ კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არასაკმარისად მიიჩნია და მას დისკვალიფიკაცია მიანიჭა. ამდენად, ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა.
რაც შეეხება კურორტის განვითარების კონცეფციას, ის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კომპანია PROPROJEKT Planungsmanagement & Projektberatung GmbH-სგან 2019 წლის ივნისში გამარტივებული წესით შეისყიდა და მიმწოდებელს 200 000 ევრო გადაუხადა. კომპანიამ შემდეგი სამუშაოები განახორციელა: სპორტული ტურიზმის პოტენციალის შეფასება აჭარაში; საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მასპინძლობის პოტენციალის შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება; გომარდულის საწვრთნელი ბანაკების კონცეფციის შემუშავება; გომარდულის საწვრთნელი ბანაკების პოტენციური მმართველი კომპანიების ჩამონათვალი. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი 2019 წლის 25 ოქტომბერს გაფორმდა. თუმცა კონცეფციის განხორციელება ჯერ კიდევ მომავლის პერსპექტივად რჩება.
ანალიზი: 2019 წლის ოქტომბერში აჭარის ა/რ მთავრობამ კურორტ გომარდულის განვითარების ხედვაზე მომზადებული ვიდეორგოლი გაავრცელა. 2021 წლის იანვარში კი მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ წარმოდგენილია კონცეფცია, რომელიც კურორტს ოთხივე სეზონზე მიმზიდველს გახდის და ამისთვის მიმდინარე [2021 წელი] იქნება გარღვევა, რაც გომარდულს ახალ სიცოცხლეს შესძენს.
აღნიშნულ საკითხს შარშან თორნიკე რიჟვაძე კიდევ ერთხელ შეეხო და განაცხადა: „წლების განმავლობაში ჩვენ გვაწუხებდა გომარდულის განვითარება. მთელი რიგი მიზეზების გამო, სამწუხაროდ, ვერ მოხდა ამ პროექტის იმ დონეზე განვითარება, როგორც ჩვენ ყველა ვისურვებდით. თუმცა წელს უკვე ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია შესაბამისი რესურსი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ გომარდულმა შეიძინოს ახალი სიცოცხლე. ეს არის კონკრეტული რეალური პროექტი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ პირველ ეტაპზე მოეწყოს საბაგირო და შემდეგ უკვე ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩვენ იქ გვჭირდება, მათ შორის, ზამთრის და სპორტული ტურიზმის განვითარების კუთხით, იქნას აშენებული.“
აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, სოფელ გომარდულში ფიქსირებული ოთხადგილიანი ლიფტის საბაგირო პროექტის შედგენასა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, 2021 წლის 28 სექტემბერს 10 614 000 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. მასში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა - შპს „ანადოლუ ტელეფერიქ“, რომელიც საქართველოში ტენდერის გამოცხადების შემდეგ, 2021 წლის 26 ოქტომბერს დარეგისტრირდა. აღნიშნული კომპანიის 100%-იან წილს თურქული კომპანია შპს „ანადოლუ ტელეფერიქ თიჯარეთ ვე სანაი“ ფლობს. სატენდერო კომისიამ კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია 3 ნოემბერს განიხილა. ოქმში აღნიშნულია, რომ კომპანიამ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ პირობაზე, რომ მის მიერ მოწოდებულ ყველა დანადგარ-მოწყობილობას ორწლიანი გარანტია აქვს, მხოლოდ დაპირება წარადგინა. ასევე, სატენდერო დოკუმენტაციის ერთ-ერთი მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის თანახმად, პრეტენდენტი ვალდებული იყო, წარმოედგინა ინფორმაცია წინამდებარე ტენდერის ფარგლებში დასამონტაჟებელი მოწყობილობების მწარმოებელი ქვეყნისა და მწარმოებლის (მწარმოებლის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა) შესახებ. კომისიამ ჩათვალა, რომ კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით, ცალსახად ვერ დგინდება შემოთავაზებული დასამონტაჟებელი
მოწყობილობების მწარმოებელი ქვეყანა. გარდა ამისა, პრეტენდენტს, 2016 წლის 01 იანვრიდან ელექტრონული ტენდერისათვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების თარიღამდე პერიოდში, არანაკლებ ერთი დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში, შესრულებული უნდა ჰქონოდა სკამებიანი ან/და კაბინებიანი საბაგირო გზის სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც მიღებული ექნებოდა CEN ნორმებთან შესაბამისობის მქონე სერტიფიკატი. აღნიშნული ინფორმაცია შპს „ანადოლუ ტელეფერიქმა“ ვერ წარადგინა.
