2022 წლის 19 ივლისს, Facebook-გვერდმა „ბოლო ჟამის ქრისტიანებმა“ კლაუს შვაბის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დირექტორის ფოტო გამოაქვეყნა, მასზე დატანილი შემდეგი ციტატით- „მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის განსხვავება ისაა, რომ ის არ ცვლის იმას, რასაც აკეთებ, არამედ ის შენ გცვლის. თუ გენური რედაქტირების მაგალითს ავიღებთ, ეს შენ ხარ, რომელსაც ცვლიან. და, რა თქმა უნდა, ეს შენს იდენტობაზე დიდ გავლენას ახენს“. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ პოსტში ვაქცინა ნახსენები საერთოდ არ არის, კომენტარებში სხვადასხვა მომხმარებელი ამ ციტატას სწორედ აცრასთან აკავშირებს. რეალურად, „ბოლო ჟამის ქრისტიანების“ პოსტი მანიპულაციურად ცდილობს კლაუს შვაბის სიტყვები მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციაზე ვაქცინაციის პროცესთან დააკავშიროს და დაამტკიცოს, რომ კოვიდვაქცინებს ადამიანის დნმ-ის ცვლილება შეუძლიათ.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ბოლო ჟამის ქრისტიანები“ საკუთარ გვერდზე ანტივაქსერული და კონსპირაციული შინაარსის პოსტს აქვეყნებს (შეგიძლიათ იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები ბმულზე 1, 2, 3).
კლაუს შვაბის სიტყვები მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის შესახებ 2015 წლის ინტერვიუდან ამონარიდს წარმოადგენს და მას არავითარი კავშირი არ აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან.
ყალბი მტკიცება, რომ კოვიდვაქცინები ადამიანის დნმ-ს ცვლის, პანდემიის დასაწყისიდან აქტიურად ვრცელდებოდა. რეალურად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს ადამიანის დნმ-ზე გავლება საერთოდ არ აქვთ და შესაბამისად, მასში ცვლილებების შეტანაც არ შეუძლიათ. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს და, ზოგადად, არც ერთი ტიპის ვაქცინას ადამიანის გენეტიკური კოდის შეცვლა არ შეუძლია. ვაქცინა უჯრედის ბირთვში ვერ აღწევს და შესაბამისად, მასში ცვლილებებსაც ვერ შეიტანს. გენეტიკური მოდიფიკაციისას უცხო დნმ-ის შეყვანა სწორედ უჯრედის ბირთვში ხდება. ვაქცინები კი ამ პრინციპით არ მოქმედებს.
-------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.