ფილიპინების ხელისუფლებამ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაცია Rappler-ს საქმიანობის უფლება შეუჩერა
„ფაქტ-მეტრი“, ფაქტების გადამმოწმებელ საერთაშორისო ქსელის (International Fact-Checking Network) წევრებთან ერთად, გმობს ფილიპინური დამოუკიდებელი მედიის, Rappler-ის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაციას საქმიანობის უფლება შეუჩერდა. ფილიპინებში Rappler-ის საქმიანობაზე ხელისუფლების მხრიდან თავდასხმით შექმნილი პრეცედენტი ფაქტების გადამმოწმებლებისა და ჟურნალისტებისათვის, რომლებიც საზოგადოებისთვის სანდო ინფორმაციის მიწოდებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, რეპრესიული რეჟიმების პირობებში, ყოველდღიურად მუშაობენ, საგანგაშოა. „ფაქტ-მეტრის“ გუნდი Rappler-ს სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს.
ფილიპინების ხელისუფლებამ, დიქტატორ როდრიგო დუტერტეს საპრეზიდენტო ვადის ბოლო დღეებში, მედიის თავისუფლების უხეში დარღვევით, ფილიპინების ერთ-ერთი უდიდესი და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიის, Rappler-ის ლიცენზიის შეჩერების ბრძანება გასცა.
Rappler-ი მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ხელისუფლების ბრალდებას უარყოფს და იმედოვნებს, რომ საქმიანობას კვლავ გააგრძელებს.
Rappler-ისთვის ლიცენზიის შეჩერების მიზეზად ფილიპინების შესაბამისმა მარეგულირებელმა სააგენტომ ორგანიზაციის დაფინანსების მოდელის არაკონსტიტუციურობა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის შეზღუდვას ხელისუფლება ამ საბაბით წლების განმავლობაში ცდილობდა.
Rappler-ი 2012 წელს დაარსდა და მისი საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებად საგამოძიებო ჟურნალისტიკა იქცა. Rappler-ი ხელისუფლების წარმომადგენლების კორუფციულ გარიგებებში მხილების, დუტერტეს ადმინისტრაციის მიერ ტროლ-ბოტების გამოყენებისა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ომის („drug war“) შესახებ ფაქტების გასაჯაროების გამო, მთავრობის მხრიდან მიზანმიმართული თავდასხმების სამიზნე გახდა.
ორგანიზაციის თანადამფუძნებელი და აღმსრულებელი დირექტორი მარია რესა, რომელსაც 2021 წელს „სიტყვის თავისუფლების დაცვისთვის გაწეული ძალისხმევისთვის“ მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადაეცა, პრეზიდენტი დუტერტეს ხელისუფლების პირობებში, სამართლებრივი დევნის სამიზნე არაერთხელ გახდა.
ფილიპინების ხელისუფლების მიერ Rappler-ისთვის საქმიანობის უფლების შეჩერების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა.
Human Rights Watch-მა მომხდართან დაკავშირებით განაცხადა: „პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე ამტკიცებდა, რომ Rappler-ს უცხოელი მესაკუთრე ჰყავს, რაც ფილიპინების მედიის მფლობელობის შესახებ არსებულ კანონს ეწინააღმდეგება. Rappler-ის დახურვა დუტერტეს
„ნარკოტიკების წინააღმდეგ ომისა“ და ადამიანის უფლებების დარღვევების გაშუქების გამო ხელისუფლების შურისძიებად აღიქმება. მედიის თავისუფლება საერთაშორისო სამართლითაა დაცული და დემოკრატიის ქვაკუთხედს წარმოადგენს. ფილიპინების მთავრობამ გადაწყვეტილება უნდა შეცვალოს და Rappler-ის წინააღმდეგ საქმისწარმოება შეწყვიტოს“.
Rappler-ზე ხელისუფლების თავდასხმას ჟურნალისტების საერთაშორისო ცენტრიც (International Center for Journalists) გამოეხმაურა: „ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ ფილიპინების მთავრობას, გააუქმოს გადაწყვეტილება Rappler-ის დახურვის შესახებ, რომელიც პიონერ ციფრულ საინფორმაციო საშუალებასა და მედიის თავისუფლების შეზღუდვის ფონზე, ერთ-ერთ ბოლო დამოუკიდებელ მედიას წარმოადგენს“.
აღსანიშნავია, რომ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (RSF) პრესის თავისუფლების ინდექსით, ფილიპინები 180 ქვეყნიდან 147-ე ადგილზეა. ეს კი მაშინ, როდესაც ყალბ ამბებთან მიმართებით, ფილიპინების მოსახლეობა განსაკუთრებით მოწყვლადია - ფილიპინელების 99% ინფორმაციას ონლაინ იღებს, ხოლო ფაქტებისა და ყალბი ინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევა მხოლოდ მცირე ნაწილს შეუძლია.