სოციალურ ქსელში Facebook-გვერდ „ეროვნული ამბები - National News”-ის მიერ გავრცელებული ცნობით, გუბაზ სანიკიძემ, რუსული აგრესიის ფონზე, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნით, კიევური ტორტი იყიდა და განაცხადა: „ასე ცდილობს რუსეთი უკრაინას ტერიტორიები ჩამოაჭრას. დღეს კიევური ტორტი ვიყიდე, როგორც შემიძლია ისე ვეხმარები ჩემს უკრაინელებს“.
იხ. Facebook-პოსტი
„ეროვნული ამბები - National News“-ის პოსტში ინფორმაციის წყარო მითითებული არაა, ხოლო მსგავსი ტიპის ცნობა ღია წყაროებში არ იძებნება. ამდენად, გუბაზ სანიკიძის ეს ციტატა გამოგონილია და პოლიტიკოსის დისკრედიტაციისკენაა მიმართული.
Disinfoobserver.ge-ის მიხედვით, რომელიც სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მიერ შექმნილი ინტერაქტიული პლატფორმაა და სადაც ISFED-ის სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგად გამოაშკარავებული Facebook-გვერდებია თავმოყრილი, „ეროვნული ამბები - National News“-ი ცრუ მედია გვერდია. საკუთარი სახელწოდების, ვიზუალური მხარისა და მოქმედების მიხედვით Facebook-ის მომხმარებელს უქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს რეალურ საინფორმაციო სააგენტოს წარმოადგენს, სინამდვილეში კი, მისი მიზანი სოციალურ მედიაში ალტერნატიული ინფორმაციული წყაროს შექმნა, „ქართული ოცნების“, საპენსიო პოლიტიკის, „ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერა და ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციაა.
აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში გუბაზ სანიკიძის შესახებ ყალბი ამბები ხშირად ვრცელდება. იხილეთ ფაქტ მეტრის სტატიები (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5).
------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.