უკრაინა-რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. მარიუპოლი რუსული თავდასხმების ერთ-ერთ სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენს და კვირების განმავლობაში ალყაშია მოქცეული, რამაც ქალაქი ჰუმანიტარულ კატასტროფამდე მიიყვანა. მარიუპოლის მერის განცხადებით, რუსეთის შეჭრის შემდეგ ომს ქალაქში დაახლოებით 21 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

შექმნილი კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხო კორიდორებით გამოყვანის თაობაზე არაერთი შეთანხმება შედგა, თუმცა ბევრი მათგანი ვერ განხორციელდა, რადგან რუსი სამხედროები ევაკუაციისას თავდასხმებს განაგრძობდნენ. ამასთან, უსაფრთხო კორიდორების ხელშეშლის პარალელურად, უკრაინის განცხადებით, რუსეთს მოქალაქეები მარიუპოლიდან რუსეთის ტერიტორიაზე ძალით გადაჰყავს.

მარტის დასაწყისიდან მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ქალაქიდან ევაკუაციის მრავალი მცდელობა განხორციელდა. ერთ-ერთი პირველი შეთანხმება უკრაინულ და რუსულ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტისა და ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის თაობაზე 4 მარტს შედგა. 5 მარტს, შეთანხმების მიხედვით, მარიუპოლიდან და ვოლნოვახადან ზაპორიჟიეს მიმართულებით ჰუმანიტარული დერეფნები უნდა გახსნილიყო. თუმცა, ევაკუაციის პროცესის გამოცხადებიდან 3 საათში, ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა მისი გადადების შესახებ განაცხადეს, აღნიშნეს რა, რომ რუსული მხარის მხრიდან დაბომბვა გრძელდებოდა. შედეგად, ევაკუაციის პროცესი ჩაიშალა. 12 მარტისთვის ქალაქის ევაკუაციის უკვე 7 მცდელობა ვერ განხორციელდა, რადგან ევაკუაციის პროცესის პარალელურად ცეცხლის შეწყვეტა არ მომხდარა.

მომდევნო დღეებში, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე პირველი წარმატებული პროცესი განხორციელდა, რის შედეგადაც, 14 მარტს მარიუპოლის დატოვება 160 მანქანის კოლონამ და დაახლოებით 300-მა ადამიანმა მოახერხა, ხოლო 15 მარტს - 2000-მა მსუბუქმა ავტომობილმა.

აღნიშნული ევაკუაციის მცდელობების პარალელურად, საკმაოდ აქტიურ განცხადებებს აკეთებდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC), რომელიც მარიუპოლში არსებულ კატასტროფულ მდგომარეობაზე საუბრობდა და ამბობდა, რომ იქ „ადამიანთა ტანჯვის დამანგრეველი სცენები“ მიმდინარეობს და „ქალაქში დარჩენილებისთვის დრო იწურება“.

აღსანიშნავია, რომ მარტის დასაწყისში საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, მარიუპოლზე ალყის მოხსნისკენ მოუწოდებდა. სატელეფონო საუბარში მათთან ერთად, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლციც მონაწილეობდა. როგორც შემდგომში რუსული მედიისგან გახდა ცნობილი, პრეზიდენტი პუტინი ევროპელ ლიდერებს, ტრადიციულ რუსულ ნარატივს ახვევდა თავს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის პროცესს უკრაინა აფერხებდა, მათ თავდასხმებით აშინებდა და ცოცხალ ფარად იყენებდა, რომ კიევი სამოქალაქო ინფრასტრუქტურას სამხედრო მიზნებისთვის იყენებდა და ა.შ. მოგვიანებით, მარიუპოლში ჰუმანიტარული მისიის ჩატარებისა და ქალაქში ჩარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის სურვილი საფრანგეთმა, თურქეთთან და საბერძნეთთან ერთად გამოთქვა. პრეზიდენტმა მაკრონმა ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებაც გამართა. თუმცა პრეზიდენტებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადების მიხედვით, „უახლოეს დღეებში რუსული არმიის მიერ ალყაში მოქცეული ქალაქ მარიუპოლის მაცხოვრებლების დასახმარებლად ჰუმანიტარული ოპერაციისთვის ჩასატარებლად აუცილებელი პირობები ამ ეტაპზე“ არ არსებობდა. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტთან საუბარში ვლადიმირ პუტინმა მოითხოვა, რომ „უკრაინელმა ნაციონალისტმა ბოევიკებმა უნდა შეწყვიტონ წინააღმდეგობა და დაყარონ იარაღი, რათა მოგვარდეს მძიმე ჰუმანიტარული ვითარება ამ ქალაქში“.

ხაზგასმით არის აღსანიშნავი ისიც, რომ ამ მოლაპარაკებამდეც, რუსული მხარე მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფნების გახსნასა და ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მხოლოდ ულტიმატუმებით საუბრობდა. კერძოდ, 20 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის ხელისუფლებას მარიუპოლის კაპიტულაცია მოსთხოვა, რის შემდეგაც თითქოსდა რუსული მხარე ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის პირობას დებდა. უკრაინამ აღნიშნულ ულტიმატუმზე და მარიუპოლის დანებებაზე უარი განაცხადა და რუსეთს კვლავ მოსთხოვა ჰუმანიტარული კორიდორის გახსნა. ულტიმატუმის ენით საუბარი აშკარას ხდის, რომ სწორედ რუსეთი იყენებს შანტაჟის იარაღად მარიუპოლში მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებს და მათთვის უსაფრთხო კორიდორების შექმნას განზრახ უშლის ხელს.

