2021 წლის 23 თებერვალს, Facebook-მომხმარებელმა - შორე შანიძე - მანიპულაციური პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის თანახმად, სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომელი, ზურაბ კოშაძე, რომელიც სამჯერ იყო აცრილი, 22 იანვარს გულით გარდაიცვალა.

„ფაქტ-მეტრი“ ზურაბ კოშაძის გარდაცვალებასა და ვაქცინაციას შორის კავშირის დასაზუსტებლად დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს (NCDC) დაუკავშირდა. NCDC-ის თანახმად, კოშაძის სიკვდილის პირველადი მიზეზი არც ვაქცინას და არც კორონავირუსს არ უკავშირდება.

გლობალურად ვაქცინაციის მონიტორინგის პროცესმა აჩვენა, რომ კოვიდვაქცინები ძალზე უსაფრთხოა. ნებისმიერ ფარმაცევტულ პროდუქტს, მათ შორის ვაქცინას, გვერდითი რეაქციები ახასიათებს. COVID-19-ის ვაქცინით აცრის შემდეგ, შესაძლოა, მსუბუქი ეფექტები გამოვლინდეს, როგორიცაა: სისუსტე, ინექციის ადგილის ტკივილი, შეშუპება ან სიწითლე, ტემპერატურის მატება. ყველაზე ძლიერი გვერდითი ეფექტი, რაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს, ანაფილაქსიური ალერგიული რეაქციების განვითარებაა. თუმცა მსოფლიოში გამოყენებული სხვადასხვა ვაქცინის შესწავლის საფუძველზე დადგენილია, რომ ვაქცინის კომპონენტებზე სისტემური ალერგიული რეაქციები ძალიან იშვიათია. ასევე, დაფიქსირებულია თრომბოემბოლიის შემთხვევები, რომლებიც Johnson & Johnson -სა და AstraZeneca/ Vaxzevria-ს ვაქცინებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, როგორც Johnson & Johnson, ისე AstraZeneca-ს ვაქცინით თრომბის განვითარების რისკი მინიმალურია - AstraZeneca-ს შემთხვევაში - 0.0004%, ხოლო Johnson & Johnson-ის - მილიონში ერთზე ნაკლები.

-----------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.