Facebook-ზე გავრცელდა პოსტი, რომელიც Covid-19-თან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიას აერთიანებს. გამოქვეყნებულ პოსტში ავტორი რამდენიმე მტკიცებას აქვეყნებს, რომლითაც ცდილობს, საქართველოში Covid პანდემიის „ხელოვნური“ გავრცელების უკან ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების როლი გამოკვეთოს, როგორიც მსოფლიო ბანკია.

მტკიცება 1: საქართველოში Covid-პანდემია, მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორის, სებასტიან მოლინეუსის, საქართველოში რამდენიმე ვიზიტის შემდეგ დაიწყო

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

პოსტის მტკიცებით, საქართველოში მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორის, სებასტიან მოლინეუსის ვიზიტები პირდაპირ დაკავშირებულია ქვეყანაში განვითარებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან. კონკრეტულად, პოსტის თანახმად, სებასტიან მოლინეუსი საქართველოში პირველად 2020 წლის მარტში ჩამოვიდა და სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო Covid-პანდემიაც, რომელიც კიდევ უფრო გამწვავდა მოლინეუსის მეორე ვიზიტის დროს, 2021 წლის 7 ივნისს, ხოლო მის მესამე და შემდგომ ვიზიტებს ქვეყანაში ანალოგიურად პანდემიის სხვა ტალღებიც მოჰყვა. ამდენად, Facebook-მომხმარებელს საქართველოსა და მთელ რეგიონში Covid-პანდემიის ხელოვნურ გავრცელებაში მთავარ პასუხისმგებელ პირად მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორი გამოჰყავს.

როგორც ცნობილია, სებასტიან მოლინეუსს მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორის პოზიცია 2019 წლის 1-ლი ივლისიდან უკავია და მის მთავარ ფუნქციას მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე სპეციალიზებული სტრატეგიის ჩამოყალიბება წარმოადგენს. აღნიშნული რეგიონში სიღარიბის შემცირებასა და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფასა და, ისეთი საკითხების მართვას გულისხმობს, როგორებიცაა: კონსულტაციის გაწევა, თანამშრომლობა სხვადასხვა აქტორებთან, სესხის გაცემა, და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ოფისი თბილისში მდებარეობს და სებასტიან მოლინეუსი მუშაობას 2019 წლის 1-ლი ივლისიდან სწორედ ამ ოფისში შეუდგა. ამდენად, მტკიცება, რომ ის საქართველოში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრის მიზნით ყოველ ჯერზე თბილისში ჩამოდის, სიმართლეს არ შეესაბამება.

რაც შეეხება Facebook-მომხმარებლის მიერ პოსტში ნახსენებ სებასტიან მოლინეუსის შეხვედრებს უშუალოდ საქართველოს ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან, მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს და ჯანდაცვის სხვა სფეროს წარმომადგენლებს რამდენჯერმე შეხვდა. აქვე უნდა აღინიშნოს,, რომ პირველი შეხვედრა სებასტიან მოლინეუსსა და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შორის 2019 წლის 15 ოქტომბერს შედგა და არა 2020 წლის მარტში, როგორც ამას Facebook მომხმარებელი ამტკიცებს. შეხვედრის დროს მხარეებს შორის მთავარ სასაუბრო თემას საქართველოში ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის კუთხით გასატარებელი რეფორმები წარმოადგენდა. სებასტიან მოლინეუსსა და ეკატერინე ტიკარაძეს შორის შეხვედრები მომდევნო წლებშიც გაიმართა, რომელთა მთავარ განსახილველ საკითხს Covid-პანდემიასთან ბრძოლაში მსოფლიო ბანკის დახმარების კუთხით საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება წარმოადგენდა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3).

გარდა ამისა, სებასტიან მოლინეუსმა სხვადასხვა დროს ბევრჯერ გამართა შეხვედრები სახელმწიფო უწყებების სხვადასხვა წარმომადგენელთან (ბმული 1,ბმული 2, ბმული 3, ბმული 4). აღნიშნული შეხვედრების დროს მხარეებმა ისეთი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა: საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობა, მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტები და საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობა Covid-პანდემიის შედეგად დაზარალებული საქართველოს ეკონომიკის აღდგენის კუთხით.

