სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებული დეზინფორმაციის მიხედვით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი NATO-ს დატოვებას აპირებს. აღნიშნულ ცნობას პოსტში NATO-ს საწინააღმდეგო მოსაზრება მოსდევს, რომლის მიხედვითაც, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ „უძლური და უსარგებლოა“, რის გამოც, NATO-ს დატოვებას კიდევ ბევრი წევრი სახელმწიფო გადაწყვეტს.
იხ. Facebook-პოსტი
Facebook-პოსტის ავტორი, მალხაზ ხაბაზი, Facebook-ის საკუთარ კედელზე საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალური საკითხების შესახებ სხვადასხვა ტიპის, მათ შორის, დეზინფორმაციის შემცველ და პრორუსული შინაარსის მასალას ხშირად აქვეყნებს. საკითხის გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ მისი მტკიცების საწინააღმდეგოდ, ღია წყაროებში, ინფორმაცია ვიქტორ ორბანის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ, რომელშიც ის ამბობს, რომ უნგრეთი NATO-დან გასვლას აპირებს, არ იძებნება. თუმცა, რამდენიმე წლის წინ, კერძოდ, 2019 წლის თებერვალში, ორბანმა NATO-სთან დაკავშირებით კრიტიკული შინაარსის განცხადება მართლაც გააკეთა - მაშინ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ერთ-ერთ ადგილობრივ გაზეთთან ინტერვიუში თქვა, რომ მას, მართალია, NATO მნიშვნელოვან ალიანსად მიაჩნდა, თუმცა ასევე ფიქრობდა, რომ უნგრეთის სამხედრო უსაფრთხოება NATO-ს არ უნდა ეფუძნებოდეს. ამავე ინტერვიუში ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთს უცხო ძალის თავდასხმის პრევენცია დამოუკიდებლად უნდა შეეძლოს. თუმცა, ჩვენს მიერ განხილულ Facebook-პოსტში წარმოდგენილი მტკიცება, რომ ორბანის თქმით, უნგრეთი NATO-ს დატოვებას აპირებს, სიმართლეს არ შეესაბამება.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის კრიზისის ფონზე, რაც კრემლის მიერ როგორც საკუთრივ უკრაინის ტერიტორიაზე, ის უკრაინის მოსაზღვრე ბელარუსსა და რუსეთში დიდი რაოდენობით სამხედრო ძალების მობილიზებამ წარმოქმნა, უნგრეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს ეწვია. ორბანმა რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებები გამართა. ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში კი, NATO-ს კონტექსტში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მსოფლიომ იცის, თუ რა არის რუსეთის საჭიროებები, და ისიც ცხადია, რომ [დასავლეთის] პასუხი ამ საჭიროებებს არ შეესაბამება“. ორბანმა გამოსავლად „უნგრეთის მოდელი“ დაასახელა, კერძოდ, მან აღნიშნა, რომ უნგრეთს, რომელიც NATO-სა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა, რუსეთთან საუკეთესო ურთიერთობები აქვს.
უკრაინის კრიზისის გამო აშშ-მა NATO-ს წევრ ევროპულ სახელმწიფოებში, პოლონეთსა და რუმინეთში, დამატებითი სამხედრო ძალები გაგზავნა. NATO-ს ძალები განლაგებულნი არიან ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში, ისევე როგორც პოლონეთში. თუმცა, უნგრეთმა ქვეყანაში NATO-ს დამატებითი ძალების განლაგებაზე უარი განაცხადა. რუსეთის მიერ 2014 წელს უკრაინის ტერიტორიის, ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ უნგრეთი ორბანის მმართველობის პირობებში მუდმივად ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გამოყენებას, თუმცა ბუდაპეშტმა, საბოლოო ჯამში, სანქციების გახანგრძლივებას მხარი მაინც ყოველ ჯერზე დაუჭირა.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე