2022 წლის იანვრის დასაწყისში ყაზახეთში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით ანტიდასავლური და პრორუსული წყაროები პროპაგანდას, შეთქმულების თეორიებს, დეზინფორმაციასა და ყალბ ამბებს ავრცელებენ. მაგალითად, Facebook-გვერდმა „მოძრაობა ძლევაი საკვირველი“ შემდეგი ინფორმაცია გამოაქვეყნა:

„ყაზახეთში NATO-მ მოისყიდა არასამთავრობოები, რომ სახელმწიფოს გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოვიდეს პროდასავლური ხალხი, რომ მერე ნატოს რაკეტები განალაგოს რუსეთის საზღვარზე. ჰოდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა NATO-ს არ გამოუვიდა - გადატრიალების მცდელობა ხელისუფლებამ დაადუღა ადგილზე... 3-ე მსოფლიო კარზეა მომდგარი და საქართველომ უნდა დაიკავოს სამხედრო ნეიტრალიტეტი (და არა ეკონომიკური), რადგან ორი ურჩხული იბრძვის ანტიქრისტეს ტახტის მოსაპოვებლად და საქართველო რომელ სამხედრო დაჯგუფებაში უნდა შევიდეს - NATO-ში თუ პოსტსაბჭოურ ОДКБ-ში? რა თქმა უნდა არც ერთში, თორე საქართველო იქცევა პოლიგონად და უდაბნოდ! პ.ს. რა უნამუსოა NATO თავად წააქეზა ეს უბედური ყაზახები, დაახოცინა და ახლა ევრონიუს-ტვ-ზე გამოდის და "აღშფოთებას" გამოხატავს: უი, უი, ვაი, ვაი ესე როგორ შეიძლებაო... რა როგორ შეიძლება შე სატანა - რომელი მთავრობა არ გამოიყენებს იარაღს თუ კი სამთავრობო შენობების აღებას დაიწყებს ხალხი?! მოკლედ მაგარი ნაგავები არიან და მაგათ კისერზეა ამ დახოცილი ხალხის სისხლი...“

ანტიდასავლურმა გამოცემა „თვალსაზრისმა“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ყაზახეთში ამერიკული სპეცსამსახურები ამუშავდნენ“, სადაც ავტორი, ირაკლი ჯანყარაშვილი, წერს:

„ამერიკული სპეცსამსახურები ყაზახეთში იატაკქვეშა საქმიანობას ეწეოდნენ, ისინი სწავლობდნენ ყაზახეთის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, კლანებს შორის დაპირისპირებას, პოლიტიკურ ლანდშაფტს და ემზადებოდნენ გადამწყვეტი დარტყმის მისაყენებლად. ყაზახეთი არ არის მხოლოდ ცენტრალური აზიის კარიბჭე. ეს რესპუბლიკა მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, დაწყებული სამხრეთ ციმბირის ნაყოფიერი მიწებიდან ნავთობით დამთავრებული. მაგრამ რაც მთავარია, მას აქვს ყველაზე გრძელი საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან პოსტ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის. ასევე რუსების მნიშვნელოვანი რაოდენობა ჯერ კიდევ ცხოვრობს ყაზახეთში: 3 მილიონზე მეტი, ანუ მთელი ყაზახეთის მოსახლეობის დაახლოებით 18%. აღსანიშნავია, რომ რევოლუცია ყაზახეთში დაიწყო რუსეთსა და ნატოს შორის 2022 წლის 10-12 იანვარს მოლაპარაკებამდე ცოტა ხნით ადრე, რომლებზეც დიდი იმედები მყარდებოდა კოლექტიურ დასავლეთთან რუსეთის ურთიერთობების მცირედი გაუმჯობესების თვალსაზრისით. მგონი უბრალოდ დამთხვევას არ გავს მოლაპარაკებების დაწყებამდე ცოტახნით ადრე ყაზახეთის აფეთქება“.