ამ ულტიმატუმიდან მალევე, გაერომ 24 მარტს მიიღო რეზოლუცია „უკრაინის წინააღმდეგ მიმართული ჰუმანიტარული შედეგები“, რომელშიც ფაქტობრივად პირდაპირ რუსეთის ფედერაცია არის დადანაშაულებული მარიუპოლში შექმნილ კატასტროფულ სიტუაციაში. რეზოლუციას, რომელსაც 140-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა აღნიშნულია: „ვგმობთ, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს, მათ შორის- უკრაინის მჭიდროდ დასახლებული ქალაქების, კერძოდ მარიუპოლის, ალყაში მოქცევას, დაბომბვასა და საჰაერო თავდასხმებს“.

მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მცდელობები განახლდა აპრილის თვეშიც. პირველ აპრილს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა (ICRC) განაცხადა, რომ უკრაინელი და რუსი ოფიციალური პირების მიერ „უმაღლეს დონეზე“ დამტკიცდა მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა. თუმცა, მოგვიანებით, ICRC-ის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის გუნდმა მარიუპოლამდე მიღწევა ვერ მოახერხა და არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, იძულებული გახდა ზაპოროჟიეში დაბრუნებულიყო. საბოლოოდ, უკრაინის ვიცეპრემიერის ირინა ვერეშჩიუკის ცნობით, შაბათს, 2 აპრილს ჰუმანიტარული კორიდორებით (მარიუპოლიდან და ბერდიანსკიდან) 4 217-ის, ხოლო 3 აპრილს (მარიუპოლიდან და ლუგანსკის რეგიონიდან) 2964 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა. აღსანიშნავია, რომ ევაკუაციის მცდელობების პარალელურად, წითელი ჯვრის წარმომადგენლები, რომლებიც მარიუპოლში ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანას ცდილობდნენ, რუსული ძალების მიერ კონტროლირებულ ქ. მანუშში ადგილობრივი პოლიციის შენობაში დაატყვევეს და მოგვიანებით გაათავისუფლეს. ამდენად, ნათელია, რომ რუსი სამხედრო დანაყოფები არა მხოლოდ ქალაქიდან ევაკუაციას უშლიან ხელს, არამედ ქალაქში ჰუმანიტარული დახმარების შეტანასაც აბრკოლებენ.

2 აპრილს, თურქეთი რუსეთის ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მოსახლეობის ზღვით ევაკუაციის ინიციატივით გამოვიდა. თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აკარიმ განაცხადა, რომ „მარიუპოლიდან ევაკუაციისთვის ჩვენ შეგვიძლია უკრაინას გემებით გავუწიოთ დახმარება, განსაკუთრებით მშვიდობიანი მოქალაქეების, დაშავებულების, თურქეთისა და სხვა ქვეყნის მოსახლეობის გამოსაყვანად“. 7 აპრილს კი, აკარმა რუსეთის თავდაცვის მინისტრთან, სერგეი შოიგუსთან გამართულ სატელეფონო საუბარში მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გადაუდებელი ევაკუაციის აუცილებლობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. ამავე დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი მარიუპოლში ჰუმანიტარულ დახმარების წვდომას შეგნებულად ბლოკავს, რათა ქალაქში ჩადენილი დანაშაულები დაიმალოს.

უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაციის პარალელურად, მარტის ბოლოსთვის გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადგილობრივები რუსეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვრისკენ ძალდატანებით გადაიყვანეს. 20 მარტის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბოლო სამი დღის განმავლობაში მარიუპოლიდან რუსეთში დაახლოებით 60 000 მცხოვრებლის ევაკუაცია მოხდა, ხოლო ამ პირებს ჰქონდათ უფლება აერჩიათ რომელი კორიდორით ესარგებლათ ან ქალაქში დარჩენილიყვნენ, თუ - არა. კონკრეტული შემთხვევა ყურადსაღებია, რადგან თუ მარიუპოლის მცხოვრებლები რუსეთში ძალის გამოყენებით არიან გადაყვანილები, ეს შეიძლება ომის დანაშაულს წარმოადგენდეს. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით, პირის გადაყვანა შეიძლება ჩაითვალოს იძულებითად, როდესაც ადამიანი თავად გამოთქვამს ამის სურვილს, რადგან მას დარჩენის შემთხვევაში ეშინია ისეთი შედეგების, როგორებიცაა ძალადობა, იძულება, დაპატიმრება. შესაბამისად, ოკუპანტი ძალა სარგებლობს შექმნილი მდგომარეობით და მას იყენებს პირის გადაყვანის განხორციელებისთვის. საგულისხმოა ასევე, რომ რუსული ძალები ხშირ შემთხვევაში არა მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის ქალაქიდან ევაკუაციის გეგმებს ან ქალაქამდე ჰუმანიტარული ტვირთვის მიტანას აფერხებენ, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეები მათ იძულების წესით რუსეთის ტერიტორიაზე გადაჰყავთ.

-------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.