ოქმში ასევე ნათქვამია, რომ სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, შპს „ანადოლუ ტელეფერიქ“ სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მიერ რეგისტრირებულია 2021 წლის 26 ოქტომბერს. ორგანიზაციის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ანადოლუ ტელეფერიქის“ 100%-იანი წილის მესაკუთრეა სს „ანადოლუ ტელეფერიქ თიჯარეთ ვე სანაი“ და შპს „ანადოლუ ტელეფერიქ“ არ არის სს „ანადოლუ ტელეფერიქ თიჯარეთ ვე სანაის“ წარმომადგენლობა ან/და ფილიალი საქართველოში. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შპს „ანადოლუ ტელეფერიქ“ თავის საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენს დამოუკიდებელ სამეწარმეო სუბიექტს. 2021 წლის 29 ოქტომბერს კი, როცა ელექტრონულ ტენდერს სტატუსი „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მიენიჭა, შპს „ანადოლუ ტელეფერიქ“ სამი დღის დაფუძნებული იყო.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სატენდერო კომისიამ მიიჩნია, რომ პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია სატენდერო პირობებს ვერ აკმაყოფილებდა და მას დისკვალიფიკაცია მიანიჭა. ამდენად, ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. ამ ეტაპზე ახალი ტენდერი გამოცხადებული არ არის.
რაც შეეხება გომარდულის განვითარების კონცეფციას, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აჭარის სპორტული ტურიზმის განვითარების საბოლოო ანგარიში 2019 წლის 30 სექტემბრით თარიღდება. ანგარიში გომარდულის სპორტული საწვრთნელი ბანაკის განვითარების კონცეფციას მოიცავს და ის კომპანია PROPROJEKT Planungsmanagement & Projektberatung GmbH-მა მოამზადა. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აღნიშნული მომსახურება 2019 წლის ივნისში გამარტივებული წესით შეისყიდა (CMR190121458) და მიმწოდებელს 200 000 ევრო გადაუხადა. კომპანიამ შემდეგი სამუშაოები განახორციელა: სპორტული ტურიზმის პოტენციალის შეფასება აჭარაში; საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მასპინძლობის პოტენციალის შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება; გომარდულის საწვრთნელი ბანაკების კონცეფციის შემუშავება; გომარდულის საწვრთნელი ბანაკების პოტენციური მმართველი კომპანიების ჩამონათვალი.
აჭარის ა/რ 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის დანართი 1-ის შესაბამისად, აჭარის ტერიტორიაზე არსებული მთის კურორტებისა და სარეკრეაციო ადგილების განვითარების ქვეპროგრამისთვის წელს 10 550 000 ლარია გათვალისწინებული. აქედან 6 მლნ - კონკრეტულად გომარდულის სარეკრეაციო ადგილის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ქვეპროგრამის შუალედური შედეგის ინდიკატორებში მითითებულია, რომ წელს „გომარდულში დაწყებულია ინფრასტრუქტურის განვითარება“, ხოლო განხორციელების დროითი გეგმა წლის ოთხივე კვარტალს მოიცავს.
აქამდე კურორტ გომარდულის განვითარების პროცესი, ვერც წინა და ვერც არსებული ხელისუფლების პირობებში, ბოლომდე ვერ მივიდა. 2011 წელს მიხეილ სააკაშვილი გომარდულის ტურისტულ სოფელს ეწვია. ოფიციალური ინფორმაციით, იქ უკვე მოწყობილი იყო სათხილამურო ტრასები და საბაგირო. ტურისტებისთვის ხუთი კოტეჯი ფუნქციონირებდა და აშენებული იყო რესტორანი და კაფეები.
ამის შემდეგ, ფაქტობრივად, ყოველ წელს, ადგილობრივი მოსახლეობა იმედით ელოდება, რომ ტერიტორიის განვითარება აქტიურ ფაზაში შევა და მომდევნო ზამთრის სეზონს მაინც ახალი ინფრასტრუქტურითა და შესაძლებლობებით დახვდებიან. თუმცა კურორტმა ახალი სიცოცხლე ჯერაც ვერ შეიძინა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ზამთრის კურორტების შესახებ ფაქტ-მეტრმა 2020 წელსაც დაწერა. ჩვენთან საუბარში ადამიანები, რომელთა საქმიანობაც მაღალმთიან კურორტებსა და ტურიზმს უკავშირდება, აცხადებდნენ, რომ წარმატებულ სეზონს, პანდემიის გარდა, ინფრასტრუქტურული პრობლემებიც ხელს უშლიდა.