ყაზახეთში განვითარებული მოვლენების შესახებ შეთქმულების თეორიებს, ყალბ ამბებსა და დეზინფორმაციას აქტიურად ავრცელებდა „ალტ-ინფო“. მაგალითად, 12 იანვარს ეთერში გასულ გადაცემა „ალტერნატიულ ხედვაში“ პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, გიორგი ქარდავამ, განაცხადა: „... ყაზახეთში „ო-დე-კა-ბეს“ ჯარი არ შეუყვანია მანამ, სანამ ქუჩებში არ გამოიყვანა დასავლეთმა ეს თავისი ბანდფორმირებები და ტერორისტები…“. „ალტ-ინფოს“ ეთერში ყაზახეთში განვითარებული მოვლენების შესახებ შეთქმულების თეორიები გაავრცელა „სამხედრო ექსპერტმა“ ტრისტან წითელაშვილმაც: „ყაზახეთში როგორ დაიწყო სოციალური აფეთქება? ეს უცებ არ მომხდარა, ერთ დღეში არ მომხდარა. ჯერ ყაზახეთში მოსყიდვა მოხდა სამთავრობო წარმომადგენლების, მოსყიდვა მოხდა ენერგეტიკის მინისტრის, მოსყიდვა მოხდა უშიშროების მინისტრის მოადგილის, მოსყიდვა მოხდა უშიშროების მინისტრის იმ მეორე მოადგილის, რომელმაც თავი მოიკლა; და შემდგომ ეტაპობრივად ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დასავლეთმა შექმნა, წამოვიდა უზარმაზარი ფინანსები და კრიზისს ქმნიდნენ ეტაპობრივად. ეს წლების მანძილზე მზადდებოდა და ბოლოს ენერგეტიკის მინისტრმა „დაარტყა“, აწია გაზის ფასები და ამან იფეთქა უცებ” (დღის კომენტარი 19:00 საათზე (19.01.22)); წითელაშვილმა აგრეთვე აშშ-ს „ყაზახეთში 20 ათასი ტერორისტის მობილიზება“ და „ფერადი რევოლუციის დაწყება“ (როგორც აშშ-მა სცადა/განახორციელა „უკრაინაში, ბელორუსიაში, თურქეთში, სასომხეთში, საქართველოში) დააბრალა, ხოლო სახალხო გამოსვლებს „ამერიკული ოპერაცია“ უწოდა, რომლის მიზანიც „ხელისუფლების დამხობა“ იყო (დღის კომენტარი 19:00 საათზე (08.01.22)).

ყაზახეთში სახალხო გამოსვლების აშშ-ის, NATO-ს ან ზოგადად დასავლეთისთვის დაბრალებას ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია. როგორც ზემოთ დასახელებული ინფორმაციებიდან ჩანს, დეზინფორმატორები მათი მტკიცების გასამყარებლად ვერანაირ მტკიცებულებას ვერ წარმოადგენენ. იდეა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრ ქვეყნებში ნებისმიერი არეულობა ადგილობრივი რეჟიმის დასუსტებაზე მიმართული დასავლური გეგმის ნაწილია, რათა ახალი რეგიონის ათვისება მოახდინონ, ე.წ. „ფერადი რევოლუციების“ შესახებ ცნობილი კრემლისტური ნარატივია. მის თანახმად, პრორუსული მედია სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ სახალხო პროტესტს, რომელიც კრემლის ინტერესებში არ შედის და პროდემოკრატიული ხასიათი აქვს, ხშირად უცხოეთიდან, უმეტესად აშშ-სა და დასავლეთიდან წაქეზებულად წარმოაჩენს. რეალურად, ყაზახეთში 2022 წლის იანვარში პროტესტის გამომწვევი მთავრობის მიერ თხევად საწვავზე (liquefied petroleum gas – LPG) ფასის კონტროლის მექანიზმის შეჩერება იყო, რამაც აღნიშნულ პროდუქტზე ფასები გაზარდა. პროტესტი ქვეყნის დასავლეთში მდებარე მანგისთაუს რეგიონში დაიწყო და შემდეგ დედაქალაქამდეც მიაღწია.

