15 თებერვალს სოციალურ ქსელში Facebook-გვერდის „ყველაფერი სამხედრო შეიარაღებაზე/Military World“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მიხედვით, არაფერი მიუთითებს რუსეთის ფედერაციის აგრესიულ ზრახვებზე უკრაინის მიმართ.

იხ. Facebook-პოსტი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა, თითქმის ორი კვირის წინ, 2 თებერვალს განაცხადა, რომ თებერვლის პირველ დღეებში უკრაინის წინააღმდეგ მოქმედებების დაწყების შესახებ რუსეთის მზადყოფნაზე ჯერჯერობით არაფერი მიუთითებდა. მაგრამ, 2 თებერვლიდან დღემდე, 15 თებერვლამდე სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა. კერძოდ, 11 თებერვალს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები შესაძლოა ჩინეთში მიმდინარე ოლიმპიადის დასრულებამდე დაიწყოს. ხოლო 14 თებერვალს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის საზღვრის სიახლოვეს თავმოყრილმა რუსულმა შენაერთმა ბანაკებიდან თავდასხმის პოზიციებზე დაიწყეს გადასვლა.

უკრაინის საზღვრებთან შექმნილი მდგომარეობა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 14 თებერვალს ერთ-ერთ ფრანგულ ტელეარხზე საუბრისას კიდევ ერთხელ შეაფასა და განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური შეტევისათვის საჭირო ელემენტები ადგილზეა და მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარება შესაძლებელია, თანაც სწრაფად. ლე დრიანმა დასძინა, რომ აღნიშნულ შეფასებას საფრანგეთთან ერთად ქვეყნის მოკავშირეებიც იზიარებენ, თუმცა ისიც დაამატა, რომ არაფერი მიანიშნებდა იმაზე, მიიღო, თუ - არა პუტინმა უკრაინაზე შეტევის საბოლოო გადაწყვეტილება. მინისტრის მიხედვით, რუსეთი მოლაპარაკებების შესაძლებლობას ჯერ კიდევ ტოვებდა.

ამდენად, Facebook-გვერდის „ყველაფერი სამხედრო შეიარაღებაზე/Military World“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ლე დრიანის თქმით, რუსეთის ფედერაციის აგრესიულ ზრახვებზე არაფერი მიუთითებს, მანიპულაციურია. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 14 თებერვალს გარკვევით თქვა, რომ რუსეთი უკრაინაში შესაჭრელად, სამხედრო თვალსაზრისით, მზადაა და ყველაფერი პუტინის საბოლოო გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

----------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.