მტკიცება 2: მსოფლიო ბანკი ინფორმაციას კორონავირუსის/Covid-19 შესახებ მის გავრცელებამდე ფლობდა და ასევე ფლობს ინფორმაციას Covid-პანდემიის დასრულების თარიღის შესახებ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

პოსტის თანახმად, მსოფლიო ბანკს კორონავირუსის/Covid-19-ის შესახებ ინფორმაცია მანამდე ჰქონდა, სანამ მისი გავრცელება დაიწყებოდა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია Covid-პანდემიას ოფიციალურად გამოაცხადებდა. ამ მტკიცების გასამყარებლად, Facebook-მომხმარებელს ის არგუმენტი მოჰყავს, რომ მსოფლიო ბანკმა კორონავირუსის წინააღმდეგ სტრატეგიის შემუშავება მოკლე დროში მოახერხა. მსოფლიო ბანკმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია 2020 წლის 2 აპრილს გამოაქვეყნა. პოსტის ავტორის თქმით, ორგანიზაციას აღნიშნული დოკუმენტის მოსამზადებლად დიდი დრო უნდა დასჭირვებოდა, რადგან ის საკმაოდ მოცულობითი და დეტალურია. Facebook-მომხმარებლის აზრით, ეს იმის მანიშნებელია, რომ მსოფლიო ბანკმა მასზე მუშაობა ჯერ კიდევ კორონავირუსის გავრცელებამდე დაიწყო. შესაბამისად, ორგანიზაცია პანდემიის შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდა. გარდა ამისა, პოსტში Facebook-მომხმარებელი ყურადღებას იმ ფაქტზე ამახვილებს, რომ დოკუმენტში გაწერილი სტრატეგია 2020 წლის 2 აპრილიდან - 2025 წლის 31 მარტამდე პერიოდს მოიცავს, რითაც ის ამტკიცებს, რომ მსოფლიო ბანკმა Covid-პანდემიის დასრულების თარიღი წინასწარ იცის, რაც ავტომატურად გულისხმობს, რომ პანდემია ორგანიზაციის მიერ არის მართული.

2020 წლის 2 აპრილს მსოფლიო ბანკმა დოკუმენტი, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ სტრატეგიული რეაგირებისა და მომზადების პროგრამას წარმოადგენს, მართლაც გამოაქვეყნა. აღნიშნული დოკუმენტი იმგვარი სტრატეგიის შემუშავებას ისახავს მიზნად, რომელიც ქვეყნებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ თავად დოკუმენტი ყურადღებას იმ ფაქტზე ამახვილებს, რომ კორონავირუსის არსებობის პირველი ნიშნები ჩინეთში, ვუჰანში, 2019 წლის დეკემბერში გამოჩნდა. მომდევნო თვეებში კი მისი გავრცელების მასშტაბი სწრაფად გაიზარდა, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2020 წლის 11 მარტს კორონავირუსის/Covid-19-ის გლობალური პანდემიის გამოცხადება მოჰყვა. კორონავირუსის გლობალურ გამოწვევად გადაქცევამ მსოფლიო ბანკს აღნიშნულზე სწრაფი და დროული რეაგირებისაკენ უბიძგა, რითაც მცირე დროში დოკუმენტის შემუშავება აიხსნება.

რაც შეეხება მტკიცებას დოკუმენტში გაწერილი სტრატეგიის განხორციელების ბოლო თარიღთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის მიერ მოცემულ დოკუმენტში გაწერილი სტრატეგია მხოლოდ პირველ ფაზას წარმოადგენს და რეალურად პროგრამა მრავალფაზიან მიდგომას ეფუძნება. შესაბამისად, 2025 წლის 31 მარტი მხოლოდ პირველი ფაზის დასრულების თარიღს წარმოადგენს. აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა, მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიებს (ბმული 1, ბმული 2 , ბმული 3).

ამდენად, Facebook-ზე გავრცელებული ინფორმაცია შეთქმულების თეორიას წარმოადგენს, რომელიც ცდილობს, რომ მსოფლიო ბანკი კორონავირუსის განზრახ გავრცელებასა და მის ხელოვნურად მართვაში უსაფუძვლოდ დაადანაშაულოს.

-------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.