კერძოდ, 2019 წელს დაიწყო ეტაპობრივი გადასვლა LPG-ის ელექტრონულ გაყიდვებზე და 2022 წლის პირველი დღიდან ამოქმედდა. გადაწყვეტილება სახელმწიფოს მიერ ადგილობრივი საწვავის მომხმარებლების სუბსიდირების ეტაპობრივ შეწყვეტას და ბაზრისთვის ნების დართვას - თავად განესაზღვრათ ფასები, გულისხმობდა. შედეგად, LPG-ის გაყიდვის უმეტესი ნაწილი ონლაინ გადავიდა, გარდა პეტროქიმიკური სექტორის ინდუსტრიული მომხმარებლებისა და სხვა რამდენიმე გამონაკლისისა. აღნიშნულმა პოლიტიკამ იმ რეგიონებში, სადაც LPG-ზე მოთხოვნა დიდია, ფასების მკვეთრი მატება გამოიწვია. სწორედ ასე განვითარდა მოვლენები ყაზახეთის მანგისთაუს რეგიონში, სადაც რამდენიმე დღეში ფასები თითქმის გაორმაგდა და ერთი ლიტრის LPG-ის ფასი 60 ტენგედან (0.14 აშშ დოლარი) 120 ტენგემდე ავიდა (0.28 აშშ დოლარი). ყაზახეთის მთავრობის მონაცემებით, მოცემულ რეგიონში მანქანების 70-90% LPG-ის იყენებდა, რაც სხვა რეგიონებთან შედარებით, ბევრად მაღალი წილია. LPG ასევე აქტიურად გამოიყენება გათბობისათვის. საწვავის ფასის მსგავსი მასშტაბური ზრდა კი ღარიბ რეგიონში, სადაც ინფრასტრუქტურა ცუდ მდგომარეობაშია და ტრანსპორტირების გამო საკვებზე ხარჯები ხშირ შემთხვევაში უფრო მდიდარ დედაქალაქთან შედარებითაც კი ძვირია, მასობრივი სახალხო პროტესტის გამოწვევისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ყაზახეთში სოციალური და ეკონომიკური პრობლემები დღის წესრიგში მაინც მწვავედ დგას. საწვავის ფასის ზრდა პროტესტის გამოხატვისთვის ბოლო გამოწვევა იყო, რადგან ისედაც არსებული პრობლემის გამო, ყაზახეთის მოსახლეობაში უკმაყოფილება დაგროვილი იყო. მაგალითად, 2016 წელს პროტესტი გაიმართა მთავრობის მიერ მიწის პრივატიზაციის რეფორმის გატარების გამო, რადგან გაჩნდა შიში, რომ მიწებს ჩინელები შეისყიდდნენ. ასევე მოქალაქეებს ვალების შემსუბუქების მოთხოვნა ჰქონდათ, რადგან ისინი, ვინც სესხი მყარ ვალუტაში აიღო, მთავრობის მიერ ტენგეს გაუფასურების (ღირებულების განახევრების შემდეგ) მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ასევე პრობლემური იყო ინფლაციაც. მართალია, მთავრობამ მიწის რეფორმა არ მიიღო, ვალების შემცირებაზე ბანკებთან მუშაობა დაიწყო, ხელფასები და სოციალური დახმარებები გაზარდა, თუმცა ეს ნაბიჯები ყაზახეთში სოციალური პროტესტის ჩასახშობად საკმარისი არ აღმოჩნდა. უკმაყოფილების მიზეზი ავტორიტარიზმი და დემოკრატიული ინსტიტუტების არარსებობაც იყო (ქვეყანას დიდი ხნის განმავლობაში ნურსულთან ნაზარბაევი მართავდა, თუმცა პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ ის უშიშროების საბჭოს მდივანი გახდა, ასევე ის 2010 წელს ოფიციალურად გამოცხადდა ერის ლიდერად, რაც მას პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგაც პოლიტიკის განსაზღვრის უფლებას და იმუნიტეტს ანიჭებდა; მისი ქალიშვილი სენატის სპიკერად დაინიშნა, ხოლო დედაქალაქს სახელი გადაერქვა და ნურსულთანი ეწოდა). 2020 წლის დემოკრატიის ინდექსის თანახმად, ყაზახეთი 167 ქვეყნიდან 128-ე ადგილზე იყო. ასევე რთული მდგომარეობა იყო კორუფციის მხრივ - 2020 წლის საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, ყაზახეთი 180 ქვეყნიდან 94-ე ადგილს იკავებდა.

