სოციალურ ქსელში Facebook-გვერდმა „ანტილიბერალური გვერდი“ მეთიუ ბრაიზას ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც დატანილია შემდეგი ციტატა - „სულ რომ დაიშალოს ნატო თქვენ მაინც უნდა ემზადოთ გაწევრიანებისთვის, რწმენა არ უნდა დაკარგოთ!“. პოსტი მკითხველს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ კონკრეტული ციტატა მეთიუ ბრაიზას ეკუთვნის.
რეალურად, „ანტილიბერალური გვერდის“ მიერ გამოქვეყნებული ციტატა მეთიუ ბრაიზას არ ეკუთვნის და გამოგონილია. პოსტის მიზანი საზოგადოებაში ანტიდასავლური და NATO-ს საწინააღმდეგო განწყობების გაღვივებაა.
აღნიშნული Facebook-გვერდმა რუსეთ-უკრაინას შორის არსებული ბოლოდროინდელი დაძაბულობის ფონზე გამოაქვეყნა, რომლის მიზანიც, იმ ნარატივის განმტკიცებაა, რომ საქართველო და უკრაინა NATO-ს წევრები არასდროს გახდებიან.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა, ვლადიმერ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" აღიარების ფაქტს მალევე გამოეხმაურა და შექმნილი სიტუაცია 2008 წლის მოვლენებს შეადარა და საქართველოსთან გაავლო პარალელი.
„ძვირფასო საქართველო, ახლა არის შენი შანსი შეახსენო მსოფლიოს, რომ პუტინმა ზუსტად ისე დაარღვია საერთაშორისო სამართალი უკრაინაში, როგორც 2008 წელს საქართველოში შემოჭრის დროს და სამხრეთ ოსეთისა და აფაზეთის დამოუკიდებლობები აღიარა“,-წერს მეთიუ ბრაიზა.
-------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.