პროტესტის ობიექტური საფუძვლების არსებობის პარალელურად, არ არსებობს მომიტინგეთა აშშ-ს სტრუქტურებთან კავშირის, აშშ-ის მიერ გამოსვლების დაორგანიზების ან კოორდინირების რაიმე მტკიცებულება და მსგავსი მტკიცებები მხოლოდ კრემლის ცრუ ნარატივის ნაწილია. ასევე მცდარია იანვარში საწვავის ფასის ზრდის გამო, ხოლო მთლიანობაში საზოგადოებრივი უკმაყოფილების გამო, გამოწვეული პროტესტის მონათვლა, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, დასავლეთის მიერ „ფერადი რევოლუციის“ მოწყობის მცდელობად. აგრეთვე დაუსაბუთებელია და შეთქმულების თეორიას წარმოადგენს მტკიცებები რევოლუციის მოწყობის მომზადების და ყაზახეთის მაღალჩინოსნების დასავლეთის მიერ მოსყიდვის შესახებ. რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებებთან პროტესტის დროში დამთხვევის ფაქტით მანიპულირება და მტკიცება, რომ გამოსვლები აშშ-ის „სპეცსამსახურების“ მიერ იყო ორგანიზებული, ასევე არასწორია, რადგან ყაზახეთის მთავრობამ LPG-ის ვაჭრობის მექანიზმის ცვლილების და სუბსიდირების პოლიტიკის შეცვლის რეფორმის გატარება ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო და ის 2022 წლის პირველი დღიდან ამოქმედდა, ხოლო გამოსვლებში ამერიკული „სპეცსამსახურების“ კვალის შესახებ არავითარი მტკიცებულება პროპაგანდისტულ წყაროებში მოყვანილი არაა. აშშ-ის, NATO-ს ან დასავლეთისადმი სახალხო გამოსვლების ორგანიზების ბრალდება ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევსაც არ გაუჟღერებია.

განხილულიდან გამომდინარე, „თვალსაზრისის“, მოძრაობა „ძლევაი საკვირველის“ და „ალტ-ინფოს“ მიერ გავრცელებული მტკიცებები, ფაქტობრივ საფუძველს მოკლებულ ინფორმაციაზე გამოტანილი დასკვნებით, მოვლენას (ამ შემთხვევაში ყაზახეთში განვითარებული პროტესტი, რომლის მიზეზის საწვავის ფასსა და სტატიაში განხილულ სხვა მიზეზებს უკავშირდება) ინდივიდებისა და ჯგუფების (მაგალითად, ამერიკის „სპეცსამსახურების“) - კოლექტიური დასავლეთის ან NATO-ს, საიდუმლო საქმიანობად წარმოაჩენს და შესაბამისად, შეთქმულების თეორიასა და ყალბ ამბავს წარმოადგენს.

წყაროების შესახებ

„მოძრაობა ძლევაი საკვირველი“ ყალბი ამბების გავრცელებაში ადრეც ყოფილა შემჩნეული. მოძრაობამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სახელით „ქართული ოცნებისადმი“ მიმართვა გამოაქვეყნა, თუმცა საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, წერილი კათოლიკოს-პატრიარქს არ ეკუთვნოდა და „მის შემდგენლებს“ „ტყუილის გამავრცელებელნი“ და „სიცრუის მსახურნი“ უწოდა.

„ალტ-ინფოს“ შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

„თვალსაზრისის“ შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

----------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.